Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების კანონმდებლობის განხილვა დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბევრისთვის მოულოდნელად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანა საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროში წარიმართა.

4 აპრილს პარლამენტი საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესის პრინციპებს ათანხმებდა. აქამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში წარმოდგენილი ფრაქციები განსხვავებულ მოდელებს უჭერდნენ მხარს

4 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილი პარლამენტარები გადაჭრით აცხადებდნენ, რომ 2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. სხვა საკითხია, რომ პარლამენტართა ეს სურვილი თუ, ქართველი ჟურნალისტების საყვარელი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, პოლიტიკური ნება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ოპერატიულად შეიტანს პარლამენტი ცვლილებებს როგორც საარჩევნო კანონში, ისე კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის ვარაუდით, საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კანონით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, მინიმუმ, 40 დღე მაინც დასჭირდება. ანუ:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ იმის შესაბამისად, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას და მივიღებთ თუ არა გადაწყვეტილებას, დგას საკითხი დანიშნული არჩევნების თარიღის გამართვისა.”[სტილი დაცულია]

ჯერჯერობით ფრაქციათა უმრავლესობა მხარს უჭერს ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს, რომელიც ასე გამოიყურება:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ გარდამავალ პერიოდში კომისიების ფორმირება, ბოლო ორი არჩევნების მიხედვით, იმ სუბიექტების მიერ, რომლებმაც ერთ ან მეორე არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 4 პროცენტი მაინც.”

როგორც გახსოვთ, შარშან, ზაფხულში, იმ დროს უმრავლესობაში მყოფმა მოქალაქეთა კავშირმა წამოაყენა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ინიციატივა. დღეს ფრაქცია” მოქალაქეთა კავშირი” ისევ მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება არა პარტიული ნიშნით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით გაცილებით დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის არჩევნების პროცესს. თუმცა, კონსენსუსის მიღწევის მიზნით, ფრაქცია მოქლაქეთა კავშირი მზად არის ამ ეტაპზე უარი თქვას საკუთარ ინიციატივაზე. ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის წევრი ედვარდ სურმანიძე პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ აკეთებს განცხადებას:
{ედუარდ სურმანიძის ხმა] “ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს იყო პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობა, რომელიც პრეზიდენტმა აღასრულა. დღეს მთელი პასუხისმგებლობა გადადის პარლამენტზე. თუ პარლამენტი ვერ შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, ვერ შეძლებს მონახოს კომპრომისი, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება, ჩვენ ამით ვღებულობთ პასუხისმგებლობას საკუთრ თავზე და ეჭვქვეშ ვაყენებთ არჩევნების ჩატარებას.”

დასკვნის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ, თუ პარლამენტი მისთვის არადამახასიათებელ კონსტრუქციულობას შეინარჩუნებს, დიდია შანსი, ამჯერად მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნულ ვადაში გაიმართოს.
XS
SM
MD
LG