Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები კოდორის ხეობის მოვლენებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 აპრილს ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში მოვლენათა შეიარაღებულ შეტაკებებში გადაზრდა უდავოდ გაამწვავებდა თბილისში.

მისი აზრით, მორიგი დესტაბილიზაციისთვის უთუოდ აფხაზეთიდან დევნილები იქნებოდნენ გამოყენებულნი, რომელთა რეაქცია კოდორის ხეობის დაკარგვის შემთხვევაში ძნელი პროგნოზირებადი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ამასობაში, კოდორის ხეობის ინციდენტს პარლამენტი ამოწურულად არ თვლის და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტარები ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ კოდორის ხეობის მოვლენებზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირების დასჯის აუცილებლობაზე, როცა ჯერაც გაურკვეველი იყო, როგორ დასრულდებოდა მოვლენები კოდორში. თუ ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი ფრაქციები, ტრადიციულად, მთელი მთავრობისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, სხვათა მინიშნებები უფრო აბსტრაქტული გახლდათ. პარლამენტარმა ელენე თევდორაძემ შარშან ნოემბერში კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა:
[ელენე თევდორაძის ხმა] “ მაშინ იყო დაგეგმილი ის, რასაც დღეს ვიმკით, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს ვიღაცის დანაშაულებრივ ქმედებებზე და ბოლომდე არასდროს არ მიგვყავს საკითხი. ჩვენ მაშინ რომ გამოგვეკვლია, ვისი ხელით იყო ჩადენილი ეს პროვოკაცია, დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით ამ პროვოკაციის გაგრძელების მოწმეები.”

სოციალისტების ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი ითხოვს, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც დაადგენს, კოდორის ხეობის მოვლენათა ორგანიზატორებს ხომ არ ამოძრავებდათ სურვილი, ჩაეშალათ რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა. როგორც იცით, ორმხრივი კომისია ამ დღეებში თბილისში მართავდა შეხვედრას.
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ დავალება მიეცეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რომ ამ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ საგანგებოდ გამოიძიოს ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზები, რათა გავერკვეთ, ხომ არ იყო ეს პირდაპირი მცდელობა და პროვოკაცია ჩაშლისა ქართულ-რუსული მოლაპარაკებებისა, რასაც მიაღწიეს კიდეც”[სტილი დაცულია].
კოდორის ხეობის მოვლენათა უკან ვინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩაშლის მცდელობა დაინახა, ვინ - ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიერ დადგმული მორიგი შოუ. არადა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლება აიძულა, ანგარიში გაეწია მისი პოზიციისთვის. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ 15 აპრილის რუსეთის გაზეთების პუბლიკაციათა დიდი ნაწილი სწორედ კოდორის ხეობის მოვლენებს ეხებოდა. “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, სხვადასხვა ინფორმაციით, კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილთა დესანტის გადასხმის ბრძანება მოდიოდა თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვისგან, რომელსაც ამით სურდა იმ მორალური ზარალის კომპენსირება, რაც რუსეთის არმიამ ამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი ჯარისკაცების მძევლად აყვანით განიცადა. თუმცა, გაზეთის თქმით, ყველაფერი პირიქით მოხდა: ასეთი დამცირება რუსეთის არმიას ბოლო წლების განმავლობაში არავისგან განუცდია.

სამწუხაროდ, იმის თქმა, რომ კოდორის ხეობის ინციდენტი ამოიწურა – ნაადრევია. რუსეთს საქართველოში სიტუაციის ასარევად კიდევ არაერთი ბერკეტი აქვს - თუნდაც მესხეთელი თურქების საქართველოში რეპატრიაციის საკითხი, რომელიც კვირის ბოლოს მოულოდნელად ძალიან აქტუალური გახდა რუსეთის ტელეკომპანიებისთვის.
XS
SM
MD
LG