Accessibility links

ახალი ამბები

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის შედეგად ლიდერობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იუშჩენკოს პარტია ”ჩვენი უკრაინა”, რომელსაც ხმების 25 პროცენტი ერგო. მას ხმების 20,5 პროცენტით მოჰყვება კომუნისტური პარტია, ხოლო მესამე ადგილზეა პრეზიდენტის მხარდამჭერი ბლოკი, ”ერთიანი უკრაინისათვის” – მან ხმების დაახლოებით 10 პროცენტი მოიპოვა. არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათი დილისთვის არის მოსალოდნელი. ცნობებში ხშირად არის მოხსენიებული დარღვევები კენჭისყრისას, რომელსაც თითქმის 1000 უცხოელი მეთვალყურე ესწრებოდა. დღესვე უფრო ადრე ხარკოვის რაიონიდან გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეთვალყურეებმა უხეში დარღვევები დააფიქსირეს. მაგრამ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მიხაილო რიბეტსმა აღნიშნა, რომ კენჭისყრამ, როგორც ჩანს, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. უკრაინის პარლამენტის 450 მანდატისათვის ერთმანეთს ეცილებოდა 7 ათასზე მეტი კანდიდატი. კენჭისყრას წინ უსწრებდა პარასკევს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატ მიკოლა შკრიბლიაკის მკვლელობა. მას კენჭი უნდა ეყარა ივანო-ფრანკოვსკის რაიონში. დღეს დილას იქ 100-ზე მეტი საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 13 გაიხსნა. არჩევნების ადგილობრივ ორგანიზატორთა ვარაუდით, საჭირო გახდება რაიონში კენჭისყრის ხელმეორედ ჩატარება.

ყველა ახალი ამბავი

ოთარ კახიძე: ახლა არა აქციების, არამედ მათაწმინდის მეორე ტურზე კონცენტრირების დროა

საპროტესტო აქციაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ოპოზიციური ძალები მთაწმინდაზე სახელისუფლებო კანდიდატის დასამარცხებლად უნდა გაერთიანდნენ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსების შესახებ.

მისი თქმით, კონსტიტუციით დაცულია გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვს ყველა ადამიანსა და პოლიტიკურ გაერთიანებას. ამასთან, სამართლიანია პროტესტი, რომელიც უკავშირდება არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ არაერთ დარღვევას. თუმცა ამ ეტაპზე "ევროპული საქართველოს" ძალისხმევა სხვა მიმართულებით არის კონცენტრირებული.

„ყველა მიტინგსა და აქციას აქვს თავისი დრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია არჩევნების მეორე ტური დედაქალაქის ცენტრში. შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი მეორე ტურშია, სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად და ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ბრძოლაზე.

ეს არის გარდამტეხი ეტაპი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დავამარცხოთ და გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან, შედგეს ფართო პოლიტიკური კოალიცია "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" გარშემო და შავგულიძის გამარჯვება იყოს საეტაპო ამ დიდ ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ბრძოლა, რომელიც ამ შემთხვევაში მთაწმინდაზე გადის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

თბილისის ცენტრში ერთი კვირით მოძრაობა იზღუდება

20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით ეს შეზღუდვები დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების მზადებას უკავშირდება.

ამასთან, 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით:

პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ - ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.

შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

შეცვლილი საგზაო მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოაწესრიგებენ.

ზურაბიშვილი უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის კიევში უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ფიცი დადო. თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დათხოვნილად გამოაცხადა უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა, და რამდენიმე მაღალი რანგის პირს გადადგომისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, რათა შეწყდეს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომი ქვეყნის აღმოსავლეთში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ვოლოდიმირ გროისმანი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა გადაწყვიტა, რომ დატოვოს თანამდებობა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა 20 მაისს განუცხადა ჟურნალისტებს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

"ჩემს გადადგომას მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე ოფიციალურად გამოვაცხადებ", - განაცხადა გროისმანმა.

„ვერხოვნა რადაში“ ფიცის მიღების შემდეგ წარმოთქმულ თავის საინაუგურაციო სიტყვაში ზელენკსიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, რომ აიღონ ხელში ქაღალდი და კალამი და დაწერონ გადადგომის განცხადებები. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა უშიშროებისა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს და გენერალურ პროკურორს. კონსტიტუციის თანახმად ე.წ. ძალოვანი მინისტრების მოხსნა-დანიშვნა უშუალოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

ინაუგურაციის შემდეგ მალევე, უკრაინაში გადადგნენ უშიშროების სამსახურის უფროსი ვასილი გრიცაკი და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი.

ჯერ არ გავრცელებულა ცნობა გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადაწყვეტილების შესახებ.

უკრაინის ახალ პრეზიდენტს ეკუთვნის სასტუმროს 10 ნომერი საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, რასაც მისგან აქტივისტები ითხოვდნენ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე.

ზელენსკისა და მისი მეუღლის დეკლარაციაში შესულ ქონებას შორისაა:

სახლი კიევის ოლქში

მიწის ნაკვეთი კიევის ოლქში

ოთხი ბინა კიევში

ბინა ყირიმში

ორი ბინა კიევში, რომლის მფლობელიც მესამე პირია

ორი სახლი იტალიაში

სასტუმროს 10 ნომერი საქართველოში

წყვილმა დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ორი ავტომანქანა, ექვსი საათი და ფასიანი ქაღალდები.

ერთ წელიწადში ზელენსკის შემოსავალმა შეადგინა თითქმის 4 მლნ 170 ათასი გრივნა (160 ათასამდე ამერიკული დოლარში). დეკლარაციაშია ჩაწერილი აგრეთვე 400 ათასი დოლარი „პრივატბანკში“, 1 მლნ გრივნა (38 ათასი დოლარი) ОТП ბანკში, 190 ათასი დოლარი და 100 ათასი ევრო ნაღდ ფულად.

გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს

გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს მას შემდეგ, რაც აქციონერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, დაეთხოვათ ორი კორესპონდენტი ვალენტინა მატვიენკოს შესახებ სტატიის გამო. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გლებ ჩერკასოვმა, რომელიც გამოცემის პოლიტიკურ მიმართულებას კურირებს. ისიც ტოვებს სამსახურს. ზოგიერთი თანამშრომელი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს გაზეთში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი და პოლიტიკური განყოფილების რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი გათავისუფლებული არიან ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამო.

მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატია 17 აპრილს გამოქვეყნდა. მასში სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული წყაროების მითითებით ნათქვამი იყო, რომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ შესაძლოა მაისში დატოვოს თანამდებობა და საპენსიო ფონდში გადავიდეს სამუშაოდ.

„კომერსანტის“ გერენალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ ჟელონკინმა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რედაქცია დაშორდა ივანოვსა და საფრონოვს, ვინაიდან მათ დაარღვიეს სარედაქციო სტანდარტები. კონკრეტულად რა დაარღვიეს ჟურნალისტებმა, მას არ დაუზუსტებია.

დანაშაული ფეხბურთის სამყაროში: 93 500 ლარი მოსყიდული მატჩებისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი. სუსის ინფორმაციით, მათ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობა ედებათ ბრალად. დაკავებულები არიან:

ყოფილი ფეხბურთელები:

  • ვახტანგ ჯ.
  • ლაშა ჩ.
  • ნიკა დ.

საფეხბურთო კლუბ „ჭიათურის“ ფეხბურთელი:

  • ირაკლი ხ.

საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“ ფეხბურთელები:

  • რობერტ ი.
  • ირაკლი ბ.

საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები:

  • ჯონი შ.
  • გიორგი გ.
  • ნიკოლოზ მ.
  • პაატა ღ.
  • ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუსის ინფორმაციით, გამოვლინდა ორი ასეთი კონკრეტული შემთხვევა:

  • 2019 წლის 3 აპრილს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანთან“ შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს;
  • 2019 წლის 19 მაისს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

„ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი“, - იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ზესტაფონის მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ადაპტირებულ შენობას დაახვედრებენ

წინასწარი მონაცემებით ზესტაფონის მერობის არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეა. ვინაიდან ის ეტლით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობის ადაპტაცია იქნება აუცილებელი.

ზესტაფონის მერია და საკრებული ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიან შენობის მეორე-მესამე სართულებზეა განლაგებული. ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი პანდუსით კი შენობის მხოლოდ შესასვლელია უზრუნველყოფილი

როგორც ზესტაფონის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლელა გორგოძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, მიმდინარე წელს თვითმმართველობას ვალდებულება აქვს აღებული და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი შენობაში ლიფტის მოსაწყობადსაპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, პროექტირების შემდეგ კი მერია ტენდერს გამოაცხადებს შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად.

ლელა გორგოძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა თანხა დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ლიფტის მოსაწყობად, თუმცა ცნობილია ის, რომ ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.

„ლიფტის მოწყობა ახლა არ გადაწყვეტილა, ისედაც იყო გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, რათა ყველა შშმ პირმა დამოუკიდებლად შეძლოს შენობაში გადაადგილბა, თუმცა თუ რა თანხა დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს ლელა გორგოძე.

უკრაინაში გადადგნენ უშიშროების სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი

უკრაინაში გადადგნენ უშიშროების სამსახურის უფროსი ვასილი გრიცაკი და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი. ეს მოხდა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ.

20 მარტს სახელმწიფოს მეთაურის რანგში თავისი პირველი გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია უშიშროების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და გენპროკურატურის ხელმძღვანელების გადადგომა. ჯერ არ გავრცელებულა ცნობა გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადაწყვეტილების შესახებ.

მანამდე გადადგომის შესახებ გამოაცხადეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა.

პრეზიდენტმა თქვ ასევეა, რომ დათხოვნილად აცხადებს პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ირინა გერაშჩენკომ არაკონსტიტუციური უწოდა ამ ნაბიჯს.

წინასწარი ინფორმაციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 14 ივლისს გაიმართოს. მანამდე დეპუტატები შეინარჩუნებენ უფლებამოსილებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დახმარების პირობას დებს

ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი პრიორიტეტები გათვლილია ხალხის კეთილდღეობაზე, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი ურთიერთობა სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, პრიორიტეტების მიხედვით, ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ მაკროეკონომიკური მდგომარეობი8ს გაუმჯობესებისთვის, რეალურ წარმატებაზეა გათვლილი...

შეიძლება ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის სტიმული, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ინვესტორებს და ის არის სტაბილურობის გარანტი... სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც ხალხი ელის“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, მაგალითად - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებებით. კრისტინ ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას.

„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, იმისათვის, რომ სტაბილურობა და წინსვლა იქნას მიღწეული თქვენს საზოგადოებაში.

ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მეოთხე მიმოხილვა მალე დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი წარმატება გექნებათ.

მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს იმ დასახული მიზნების შესაბამისად, რაც შეთანხმებულია ჩვენთან“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდი მადლიერება გამოხატა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და კონკრეტულად ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის მისამართით. პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ქალბატონი ლაგარდის ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა განსაკუთრებით ნაყოფიერი ჩვენსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობა და მინდა მას ამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო.

მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჩამომიყალიბდა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები და მისი დღევანდელი ვიზიტიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება იმ რეფორმებისადმი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ.

როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ყველგან ამკვიდრებს და მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მორიგი ჩხუბი 51-ე სკოლაში

თბილისის 51-ე სკოლა

თბილისის 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების გამო გამოძიება დაიწყო. მანდატურის სამსახურის იურისტი ეკატერინე მარხვაშვილი ადასტურებს, რომ მოსწავლეებმა იჩხუბეს, თუმცა ამბობს, რომ მათ ცივი იარაღი არ ჰქონიათ. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და არავინ დაზარალებულა.

იურისტის თქმით, სავარაუდოდ, ერთმანეთს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ, რომელთაც დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში, არ დასახელებულან.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლას უკავშირდება გახმაურებული „ხორავას ქუჩის“ საქმე, როდესაც მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ემსხვერპლნენ.

შალვა შავგულიძე არჩევნების შესახებ: ეს იყო ცილისმწამებლური, უღირსი, „შავი“ პიარ-კამპანია

არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატები- ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„გუშინ მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 36% მოვიდა არჩევნებზე და მათგან ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა ხელისუფლების კანდიდატს. ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ხმების 41% და ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ თაკილობდა, გამოეყენებინა ყველა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდი არჩევნებში წარმატების მისაღწევად, ეს იყო ცილისმწამებლური, უღირსი, „შავი“ პიარ-კამპანია, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ანგარებით დაპირებების გაცემა ამომრჩეველზე თუ სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მან საზოგადოებას მეორე ტურში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მივიღე არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 37%, დაახლოებით 4%-ით ნაკლები ხელისუფლების კანდიდატზე, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გაცილებით მეტი რაოდენობის ხმები, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ე.ი. ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს.

მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის საჭიროა მთაწმინდელი ამომრჩევლის ცოტა მეტი აქტივობა, რადგან 36% არ არის მაღალი აქტივობა. მაღალი აქტივობა განაპირობებს ოპოზიციური ხმების მატებას, რადგან ხელისუფლებამ ამოწურა თავისი მხარდამჭერების მოყვანის რესურსი“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

შალვა შავგულიძის განცხადებით შესაძლოა სწორედ მთაწმინდის ოლქიდან დაიწყოს არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესი.

ცესკოს საბოლოო წინასწარი შედეგების თანახმად მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შალვა შავგულიძემ ამომრჩევლის ხმათა - 36,83 % ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ 41 % მიიღო.

აშშ წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის ეკონომიკურ ნაწილს

ვაშინგტონი, 2017 წლის 3 დეკემბერი: თეთრი სახლის მრჩეველი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაზე ახლო აღმოსავლეთის საკითხში

აშშ ბაჰრეინში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც წარმოადგენს ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო გეგმის პირველ, ეკონომიკურ ნაწილს.

25-26 ივნისის კონფერენციაზე ყურადღება დაეთმობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ეკონომიკურ სარგებელს.

სამშვიდობო გეგმის ეკონომიკური ასპექტი ითვალისწინებს მასშტაბურ ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს პალესტინელთა ტერიტორიებზე.

მაგრამ კვლავაც უცნობი რჩება გეგმის პოლიტიკური ელემენტები და ბაჰრეინის კონფერენციაზე არ შეეხებიან კონფლიქტის ყველაზე სადავო ასპექტებს: საზღვრებს, იერუსალიმის სტატუსს, პალესტინელი ლტოლვილების ბედს, ისრაელის უსაფრთხოებას.

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს სათავეში უდგას მისი სიძე, ჯარედ კუშნერი. პრეზიდენტი გეგმას „საუკუნის შეთანხმებად“ მოიხსენიებს, მაგრამ პალესტინელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან შიშობენ, რომ გეგმა ვაშინგტონის მოკავშირე ისრაელის სასარგებლოდ იქნება შედგენილი.

პალესტინელთა ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაესწრებიან ბაჰრეინის კონფერენციას. ისინი აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას გაემიჯნენ მას შემდეგ, რაც 2017 წლის ბოლოს ტრამპმა გადაწყვიტა აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება.

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვებით "ნილი" აღარ მოამარაგებს

თბილისის მერია ხელშეკრულებას უწყვეტს კომპანია „ნილს,“ რომელიც კვების პროდუქტებით უზრუნველყოფდა დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ბოლო ხანს კომპანია სკოლამდელ დაწესებულებებს საკვებს დაგვიანებით აწვდიდა და ზოგჯერ უხარისხო პროდუქტსაც, რის გამოც 21 მაისიდან ხელშეკრულება შეუწყდება.

ელოშვილის განმარტებით, ახალი კომპანიის შერჩევამდე ბაგა-ბაღები საკვებს თავად შეიძენენ.

„უკვე მეორე სასაწავლო წელია კომპანია "ნილი" ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და ასევე, unicef-ის სტანდარტების დაცვით ახორციელებდა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ბაღებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება ხდებოდა საკმაოდ ჯეროვნად, მიუხედავად მცირედი გადახვევებისა. საკვები იყო ხარისხიანი და კარგი. ჩვენ მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია "ნილს". საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციების მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბაღების მონიტორინგის მიერ. ბოლო პერიოდამდე "ნილი" საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელ ორ კვირაზე. არის მუდმივი შეფერხებები, დაგვიანებით საკვების მიტანა, საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და მოგვიწია ჩანაცვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ხარისხიანი საკვებით ხდებოდა მომარაგება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ვიცე-მერის თქმით, „ნილი“ გაფრთხლებულიც იყო და სხვადასხვა გადაცდომისთვის დაჯარიმდა კიდეც, თუმცა პრობლემები არ მოუგვარებია.

„ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ შეუწყდეს ხელშეკრულება. რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ ბაღები განახორციელებენ შესყიდვებს და არანაირი შეფერხება და ხარისხში გაუარესება ამ პერიოდში არ იქნება. ხოლო შემდგომში მოხდება კომპანიის ჩანაცვლება. საუბარია თვენახევრიან-ორთვიან პერიოდზე, სანამ გამოცხადდება საზაფხულო არდადეგები. არდადეგების პერიოდში რომელიმე სხვა კომპანიით ჩანაცვლება განხორციელდება. მომავალი წლისთვის კი გამოცხადდება ახალი ტენდერი“, - თქვა ილია ელოშვილმა.

მისი ინფორმაციით, მერიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან.

51-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-ს ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტე კლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

შსს არ ადასტურებს ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტს.

2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლეს ამავე სკოლის მოსწავლე ლევან დადუნაშვილი, დავით სარალიძე კი სასიკვდილოდ დაჭრეს.

ტრამპი და საუდის არაბეთი კიდევ ერთხელ დაემუქრნენ ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა კიდევ ერთხელ და თქვა, რომ კონფლიქტი ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური დასასრული იქნებოდა.

20 მაისს გაკეთებული განცხადება მოჰყვა აშშ-ის საკვანძო მოკავშირის, საუდის არაბეთის გაფრთხილებას, რომ ირანის სავარაუდო პროვოკაციებს უპასუხებდა „მთელი სიძლიერით“.

ვაშინგტონისა და რიადის განცხადებები გაკეთდა აშშ-სა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რასაც ახლავს შეშფოთება, რომ შესაძლებელია სამხედრო კონფლიქტი.

ვაშინგტონმა განკარგულება გასცა, გაძლიერდეს სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში, ასახელებენ რა ირანისგან შესაძლებელ საფრთხეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის მეზობელი ერაყიდან გაიყვანა თავისი საელჩოს ყველა არა აუცილებელი თანამშრომელი.

ირანმა განაცხადა, რომ არ სურს ომი და უარყო ვაშინგტონის ბრალდება, რომ თეირანის მხრიდან რეალური მუქარა მოდის.

ბაღდადის მწვანე ზონაში, აშშ-ის საელჩოსთან 19 მაისს ჭურვი დაეცა, მაგრამ არ გამოუწვევი ამსხვერპლი, ან არსებითი დაზიანება. პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

თუ ირანს ომი სურს, ეს იქნება ირანის ოფიციალური დასასრული, ნურასოდეს დაემუქრები აშშ-ს, დაწერა ტრამპმა ტვიტერზე 20 მაისს.

საუდის არაბეთმა თეირანს ბრალად დასდო გასულ კვირას უპილოტო საფრენი აპარატით სამეფოს ნავთობის საქაჩ სადგურზე თავდასხმა, რაც იემენში ჰუთის მომხრე მეამბოხეებმა აიღეს საკუთარ თავზე.

აშშ-მა შარშან დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანმა მიაღწია მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან 2015 წელს და რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობს თეირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ. აშშ-მა მას მერე გაამწვავა ირანის მიმართ რიტორიკა და განაახლა სანქციები.

სანდრა რულოვსი საპროტესტო ტალღის დაწყებას ზუგდიდიდან აპირებს

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყება ზუგდიდიდან, გადაედება მთელ საქართველოს და დასრულდება თბილისში, ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლესთან.“

"ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველანაირ ზღვარს გადასული. ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები" - განაცხადა რულოვსმა ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საპროტესტო ტალღის ზუგდიდიდან დაწყება გადაწყვიტეს გუშინდელი ე.წ. არჩევნების შემდეგ, რომელიც რეალურად სპეცოპერაცია იყო.

მედიის შეკითხვას, როდის დაიწყება აქციები, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია.

შეკითხვას, არის თუ არა ეს საერთო პოზიცია, რულოვსმა უპასუხა: "რა თქმა უნდა. მე ამ ბრძოლაში არა ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტიაა, ორგანიზაციაა, მეგობრები და ამ ბრძოლაში ვისაც უნდა შეგვიერთდება. ჩვენ გვყავს ერთი საქართველოს მტერი, ეს არის ივანიშვილი.“

სანდრა რულოვსის განცხადებითვე, ივანიშვილს ხალხის ძალას აჩვენებენ და ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას.

შეკითხვას, როგორ შეაფასებს ნიკა მელიას განცხადებას, რომლითაც ის ფაქტობრივად გაემიჯნა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ არ უნახავს, რადგან ინტერვიუების მოსმენაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა.

„ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა“ - თქვა რულოვსმა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნებში სანდრა რულოვსი პირველივე ტურში დაამარცხა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.

მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას ადასტურებს "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგი.

ჩხუბი ატყდა ავღანეთის ახალი პარლამენტის პირველ სესიაზე

ბიზნესმენი მირ რაჰმან რაჰმანი

ჩხუბი ატყდა ავღანეთის ახალი პარლამენტის პირველ სესიაზე სპიკერის არჩევის გარშემო

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე ჩანს, როგორ ჩხუბობენ კანონმდებლები პარლამენტის ქვედა პალატის, „უოლესი ჯირგას“,-საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ბიზნესმენ მირ რაჰმან რაჰმანის არჩევის გარშემო.

პალატის წევრები პირველ სესიას მართავდნენ შარშანდელი სადავო არჩევნების შემდეგ. წინა დღით რაჰმანიმ მიიმხრო 123 კანონმდებელი და დაამარცხდა კონკურენტი, ქამალ ნასირ უსული, რომელმაც 55 ხმა მოიგო. თუმცა რაჰმანის 247 ადგილიან პარლამენტში სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად ერთი ხმა დააკლდა უბრალო უმრავლესობის,124 ხმის მოსაპოვებლად.

რაჰმანის მომხრეებმა ის გამარჯვებულად და ახალ თავმჯდომარედ გამოაცხადეს და ითხოვდნენ, თანმდებობა დაეკავებინა. ჰერათელი კანონმდებლის, ფაჰიდ ფარიდის თქმით, „რაჰმანიმ მოიპოვა უმრავლესობა და ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ის არის ჩვენი თამჯდომარე“.

ირაკლი ჩიქოვანი: ველოდით, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ელოდნენ, რომ გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა. ჩიქოვანის თქმითვე, ამაში დარწმუნებული იყო „გაერთიანებული ოპოზიციაც”.

„მათი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება, მათი დღის წესრიგი იყო ზუგდიდში ყოფილიყო არეულობა და დაძაბულობა. შესაბამისად ეს დაძაბულობა და ე.წ. დუღილი გადაეტანათ მთელს საქართველოზე. ეს პროექტი არ განხორციელდა, ვერ განხორციელდება და შესაბამისად ისინი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნებიან ამით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის შეფასებით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. მან ხმების 54,18% , ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.

სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო შტაბში ხვდება მხარდამჭერებს და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს.

მედიისთვის შეხვედრის დახურვამდე რულოვსმა კვლავ განაცხადა, რომ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, მოივლის ყველა ქუჩას, უბანს და სოფელს და შეხვდება ყველა მოქალაქეს დღევანდელ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის გასაერთიანებლად.

"საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხო ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე" - თქვა სანდრა რულოვსმა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნებში სანდრა რულოვსი პირველივე ტურში დაამარცხა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.

მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას ადასტურებს "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგი.

ტაჯიკეთის კოლონიაში ამბოხების დროს სამი მცველი და 29 პატიმარი მოკლეს

საპატიმროში ამბოხების დროს მოკლული საიდყიომიდინი ღოზი, მახსუმი სათორი და შეიხი თემური

ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ციხის სამი მცველი და 29 პატიმარი იქნა მოკლული ამბოხების დროს, რომელიც დუშანბედან 15 კილომეტრში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 მაისს, საღამოს დაიწყო.

ეს იყო მეორე ამბოხება ტაჯიკეთის საპატიმროში ბოლო ნახევარ წელიწადში.

სამინისტროს თანახმად, ხუთი პატიმარი მეამბოხეებმა მოკლეს, სხვა 24 „ლიკვიდირებულ იქნენ“ ამბოხების ჩახშობის დროს.

სამინისტროს განცხადებით, შეტაკება დაიწყო, როცა 30-მდე პატიმარმა, რომლებიც გაასამართლეს სხვადასხვა ექსტრემისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებაში, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოში“ წევრობისთვის, სამი მცველი მოკლეს. მეამბოხეები შეიარაღებული იყვნენ დანებით და სხვა ბასრი საგნებით.

განცხადების თანახმად, ამბოხებულთა ერთ-ერთი ლიდერი იყო ბეჰრუზ გულმუროდი, ვაჟი გულმუროდ ჰალიმოვისა, რომელიც ადრე ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაური იყო და 2015 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმს შეუერთდა.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 35 ადამიანი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

შარშან ნოემბერში ამბოხება მოხდა ტაჯიკეთის მკაცრი რეჟიმის სხვა კოლონიაში, რასაც 23 პირი, მათ შორის ორი მცველი ემსხვერპლა.

სომხეთში ფაშინიანის მომხრეები სასამართლოების შესასვლელებს ბლოკავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის მომხრეებმა 20 მაისს დაიწყეს სასამართლოს შენობის შესასვლელების გადაკეტვა.

გადაკეტილია ერევნის იმ სასამართლოს შესასვლელი, რომელმაც პატიმრობიდან გაათავისუფლა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი. გადაკეტილია ასევე ერევნის სხვა სასამართლოების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელები.

წინა დღით პაშინიანმა მოუწოდა ხალხს, გადაკეტონ ყველა სასამართლოს შესასვლელები და ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ იწყებს სომხეთის რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, და რომ მოელის საერთო სახალხო მხარდაჭერას.

ფაშინიანის განცხადება მოჰყვა ერევნის სასამართლოს მიერ ქოჩარიანისთვის სასჯელის ზომის შეცვლას და ყოფილი პრეზიდენტის განთავისუფლებას.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სანქსიანმა ფაშინიანის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოქალაქეებმა უნდა დაიცვან კანონი.

ქოჩარიანის მიმართ საქმე აღიძრა სომხეთის „ხავერდოვან რევოლუციის“ შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი.

ქოჩარიანს ბრალად დასდეს 2008 წლის მარტს მოვლენებში მონაწილეობა, როცა დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლის დროს ათი ადამიანი დაიღუპა.

2008 წლის დემონსტრაციების დროს დააპატიმრეს ახლანდელი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც შვიდ წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მან 2011 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა კოლონია.

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა

სეტყვით დაზიანებული ვენახი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 5 სოფელი დაისეტყვა - კუჭატანი, გავაზი, ჭიკაანი, სანავარდო და წიწკანაანთსერი. ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საზამთროს, ნესვის და მარწყვის ბაღებს და ვენახების ნაწილს.

ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და სპეციალისტები სტიქიის ზონაში უკვე მუშობენ. თუმცა, გლეხებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

წუხელ კახეთში იყო ძლიერი ქარიც, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოფლებს ანაგას, ვაქირს, ბოდბისხევს და ნუკრიანს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ელექტროსადენების შეკეთება და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.

NDI: საზოგადოებრივ მაუწყებელს 3% ენდობა

ტელეარხების ნდობის რეიტინგში საზოგადობრივი მაუწყებელი და „აზ ტე-ვე“ ერთნაიარი 3%-იანი მაჩვენებლით მოხვდა გამოკითხვაში.

32%-იანი ნდობა აქვს ტელეკომპანია „იმედს“, მას 4%-ით ჩამორჩება „რუსთავი 2“ - 28%-იანი ნდობის მაჩვენებლით.

კვლევის თანახმად, ინფორმაციის წყაროდ 72 % ტელევიზიას ასახელეს, 21 % კი ინტერნეტსა და Facebook-ს. მეზობლებსა და მეგობრებს კი 3 %.

კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

საია არჩევნების ნეგატიურ და შემაშფოთებელ ტენდენციებს აფასებს

„საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“((საია) შეფასებით, 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება.

"სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა" - აღნიშნავს საია და დამატებით ყურადღებას ამახვილებს ორ ნეგატიურ ფაქტზე - საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს და ამავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი.

საიას ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს ნების თავისუფალ გამოვლენაზე. საიას შეფასებითვე, ამ ფონზე შემაშფოთებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს და სამწუხაროა, რომ ექს-პრეზიდენტი თავის განცხადებაში აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლსაც.

საიას შეფასებითვე, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

"მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ" - აღნიშნავს საია. მისი შეფასებით, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები.

საია განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავებას: "როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას."

საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს ზუგდიდის მე-9 უბანზე, რაც ორგანიზაციის განამრტებით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საიას ცნობითვე, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობდა. დამკვირვებლების ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილობიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოქალაქის არჩევანის იდენტიფიცირება. ტექნიკური პრობლემები, ელექტრონულ ხმის დათვლას მთელი დღე თან ახლდა რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა კიდეც.

საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში დაიწერა სულ 8 საჩივარი:

ზუგდიდის ოლქის #73 და #75 საარჩევნო უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა);

ზუგდიდის ოლქის #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);

ზუგდიდის ოლქის #108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს);

ზუგდიდის ოლქის #9 უბანი - დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა (საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს);

მარნეულის #83 უბანში - განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა);

მთაწმინდის #11 უბანი - არ დაჯდა ბალანსი (ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობას).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG