Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში


ანდრო ეული, პრაღა დამთავრდა ბიულეტენების დათვლა უკრაინაში, სადაც კვირას 31 მარტს, ქვეყნის პარლამენტის - ”ვერხოვნაია რადას” - არჩევნები ჩატარდა.

ყველაზე მეტი ხმა პარტიული სიებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკმა ”ჩვენმა უკრაინამ” მიიღო. მეორე ადგილზე გავიდნენ კომუნისტები, ხოლო მესამეზე - პრეზიდენტ კუჩმას მომხრე ბლოკი ”ერთიანი უკრაინისთვის”

4-პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილის, იულია ტიმოშენკოს ბლოკმა, სოციალისტებმა და გაერთიანებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერთმანდატიან ოლქებში მიცემული ხმების მიხედვით, იუშჩენკოს ბლოკი ”ჩვენი უკრაინა” 112 მანდატს მიიღებს 450-ადგილიან პარლამენტში. ბლოკს ”ერთიანი უკრაინისთვის” პარლამენტში 104 დეპუტატი ეყოლება, კომუნისტებს - 66, ხოლო სოციალისტებს - 24. სოციალ-დემოკრატები 22 სადეპუტატო მანდატს მიიღებენ, ტიმოშენკოს ბლოკი კი - 21-ს.

კიდევ 101 სადეპუტატო მანდატი დამოუკიდებელ კანდიდატებსა და შედარებით მცირერიცხოვანი პარტიებისა და გაერთიანებათა წარმომადგენლებზე განაწილდება.
საერთაშორისო მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში აშკარა დარღვევებით წარიმართა, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დარღვევებს, არჩევნების საბოლოო შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

შეერთებული შტატების მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკრაინაში დემოკრატიული პროცედურის უხეში დარღვევით წარიმართა, როცა ოპოზიციურ პარტიებს არ მისცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

”განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენში იმ ფაქტმა, რომ ოფიციალურმა პირებმა ვერ აღკვეთეს უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ესოდენ ხშირი შემთხვევები, რითაც დაუმსახურებელი უპირატესობა მიანიჭეს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს” - განაცხადა ორშაბათს ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა.
XS
SM
MD
LG