Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს უმეთაურებს ავღანეთში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ოთხშაბათს, თურქეთმა სამხედრო სარდლობის სამკაციანი დელეგაცია გაგზავნა ავღანეთში,

სადაც მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს უნდა უმეთაუროს ივნისიდან, როცა ბრიტანეთის სარდლობის მანდატი ამოიწურება.


მოელიან, რომ ხუთშაბათს, როცა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი ანკარას ეწვევა ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის მთავრობა გამოაცხადებს, რომ მისი სარდლობა უმეთაურებს ივნისიდან ავღანეთში განთავსებულ 4 500-კაციან სამშვიდობო ძალებს, რომელშიც 18 ქვეყანაა წარმოდგენილი.

შეერთებულ შტატებს ხელს აძლევს, რომ ავღანეთში განთავსებულ მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს მუსულმანურმა სახელმწიფომ უმეთაუროს, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ვაშინგტონის თაოსნობით დაწყებული ანტიტერორისტული კამპანია ისლამის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჰამიდ კარზაი მხარს უჭერს ასევე წინადადებას, რომ თურქეთმა უმეთაუროს მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს.

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ახდენდნენ ზეწოლას თურქეთის დასათანხმებლად, და მოლაპარაკება იმიტომ გაჭიანურდა, რომ ანკარამ ფინანსური და სამხედრო დახმარების გარანტია მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დეკემბერში თალიბების რეჟიმი დაემხო, ავღანეთში განთავსებულ მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს 267 თურქი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ანკარამ ადრე განაცხადა, რომ ათასამდე გაზრდის თავის სამხედრო კონტინგენტს, თუ ავღანეთში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს თურქი გენერლები უმეთაურებენ.

ამასობაში, ზოგიერთი თურქი მიმოხილველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მას შემდეგ, რაც სამშვიდობო ძალების სარდლობას თურქეთი გადაიბარებს ბრიტანეთისგან, მრავალეროვანი კონტინგენტის წევრები ნაწილობრივ ანდა მთლიანად გაიყვანენ თავიანთ ჯარს ავღანეთიდან. ”მას შემდეგ, რაც ბრიტანელები წავლენ, ნატოს წევრი-ქვეყნების უმრავლესობა თავიანთი ჯარების წაყვანას ანდა შემცირებას მოისურვებს”-განაცხადა გაზეთ ”რადიკალის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა მურად იეთქინმა.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკვე უარყვეს წამოყენებული წინადადება, რომ 20,000 კაცამდე გაიზარდოს მრავალეროვანი ძალების შემადგენლობა და მისი სამშვიდობო მისია გასცდეს ქაბულსა და მიმდებარე დასახლებებს და ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდეს. შეერთებული შტატები ვერ ხედავს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების შემადგენლობის გაზრდის აუცილებლობას და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა მეტი დახმარება გაუწიონ ავღანეთის დროებით მთავრობას საკუთარი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და მომზადებაში.

პრესკონფერენციაზე გასულ კვირაში, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენთ ეჯევითმა განაცხადა, რომ მრავალეროვანი ძალების სამშვიდობო მისია არ უნდა გასცდეს ქაბულსა და მის მიმდებარე დასახლებებს, ხოლო რაც შეეხება უშიშროების უზრუნველყოფას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ეს, ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეკისროს: [ბულენთ ეჯევითის ხმა] ”უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ავღანეთის ეროვნული არმიის შექმნა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ავღანეთში, სწორედ ავღანელმა ჯარისკაცებმა მოიხადონ თავიანთი ვალი. ყოველმა ქვეყანამ მხოლოდ საკუთარი ძალების მეშვეობით უნდა დაიცვას თავი”.

თურქეთის ეკონომიკა მძიმე კრიზისს განიცდის, და ამასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა 28 მილიონი დოლარი გამოუყო ანკარას ავღანეთში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების მომავალ სარდლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად და კიდევ 200 მილიონი დოლარი – ეკონომიკური დახმარების სახით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 31 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო გასულ წელს თურქეთს, სადაც ინფლაციამ და უმუშევრობამ არნახულ დონეს მიაღწია. ”ხალხს აქ სულაც არ ეხატება გულზე ჩვენი ჯარისკაცების საზღვარგარეთ გაგზავნა. ესაა ბუნებრივი რეაქცია ადამიანებისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახსრები ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს” - განაცხადა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის პროფესორმა ილთენ თურანმა.
XS
SM
MD
LG