Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში; რუსი კომუნისტები სახელმწიფო სათათბიროში პოზიციებს თმობენ; კრიზისი


ანდრო ეული, პრაღა საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში; რუსი კომუნისტები სახელმწიფო სათათბიროში პოზიციებს თმობენ; კრიზისი ახლო აღმოსავლეთში – ამ საკითხებს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.



”რუსეთის დამარცხება” – ასეთ შეფასებას აძლევს უკრაინაში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდდოიჩე ცაიტუნგი”. გაზეთი წერს:

”არჩევნების შედეგი, ფაქტობრივად, სენსაციურია. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პირველად გაიმარჯვა ბლოკმა, რომლის ლიდერს დასავლეთთან დაახლოება და რადიკალური საბაზრო რეფორმების გატარება აქვს განზრახული. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იუშჩენკომ მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების ოფიციალური შედეგები ხომ ნაწილობრივ ასახავს ხალხის განწყობილებას, ვინაიდან ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ კუჩმას მომხრეებმა ათასნაირი ხრიკებითა და მანიპულაციებით სცადეს იუშჩენკოს დამარცხება. დაახლოებით ერთი წლის წინ კუჩმამ თავის კოლეგასთან, პუტინთან, ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთიდან ენერგორესურსების მიღების თაობაზე, რითაც უკრაინა კიდევ უფრო მეტად გახდა მოსკოვზე დამოკიდებული. სწორედ მაშინ, როცა დამოუკიდებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის გაუჩინარება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, კუჩმა დასავლეთს გაემიჯნა, ხოლო ამით მოსკოვმა ისარგებლა. კიევში მოარული ხმების თანახმად, ლეონიდ კუჩმა, უკრაინის სუვერენიტეტის მომხრეა და ხსენებულმა შეთანხმებამ იგი დაამცირა. ხოლო კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უკრაინაში სულაც არ სურს მოსკოვთან კავშირების აღდგენა, თუმცაღა კრემლი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რუსეთ-ბელორუსიის კავშირში შესვლის მომხრეებმა უკრაინაში მარცხი განიცადეს. 31 მარტის არჩევნებმა ცხადყო, რომ არც ისე ადვილია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.”

გაზეთ ”ფრანკფურტერ რუნდშაუს” აზრით, 31 მარტს ამომრჩევლებმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს უკრაინის პრეზიდენტს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ერთი შეხედვით თითქოს დემოკრატიული ნორმები იყო დაცული უკრაინაში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას, და მაინც, ყოველივე ეს ძალზე შორს იყო დასავლეთში დამკვიდრებული სტანდარტებისგან. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხელისუფლება ათასნაირ დაბრკოლებებს უქმნიდა ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართო პროპაგანდისტული კამპანია იყო გაჩაღებული მათს წინააღმდეგ, სამმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ მაინც შესძლო ახალ პარლამენტში ადგილების მიღება.”

გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი” მიესალმება უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იუშჩენკოს ოპოზიციური ბლოკის ”ჩვენი უკრაინის” გამარჯვებას და დარწმუნებულია, რომ იუშჩენკო დასავლეთისკენ მოაბრუნებს უკრაინას, მაშინ, როცა პრეზიდენტმა კუჩმამ თავისი ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქცია. გაზეთი წერს:

”მეტად დროული აღმოჩნდა იუშჩენკოს ოპოზიციური ბლოკის წარმატება კვირას ჩატარებულ არჩევნებში, ვინაიდან მმართველი პარტია ცვლილებების შეტანას აპირებს კონსტიტუციაში, რათა ბატონმა კუჩმამ მესამე ვადით შეძლოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა. მმართველ პარტიას კარგად აქვს, ამასთანავე, გაცნობიერებული, რაოდენ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს კუჩმას გუნდისთვის ”დემოკრატიულ ძალთა” ალიანსი. ვინაიდან ბატონი იუშჩენკო, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა დღეს უკრაინაში, მისი წარმატება 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეალურად გვეჩვენება.”

ახლა უკრაინიდან რუსეთში გადავინაცვლოთ. როგორც გაზეთი ”ფაინენშლ ტაიმსი” აღნიშნავს, სახელმწიფო სათათბირომ ლახვარი ჩასცა რუსეთის კომპარტიას, როცა შვიდ საპარლამენტო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა კომუნისტები. პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ კომუნისტები მძაფრ ოპოზიციაში გადადიან, ხოლო თანაპარტიელ გენადი სელეზნიოვს უბრძანა, სათათბიროს თავმჯდომარეობიდან გადადგეს. თუმცა, კომიტეტების დაკარგვამ მხოლოდ კომუნისტების პრესტიჟს თუ მიაყენა დარტყმა, თორემ არსებითად ეს ვერაფერს შეცვლის, რადგან პუტინმა სახელმწიფო დუმა საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცია.”

გაზეთ ”ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე კუბაში, რომელიც შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, და სადაც საგანგებოდ მოწყობილ ციხეში ”ალ-ყაიდასთან” კავშირში ეჭვმიტანილ ტერორისტებს აკავებენ, დაპატიმრებულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ”ლოს ანჯელეს ტაიმსი” წერს:

”სამშაბათს ოფიციალურად დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ იქ მყოფ 300 პატიმარს შორის 3 რუსი მაჰმადიანია. თავდაპირველად შესაძლოა გვეფიქრა, რომ ეს სარწმუნოს ხდის კრემლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ჩეჩენი მეამბოხეები – ნაწილია მსოფლიო ტერორისტული ქსელისა, რომლის ცენტრი ავღანეთში იყო. მაგრამ გუანტანამოში დაპატიმრებულთა შესახებ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ბევრს არ ლაპარაკობენ. შესაძლოა იმიტომ, რომ ფაქტები ბოლომდე არ ემთხვევა მათს რიტორიკას. ჯერ ერთი, გუანტანამოში დაპატიმრებული რუსეთის სამი მოქალაქიდან არც ერთი არაა ჩეჩენი: ორი თათარია, ხოლო ერთი – ბალყარელი. გარდა ამისა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის რაიმე მძიმე დანაშაულში მათი თანამონაწილეობა. რუსეთის პროკურატურა ამ სამი პირის მისთვის გადაცემას მოითხოვს და მათ საზღვარზე უკანონო გადასვლაში ადანაშაულებს. ის, რომ ავღანეთში სხვებთან ერთად რამდენიმე ჩეჩენიც იბრძოდა, ეჭვს არ იწვევს. დასავლეთის დაზვერვისთვის ცნობილია, რომ ბინ ლადენმა ჩეჩნეთში ფული და სამხედრო მრჩევლები გაგზავნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტერორიზმის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ავღანეთ-ჩეჩნეთის კავშირების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტების მოძიება ვერ მოხერხდა. ”ის ფაქტი, რომ გუანტანამოში მყოფ 300 პატიმრიდან მხოლოდ 3 შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩეჩნეთის კონფლიქტთან, მით უმეტეს, როცა არც ისინი არიან ეთნიკური ჩეჩნები, აქარწყლებს მითს კავშირის შესახებ ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებს შორის” –აცხადებს ნიჟნი ნოვგოროდის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, ”რუსეთ-ჩეჩნეთის მეგობრობის საზოგადოების” თანათავმჯდომარე სტანისლავ დმიტრიევსკი.”

მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში, ცხადია, ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტია, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ”პალესტინა-ისრაელის ორი ომი” – ასეა დასათაურებული ისრაელი მწერლის ამოს ოზის სტატია გაზეთ ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგში”. ამოს ოზი წერს:

”პირველ ომს პალესტინელი ხალხი აწარმოებს ოკუპაციისაგან განთავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებისთვის. ამ ომს, ყოველმა პატიოსანმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. მეორე ომს ისლამისტი ფანატიკოსები აწარმოებენ ირანიდან და ღაზიდან ლიბანსა და რამალამდე. მათი მიზანია, გაანადგურონ ისრაელი და ებრაელები გააძევონ თავიანთი მიწიდან. ყოველმა პატიოსანმა ადამიანმა უნდა დაგმოს ეს ომი. ამდენად, რეგიონში მიმდინარეობს ორი ომი, ერთი – სამართლიანი, ხოლო მეორე – უაზრო და უსამართლო.”

თვითმკვლელ ფანატიკოსთა ტერორისტულ აქტებს ”ნიუ იორკ ტაიმსი” ”ავთვისებიან სიმსივნეს” უწოდებს: ”თვითმკვლელთა ტერაქტები ყველაზე ამაზრზენი გამოვლინებაა ამჟამინდელი ინტიფადისა და თუ მუსულმანი და არაბი ლიდერები არ აღკვეთენ ამ ნიჰილისტურ მოვლენას, დაზარალდება არა მარტო ისრაელი, არამედ არაბული სამყაროც.”

ხოლო გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” აზრით, შეერთებულმა შტატებმა ზეწოლა უნდა მოახდინოს არა მარტო პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობაზე, არამედ ისრაელზეც, რომელიც არაფატის სტრუქტურების განადგურებით ლიბანის ომის დროს დაშვებულ შეცდომას იმეორებს. ამგვარი სტრატეგია მარცხისთვისაა განწირულიო – დასძენს გაზეთი.
XS
SM
MD
LG