Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიმონოპოლისტებმა "შავი სია" გამოაქვეყნეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მონოპოლისტობა ქართულ ეკონომიკურ რეალობაში, ფარდობითად, ახალი ცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტი, მეტწილად, მონოპოლიზირებულია,

ოფიციალურად ამის დაფიქსირება საკმაოდ რთული პროცედურაა და, ფაქტობრივად, შეუძლებელიცაა, რადგან ბაზრის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნება, რომლის აღრიცხვა არ ხდება. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა მაინც იძლევა გარკვეული კომპანიების გამოვლენის საშუალებას, რაც ამ დღეებში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გააკეთა კიდეც. გესაუბრებათ ზაზა გაჩეჩილაძე.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან მოქმედმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა იმ კომპანიათა სია, რომლებმაც სამამულო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვეს. ანტიმონოპოლისტების ეს სია 2001 წელს ბაზრის 13 სექტორში სიტუაციის შესწავლის შედეგების მიხედვით შედგა.

ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელის არმაზ თავაძის ცნობით, გამოვლინდა 8 მონოპოლისტი კომპანია ბაზრის 6 სექტორში: "აირზენა - საქართველოს ავიახაზები" (ავიაგადაზიდვები), შპს "საქართველოს თამბაქოს წარმოება" და შპს "სთრაიქი" (თამბაქოს ბაზარი), შპს "ს. და ს." და შპს "ი. და ს." (კარაქისა და მარგარინის სექტორი, რძის პროდუქტების ბაზარი), სს "აზოტი" (სასუქების სექტორი), შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" (ყავის სექტორი), შპს "ბროსი" (წიწიბურა და ყველი).

ამასთან, მონოპოლიზაციის დონე ავიაგადაზიდვების, სასუქების, ყავის, წიწიბურას სექტორებში განსაზღვრულია როგორც მაღალი, ხოლო თამბაქოს პროდუქციის, მარგარინისა და კარაქის - საშუალო.
კომპანია მონოპოლისტები სხვა შესწავლილ საბაზრო სექტორებში არ გამოვლენილა. მთლიანობაში, 2001 წელს სიტუაცია ბაზრის 21 სეგმენტში შეისწავლეს.

როგორც ანტიმონოპოლიურ სამსახურში აღნიშნეს, მონოპოლიური მდგომარეობა, საქართველოს კანონმდებლობით, აშშ-სგან განსხვავებით, უკანონოდ არ ითვლება - ეს, უბრალოდ, მიღებული იურიდიული ტერმინია. შესაბამისად, ამ კომპანიებზე ზეწოლაც შეზღუდულია და ანტიმონოპოლიური სამსახური მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციით შემოიფარგლება. აკრძალულია მხოლოდ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად კი, მწარმოებლები ანტიმონოპოლიური სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ხვდებიან. ამას გარდა, მონოპოლისტმა კომპანიებმა რეგულარულად (3 თვეში ერთხელ) უნდა შეავსონ სტატისტიკური დაკვირვების სპეციალური ფორმა.
ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში კომპანია მონოპოლისტების სიას ანტიმონოპოლიური სამსახური რეგულარულად აქვეყნებს.

ანტიმონოპოლისტების მიერ შედგენილი ეს "შავი სია," ბუნებრივია, ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან საქართველოში მეწარმეობის დიდი ნაწილი ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნება და, შესაბამისად, მისი კონტროლი და აღრიცხვა გაძნელებულია. გარდა ამისა, სხვადასხვა ჯურის კონტრაბანდის უკან, ძირითადად, გავლენიანი ჩინოვნიკები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან, რაც, თავის მხრივ, ანტიმონოპოლისტების მოქმედების არეალს ზღუდავს.
XS
SM
MD
LG