Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო თურქეთთან საბაჟო თანამშრომლობას აფართოებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ამასწინანდელი ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ამ ვიზიტის ფარგლებში თბილისსა და ანკარას შორის რამდენიმე საერთაშორისო პროექტზე იყო საუბარი,

რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი საბაჟო სფეროში თანამშრომლობაა.

თურქეთის სახელმწიფო მინისტრის მეჰმეთ ქეჩეჯილერის საქართველოში საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტიდან ეკონომისტები განსაკუთრებით საბაჟო სფეროში მიღწეულ შეთანხმებებს გამოყოფენ.
ვიზიტის მსვლელობისას საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა ლევან ძნელაძემ და თბილისში მეჰმეთ ქეჩეჯილერმა საქართველო-თურქეთს შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს მოაწერეს ხელი.

მანამდე თურქულმა მხარემ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ერთი მიკროავტობუსი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა.
როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ლევან ძნელაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქმი ითვალისწინებს: საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლას, თურქეთის მხრიდან ქართული საბაჟო სამსახურების რეფორმის ხელშეწყობას, აგრეთვე, ქართული საბაჟო-გამშვები პუნქტების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხში დახმარებას.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო ეფექტურს გახდის კონტრაბანდისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას.

თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის რეჟიმის გაუქმებისა და, აგრეთვე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე ორ ქვეყანას შორის დაწესებული კვოტების გაზრდის საკითხი დასვა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან, ავთანდილ ჯორბენაძესთან, გამართულ შეხვედრაზე.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში ხელმოწერილი ოქმი ითვალისწინებს, ასევე, კონკრეტულ ღონისძიებებს, კერძოდ, "თურქგოზლუ-ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტის 16 საათიან რეჟიმში გადაყვანას 1 მაისიდან, ხოლო სამომავლოდ მის 24 საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობას.

ოქმის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწილად ის პუნქტი იქცა, რომლის თანახმად, გამოთქმულია სურვილი "ჩილდირ-აქთაშ-კარწახის" საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის დაჩქარების შესახებ, რისთვისაც თურქეთი მზადაა საქართველოს გამოუყოს 10 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე კარწახამდე მისასვლელი 38 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობისათვის.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ამჟამად ორი - სარფისა და ვალეს - საბაჟო- გამშვები პუნქტები ფუნქციონირებენ.
თურქეთის მხარე მზადაა, ასევე, ქართულ მხარეს გადასცეს თავის ტერიტორიაზე ვალეს საბაჟოსთან არსებული თურქეთის საბაჟო ინფრასტრუქტურის ნაწილი კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნისათვის.
საგულისხმოა, რომ ახალი საბაჭო, ფაქტობრივად, ყველაზე უმოკლესი გზა იქნება თურქეთთან დასაკავშირებლად.კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტით თბილისი ორი კურდღლის დაჭერას ეცდება: ერთი მხრივ, ჩვენს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან, ტვირთმოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც, შესაბამისად, დამატებით შემოსავალს ნიშნავს და, ამასთან, სარფის ალტერნატივის შექმნით ცენტრალური ხელისუფლება ტვირთისა და შემოსავლის ნაწილს წაართმევს აჭარას. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერჯერობით სარფის საბაჟო, თავისი ინფრასტრუქტურით, ყველაზე გამართული გამშვები პუნქტია და, თუ ვერ მოხერხდება კარწახის თანამედროვე სტანდარტების დონეზე გამართვა, მან, შესაძლოა, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინოს.
XS
SM
MD
LG