Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგი მოჰყვა კოლინ პაუელის სამშვიდობო მისიას ახლო აღმოსავლეთში?


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ოთხშაბათს დაასრულა თავისი ათდღიანი სამშვიდობო მისია ახლო აღმოსავლეთში.

იერუსალიმიდან გამგზავრებამდე იგი კიდევ ერთხელ ეთათბირა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს. თუმცა, პაუელ-არაფატის ორსაათიანი შეხვედრა რამალაში, უშედეგოდ დამთავრდა.

კოლინ პაუელი შეეცადა ისრაელთან დაზავებაზე დაეყოლიებინა არაფატი, მაგრამ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა ისევ აგრესიაში დაადანაშაულა ისრაელი და განაცხადა, რომ ისრაელის ჯარის გაყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ ტაქტიკური მანევრია და სხვა არაფერი.

არაფატმა მოითხოვა, ამასთანავე, რომ შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიო თანამეგობრობამ სათანადო ზომები მიიღონ იმისთვის, რათა ისრაელის ჯარმა რამალაში მდებარე მის შტაბ-ბინას ალყა მოხსნას. იასირ არაფატთან მოლაპარაკების შემდეგ, იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე, კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მას პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის განრიგი წარუდგინა. პაუელმა აღნიშნა, ამასთანავე, რომ ტერორიზმის აღკვეთის აუცილებლობა შეახსენა იასირ არაფატს. მისივე თქმით, იმისათვის, რათა ახლო აღმოსავლეთში რეალურად იქნეს მიღწეული დაზავება, კომპრომისზე წასვლა მართებს კონფლიქტში დაპირისპირებულ ორივე მხარეს. ამასობაში, იასირ არაფატის უახლოესმა მრჩეველმა საებ ერექათმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება დღეს გაცილებით უარესია, ვიდრე კოლინ პაუელის ჩასვლამდე იყო.

მიმომხილველები ვაშინგტონში აღიარებენ, რომ, მიავლინა რა იგი სამშვიდობო მისიით ახლო აღმოსავლეთში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კოლინ პაუელს "შეუძლებლის გაკეთება" დაავალა. ვაშინგტონში მოქმედი კვლევითი ცენტრის, კატოს ინსტიტუტის თანამშრომელს გალენ კარპენტერს მიაჩნია, რომ კოლინ პაუელის არცთუ წარმატებულმა მისიამ ახლო აღმოსავლეთში, შეერთებული შტატების პრესტიჟი დასცა საერთაშორისო სარბიელზე. ხოლო ვაშინგტონში გამომავალი ჟურნალის "მიდლ ისტ ჯორნალის" რედაქტორმა, ისტორიკოსმა მაიკლ დუნმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არარეალისტური იყო იმის გაფიქრება, რომ კოლინ პაუელი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას შეძლებდა.

მაიკლ დუნი და გალენ კარპენტერი დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მოულოდნელი ჩართვა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში უწინარესად იმისთვისაა გამიზნული, რომ არაბულმა სამყარომ მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის დამხობაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისეთი ზომიერი არაბული ქვეყნებიც კი, როგორიც არიან საუდის არაბეთი და ეგვიპტე, მხარს არ უჭერენ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, ვიდრე შეერთებული შტატების შუამავლობით ბოლო არ მოეღება კრიზისს ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG