Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საანგარიშო მოხსენება სრებრენიცაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ათ აპრილს ჰააგაში გამოქვეყნდა 7600-გვერდიანი საანგარიშო მოხსენება ბოსნიის ქალაქ სრებრენიცასა და მის მიმდებარე დასახლებებში 1995 წლის ივლისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ,

როცა ბოსნიელმა სერბებმა 7500-მდე მუსულმანი მამაკაცი და მოზარდი დახოცეს. მოხსენების ავტორები ნიდერლანდების მთავრობას, მისი ჯარის სარდლობასა და გაეროს აკისრებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ამ ყველაზე საზარელი ბარბაროსობისთვის პასუხისმგებლობას.

ტრაგედია მოხდა სრებრენიცაში, რომელიც ”უსაფრთხო ზონად” ჰქონდა გამოცხადებული გაეროს. ამ ზონის დაცვა ჰოლანდიის ორასკაციან ბატალიონს, ”დაჩბატს” ჰქონდა დავალებული. საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”დაჩბატს” მეტის გაკეთება შეეძლო მუსულმანთა დასაცავად, მაგრამ ბევრი შემარბიელებელი არგუმენტიცაა ამასთანავე მოყვანილი, რამაც სრებრენიცაში დახოცილთა ნათესავების აღშფოთება გამოიწვია.

”თქმა არ უნდა, რომ ”დაჩბატი” გენოციდის თანამონაწილეა. ნიდერლანდების მთავრობამ საგულდაგულოდ უნდა გამოიძიოს სრებრენიცაში მომხდარი ტრაგედია, წაუყენოს ”დაჩბატს” ოფიციალური ბრალდება და სამართალში მისცეს დამნაშავენი”-განაცხადა ჰასან ნუჰანოვიჩმა, რომელიც ჰოლანდიელთა თარჯიმანი იყო სრებრენიცაში 1995 წელს, და რომლის მამა და ძმა სხვებთან ერთად დახვრიტეს სერბებმა. ხუთი კვირის შემდეგ ნიდერლანდებში საყოველთაო არჩევნები გაიმართება, და საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

სამპარტიული მმართველი კოალიციის ოპონენტებმა მოითხოვეს, რომ პარლამენტმა გამოიძიოს სრებრენიცაში მომხდარი ტრაგედიის გარემოება. ”პოლიტიკოსებმა უნდა აღიარონ

ამ დანაშაულის პასუხისმგებლობა”-განაცხადა ნიდერლანდების მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსის ლიდერმა პეტერ ბალკენენდმა. ნიდერლანდების პარლამენტში 25 აპრილს დაიწყება ხსენებული საანგარიშო მოხსენების განხილვა. პრემიერ-მინისტრმა ვიმ კოკმა აღიარა, რომ მისმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო სრებრენიცაში მყოფი მუსულმანების დაცვა. ხოლო საანგარიშო მოხსენების ერთ-ერთმა თანაავტორმა ფონ დენ ბერგმა განაცხადა, რომ მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები მორალურ ტრავმას მიაყენებს ჰოლანდიელებს: [ფონ დენ ბერგის ხმა] ”ვფიქრობ ესაა განსაკუთრებით ბნელი ფურცელი ნიდერლანდების უახლეს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო კანონის უზენაესობის ავანგარდში ვხედავთ საკუთარ თავს".

”ჰოლანდიელი ცისფერჩაფხუტიანებისთვის ცხადი იყო, რომ მუსულმანებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი არჩევანი: რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ სრებრენიცა. ბუნებრივია ”დაჩბატს” ევალებოდა ამის ორგანიზება და განხორციელება, თუმცა მაშინდელი ვითარების ფონზე, ეს, ეთნიკურ წმენდაში თანამონაწილეობის ტოლფასი იყო”-ვკითხულობთ საანგარიშო მოხსენებაში. მოხსენების ავტორები მძაფრად აკრიტიკებენ ნიდერლანდების მთავრობას, რომელმაც 200 არასათანადოდ მომზადებული და მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი გააგზავნა სრებრენიცაში საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად.

მოხსენებაში გაკრიტიკებულია გაეროც, რომელმაც ”უსაფრთხო ზონად” გამოაცხადა სრებრენიცა, თანაც ისე, რომ არ განუმარტავს კონკრეტულად, რას ნიშნავდა ეს, ან როგორ უნდა მომხდარიყო მისი დაცვა, და უპასუხოდ დატოვა ამასთანავე ჰოლანდიელი ოფიცრების თხოვნა საჰაერო დაცვის შესახებ. ”უშიშროების საბჭომ შექმნა იმის ილუზია, რომ მოსახლეობა სრებრენიცაში თითქოს დაცული იყო”-ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში.

საფრანგეთის პარლამენტის მიერ გასულ ნოემბერს გამოქვეყნებული საანგარიშო მოხსენების თანახმად, სრებრენიცაში მომხდარი ტრაგედიის პასუხისმგებლობა აკისრია გაეროს სხვა წევრ-ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთსაც, რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს ხსენებული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG