Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოში არსებული ვითარების მოსმენა გაიმართა


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველო 1994 წელს შეუერთდა “ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს”, რომელიც 1966 წლის 16 დეკემბერს იქნა მიღებული.

მიმდინარე წლის 18 და 19 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ პაქტით აღებულ ვალდებულებებს. მოსმენაზე ოფიციალური მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის დარგში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან ბერიძემ წაიკითხა, თუმცა კომიტეტის წევრებს წინასწარ დაურიგდათ ალტერნატიული მოხსენებაც, რომლის ავტორები უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები - “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, “თავისუფლების ინსტიტუტი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იყვნენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის - “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” - წევრი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, სახელმწიფო და ალტერნატიული მოხსენებები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “სახელმწიფო მოხსენებაში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო იმ თეორიულ ნაწილზე, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს, ანუ, რა ჩაიწერა ახალი კანონმდებლობაში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამ მხრივ, სიახლე, მართლაც, ძალიან ბევრია, დაწყებული ახალი სისხლის სამართლის კოდექსით, დამთავრებული პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემით და კიდევ მრავალი სხვა ცვლილებით.”

ალტერნატიული მოხსენების ავტორებს კანონმდებლობის მიმართაც არაერთი შენიშვნა ჰქონდათ, თუმცა მთავარი აცქენტი ამ კანონების ცხოვრებაში დანერგვასა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზე იყო გაკეთებული: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “მაგრამ ჩვენს ალტერნატიულ მოხსენებაში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო პრაქტიკაზე - როგორ მუშაობს ეს ახალი კანონები პრაქტიკაში. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ეს კანონები ძალიან ცუდად მუშაობს. იშვიათად ხდება, როცა ადამიანი ძალიან მოინდომებს და, დიდი ძალისხმევის ფასად, ბოლომდე გაიტანს, შეიძლება რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ შემთხვევები, როცა თეორიულად უმეტეს შემთხვევაში კარგი კანონმდებლობა პრაქტიკაშიც რომ დამკვიდრდეს, ამის მაგალითები ძალიან ცოტა გვაქვს. ჩვენი აქცენტი გადატანილი იყო წამების, შეურაცხყოფის, ღირსების შელახვის კონკრეტულ ფაქტებზე, ძირითადად, პოლიციისა თუ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ასევე, სერიოზული ყურაღდება გავამახვილეთ რელიგიურ ტერორზე.” [სტილი დაცულია]

რამდენადაც ალტერნატიული მოხსენება ფაქტებით უხვად იყო გაჯერებული, სახელმწიფოს წარმომადგენლები - რუსუდან ბერიძე, მისი თანაშემწე ალექსანდრე ნალბანდოვი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი მათ უარყოფას ვერ ახერხებდნენ: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “კონკრეტულ ფაქტებს ისინი ვერ უარყოფდნენ, უბრალოდ, ისინი არ ეთანხმებოდნენ იმ მასშტაბებს, რასაც ჩვენ წარვადგენდით. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის ცალკეული შემთხვევები და ეს ნამდვილად ხდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ კანონმდებლობაში პროგრესი გვაქვს”.

კომიტეტის წევრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საკონსტიტუციო შესწორების ტექსტმა, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების სტატუსს განსაზღვრავს. თუკი ამ შესწორებამდე საერთაშორისო ხელშეკრულებებს კანონთა რანგში კონსტიტუციის შემდეგ მეორე ადგილი ეკავათ, შესწორების შემდეგ საკონსტიტუციო შეთანხმება მათზე მაღლა დგება: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “ამ ფაქტმა მათი მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან, მათი აზრით, ეს, ფაქტობრივად, საერთაშორისო ნორმების დევალვაციას გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს ასე არ იქნება, რადგან ეს შეთანხმებაც, თავის მხრივ ამ საერთაშორისო ნორმებს ეყრდნობა”.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნა და რეკომენდაციები ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.
XS
SM
MD
LG