Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ერჩის რეგიონებში ''ნაციონალურ მოძრაობას''?


დავით პაიჭაძე, თბილისი ერთ კვირაზე მეტია, პოლიტიკით დაინტერესებული ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, როგორ ხვდებიან მხარდამჭერებთან შეხვედრისათვის რეგიონებში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობისა" და "დემოკრატიული ფრონტის" წარმომადგენლებს.

ეს უკანასკნელნი ირწმუნებიან, რომ ზუგდიდის, ხობისა და ლანჩხუთის ინციდენტები ცენტრალური ხელისუფლების წაქეზებით მოხდა, ხოლო ცენტრალური ხელისუფალი - საქართველოს პრეზიდენტი - მხრებს იჩეჩავს ასეთ განცხადებებზე და ამბობს, რომ არ იცის რომელი პარტიის თავმჯდომარე სად და რისთვის დადის. ორივე მხარეს თავ-თავისი არგუმენტი აქვს.

[შევარდნაძის ხმა]: “არავითარი მონაცემები და არავითარი სპეციალური ქვედანაყოფი მე არ გამაჩნია, რომ ვუთვალთვალო, ვინ სად დადის. ჩვენთან არის მოძრაობის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება და თუ რაღაცა იქ იყო მიუღებელი – ძალიან ვნანობ, მხოლოდ ვნანობ”...

ტრადიციულ ბრიფინგზე ამ სიტყვების წარმოთქმისა და ღიმილით გაზავების დროს პრეზიდენტ შევარდნაძეს ეტყობოდა, რომ მას, უბრალოდ, ფიზიკურად არ შეეძლო აუდიტორიის მოტყუება. ნათქვამის გარდა, სწორედ პრეზიდენტის ინტონაცია და იერი გახლავთ არგუმენტი მისი სიმართლის სასარგებლოდ.

[კოტე კემულარიას ხმა]: “კი თქვა დღეს ბატონმა შევარდნაძემ, მე ასეთი სამსახური არ მყავსო, მაგრამ სხვა თითქმის არაფრით არ არის დაკავებული პრეზიდენტის რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახური, რომელიც საკმაოდ დიდია და სწორედ ასეთ საკითხებს კურირებს რეგიონებში”. ამას უკვე დეპუტატი კოტე კემულარია ამბობს, რომელიც დარწმუნებულია: დასავლეთ საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” უმსგავსი მასპინძლობა კანცელარიის კისერზეა. ხოლო “მოძრაობისა” და პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, კობა დავითაშვილი, წვრილად ჩამოთვლის პირებს, რომლებმაც ამჯერად ლანჩხუთში “აურიეს” მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს [დავითაშვილის ხმა]: “მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში შევარდნაძეს ათ კაცზე მეტი მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა, იერარქიულად ეს ათი კაცი სამ ჯგუფად იყოფოდა: პირველი, მთლად უფროსი, იყო შევარდნაძის ერთადერთი ლანჩხუთელი ნათესავის, სოფიო შევარდნაძის, მეუღლე, რომელიც მანქანაში იჯდა და გარეთ არ ჩნდებოდა. მეორე ეშელონს შეადგენდნენ ე.წ. საშუალო რგოლის ხელმძღვანელები, რომლებიც მისგან იღებდნენ მითითებებს და, თავის მხრივ, გადასცემდნენ მათ ხუთ მთვრალ ადამიანს. ამათ უშუალოდ ევალებოდათ აღსრულება, მაგრამ ძალა რომ არ ყოფნიდათ, შუა რგოლის ხელმძღვანელებიც ერთვებოდნენ. ესენი იყვნენ: ნიკა მენაღარიშვილი, ირაკლი მენაღარიშვილის (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დ. პ.) ბიძაშვილი, ნავთობის კორპორაციის ლანჩხუთის ფილიალის დირექტორის მოადგილე; გია გოგუაძე, გია ჭანტურიას (საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე – დ.პ.) მეჯვარე; ვაჟა ებრალიძე, გამგეობის კომენდანტი. იქ იყო გამგებლის ბიძაშვილიც, ასევე, ნუგზარ ჩხაიძე, ლანჩხუთის რაიაღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც ჩვენს ოპერატორს კამერა წაართვა”.

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობისა” და “დემოკრატიული ფრონტის” წევრები ამტკიცებენ, რომ მათი შეხვედრები წარუმატებელი არ ყოფილა; ლანჩხუთში, მაგალითად, სურდათ მხარდამჭერებთან შეხვედრა და შეხვდნენ კიდეც. ხელისუფლების მცდელობა, ჩაეშალა ეს შეხვედრა, ლანჩხუთიდან დაბრუნებული დავით ბერძენიშვილის აზრით, წარუმატებელი და ხელისუფლებისთვისვე წამგებიანი აღმოჩნდა; [ბერძენიშვილის ხმა]: “პირიქით, დამატებითი დივიდენდები მივიღეთ – გავიგეთ, ვინ ყოფილა საქართველოს “ცარსკოე სელოში” შევარდნაძის კლანის პერსონალური წარმომადგენლები და მე ვფიქრობ, შევარდნაძე ნანობს იმას, რომ მისი წრე და კლანი ლანჩხუთში იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ ასეთი რიგითი შეხვედრაც კი ვერ ჩაშალა”.
XS
SM
MD
LG