Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანი დაკავებულები ორთაჭალის საგამოძიებო იზოლატორში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სამი არასრულწლოვანი ბინადარი ინახულეს.

სამივე დაკავებული - ზურაბ გოლობიანი, დავით ასატუროვი და მამუკა გოგინაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი. სახალხო დამცველის რწმუნებულები და უფლებადამცველები ეჭვს გამოთქვამენ, რომ პოლიციამ დაკავება კანონისა და დაკავებულთა უფლებების დარღვევით განახორციელა, თავად არასრულწლოვანები და მათი მშობლები კი აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს სცემა ეჭვმიტანილები და მათი ოჯახის წევრები, ცდილობდა მათგან ფულის გამოძალვას, ადგილი ჰქონდა ნარკოტიკების, ეგრეთ წოდებულ, "ჩადებას" და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დაირღვა პროცესუალური ნორმები.

სამი არასრულწლოვანიდან ორი - ასატუროვი და გოგინაშვილი - ცეცხლსასროლი იარაღის მოპარვისა და შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. თავად ეჭვმიტანილებიც არ უარყოფენ, რომ მათ ფიქრის გორაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის საძირკველში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სავსე ჩანთას მოჰკრეს თვალი. დავით ასატუროვი ასე აღწერს ავტომატების პოვნის ფაქტს: [დავით ასატუროვის ხმა] "კორპუსი დგას და კორპუსის ქვემოთ ამომტვრეული იყო, პატარა ნახვრეტი ჰქონდა, ჩანთა ჩანდა. მივედით მე და ბაჩოა - ერთი პატარა ბიჭია - მივედით, ვნახეთ ავტომატები, წავედით, შევინახეთ. პატარა ნახვრეტი იყო, ბოლომდე შიგნით ვერ შევიდოდით."

ასატუროვმა და გოგინაშვილმა იარაღი 53-ე სკოლის ეზოში გადაიტანეს და დამალეს, თან ამის შესახებ მეგობრებსაც გაუმხილეს. იარაღის მფლობელების ვინაობა ცნობილი არ არის, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ იარაღს რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე არასრულწლოვანი ატარებდა, მაგრამ პოლიციას არც ერთი მათგანი არ დაუკავებია. ასატუროვი ასე აღწერს მისი დაკავების ფაქტს: [დავით ასატუროვის ხმა] "შემოვარდნენ სახლში, დედაჩემი, ჩემი და და მე მცემეს. ჩაცმული არ ვიყავი და… რაღაცეები დაიწყეს. სამმართველოს თანამშრომლები არიან. სახელი-გვარი არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ. ერთ-ერთი მაღალი, მსუქანი კაცი იყო. დამიწყეს იქ - ჰა, ახლა, თქვი, ვინ რას იპარავს, რამე…"

დაკავებამდე ორივე არასრულწლოვანი ერთად მუშაობდა და ოჯახს თავისი შრომით ინახავდა. მესამე არასრულწლოვანი, ზურაბ გოლობიანი, პოლიციამ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის მომენტში დააკავა. მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში მას მარიხუანით სავსე პარკი დაახვედრეს და იძულებით დააწერინეს ჩვენება, თითქოს მან ეს პარკი სადღაც იპოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის, თქმით, გოლობიანის მონაყოლი ძალიან ჰგავს სიმართლეს: [ნანა კაკაბაძის ხმა] "დღეს ეს ბავშვი დაკავებულია ნარკოტიკების დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მამამისი მუშაობს საგადასახადოში და იქ ბავშვს დაუსვეს შეკითხვა, რამდენს გადაიხდის მამაშენი შენს გათავისუფლებაშიო. ანუ, რასაც ბავშვი ყვება, იმის მიხედვით, აშკარაა ფულის გამოძალვის მცდელობა პოლიციის მხრიდან, რისთვისაც გამოყენებულია ნარკოტიკები, რასაც პოლიცია ხშირად იყენებს ხოლმე სხვა მოქალაქეების მხრიდან. მე, პირადად, აშკარად მაქვს ეჭვი, რომ ეს ბავშვი არის ხელოვნურად დაკავებული და მაქვს ეჭვი, რომ პოლიცია ხშირად იყენებს იმ ნაცად მეთოდს ფულის გამოძალვისთვის, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე"[სტილი დაცულია].
XS
SM
MD
LG