Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანახმად, დემორაფიული აფეთქება არ არის მოსალოდნელი


დემოგრაფიის სპეციალისტები გასულ თვეში ნიუ იორკში გამართულ საგანგებო კონფერენციაზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, რომლებიც მოსახლეობის ზრდის მაღალი დონით არიან ცნობილი,

ეს პროცესი შენელდა. აქედან გამომდინარე, დედამიწის მოსახლეობა არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.

ზემოხსენებულ ჯგუფში შედის 74 ქვეყანა, რომლებზეც დედამიწის მოსახლეობის 40 პროცენტამდე მოდის. მათ შორისაა, მაგალითად, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ბრაზილია, მექსიკა და ეგვიპტე.
ეს ქვეყნები ტრადიციულად საშუალო ნაყოფიერების ქვეყნებად ითვლებოდა. ანუ მათში 5-დან 2,1 ბავშვამდე მოდიოდა ერთ ქალზე.
მაგრამ, როგორც ანალიზები აჩვენებს, ამ ქვეყნებში შობადობა იკლებს და მალე მიაღწევს აღწარმოების დონეს, რაც საშუალოდ 2,1 ბავშვს უდრის ერთ ქალზე.
სპეციალისტთა აზრით, ეს პროცესი შეესატყვისება ე.წ. ”გარდამავალი დემოგრაფიის” ტენდენციას. მსოფლიოში შობადობისა და სიკვდილიანობის დონე ეცემა.
ამგვარი გარდამავალი პროცესი გრძელვადიანი პერსპექტივით მიმდინარეობს დასავლეთის სამყაროში. მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ეს პროცესი უფრო სწრაფია.
ევროპაში 45 წლის მანძილზე ეტაპობრივად დაეცა შობადობა 1955-1960 წლებში თითო ქალზე 2,66-დან 1,34 ბავშვამდე, რასაც ვარაუდობენ 2000-2005 წლების პერიოდისთვის.
განვითარებად ქვეყნებში კი 40 წლის წინ თუ ერთ ქალზე 6 ბავშვი მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2,5-ს უდრის. უფრო მეტიც, ეს ტენდენცია ღატაკ ქვეყნებზეც ისევე ვრცელდება, როგორც უფრო მდიდრებზე.
როგორც გაეროს დემოგრაფიის განყოფილების დირექტორმა, ჯოზეფ ჩეიმიმ განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ამის მიზეზია განვითარებად ქეყნებში თანამედროვე კონტრაცეპტივების ხელმისაწფვდომობა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება და ურბანული არეალების სწრაფი ზრდა.
მაგრამ საშუალო ნაყოფიერების ქვეყნებში შობადობის დაქვეითების მიუხედავად ამ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა გაგრძელდება, თუმცა ეს ხანმოკლე პერიოდის განვითარება იქნება.
მსოფლიოს ზოგადი დემოგრაფიული მაჩვენებლები კლებადია და ეს დადებითი ტენდენციაა. ვარაუდობენ, რომ საუკუნის შუა წლებში მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდ 300 მილიონს მიაღწევს.
მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს ხანმოკლე პერსპექტივის ზრდა იმდენ პრობლემას შეუქმნის კაცობრიობას, რომ ხანგრძლივი პერსპექტივის განვითარების დადებითი ტენდენციები დაიჩრდილება.
ასეა თუ ისე, ნიუ იორკის კონფერენციის შემდეგ ექსპერტები კვლავაც მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, რომ რაც უნდა დადებითი იყოს ესა თუ ის მაჩვენებელი, მაინც არ შეაჩერონ ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკაზე ზრუნვა. ამისათვის დღესდეობით მსოფლიოში 5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რაც საჭირო თანხის მხოლოდ ნახევარია.
XS
SM
MD
LG