Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური უმცირესობების დევნაში პოლიცია და უშიშროებაც მონაწილეობს


სოზარ სუბელიანი, თბილისი პოლიციისა და უშიშროების მიერ რელიგიური უმცირესობების დევნის ბოლო ფაქტი 25 აპრილს გამოვლინდა, როცა პოლიციელებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში,

"ბაჰაის კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი საზოგადოების" ერთ-ერთი წევრი არატრადიციული რელიგიური ორიენტაციის გამო სცემეს. თავად საზოგადოების წევრები ამ ეტაპზე ფაქტის გახმაურებისგან თავს იკავებენ, თუმცა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა შევიწროებასა და დევნაში სამართალდამცავების მონაწილეობა სიახლეს არ წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო ფაქტები გამოვლინდა ქუთაისში, სადაც უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები გაზეთებს აწვდიან წერილებს, რომლებშიც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა სწავლებებია განხილული.

თავისთავად, მოცალეობის ჟამს რელიგიურ თემებზე წერილებისა თუ სინანულის საგალობლების წერის უფლებას სახელმწიფო ვერც უშიშროების თანამშრომლებს ჩამოართმევს და ვერც პოლიციელებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფაქტთან, როცა უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები თავიანთი საქმიანობით რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებას უწყობენ ხელს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქუთაისის უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი თამაზ დეკანოიძე დადის ადგილობრივ გაზეთებში და დააქვს წერილები, სადაც, მისი აზრით, სხვადასხვა ცრუ სწავლებებია მხილებული.

უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ სამინისტრო ამგვარ აქტივობებს არ ახორციელებს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს რომელიმე კერძო თანამშრომლის პირადი ინიციატივა, დაფუძნებული თავად ამ თანამშრომლის პირად რწმენაზე, და არა სახელმწიფო პოლიტიკის გამოვლინება. თუმცა, იმისდა მიუხედავად, ხსენებული წერილები რელიგიური აღტყინების საფუძველზე იწერება თუ სპეციალური დავალებით, მათში გარკვეული ტენდენციაა გამოხატული. ტენდენცია კი ის არის, რომ უშიშროების სამინისტრო, ამგვარი ქმედებით, ხელს უწყობს რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებას.

სწავლების თვალსაზრისით, ეს წერილები უამრავ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს, რაც შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს, მაგრამ მათში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: წერილებში ხაზგასმითაა აღნიშნული, თითქოს ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის წევრები თავს არიდებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებათა შესრულებას, რომ მათ მტრული დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომ ისინი უარყოფენ მამა-პაპათა ტრადიციას და ასე შემდეგ. მაგალითად, ბაპტისტების შესახებ დაწერილ წერილში ნათქვამია: "ბაპტისტების დამახასიათებელი ნიშანდობლიობაა: ფიცის მიცემის უარყოფა, სამხედრო სამსახურის, სასამართლოს უარყოფა, უარყოფენ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, გააჩნიათ მიდრეკილება იუდაიზმისკენ. ესენი კვირის ნაცვლად დღესასწაულობენ შაბათს, არიან ასევე ბაპტისტები, რომელნიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი შთამომავლობის შესახებ, რომელთაგან ერთი, თითქოსდა, ეშმაკისგან არის. ბაპტისტებს გააჩნიათ მტრული დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უფრო მეტიც, ისინი უარყოფენ მოციქულთა სწავლებას ეკლესიის შესახებ." (სტილი დაცულია)

ხსენებული ციტატა, ისევე, როგორც მთლიანად ეს წერილები, შეცდომებითა და ცილისწამებითაა სავსე, თუმცა ამჯერად ჩვენი მიზანია არა ამ შეცდომათა მხილება, არამედ საუბარი იმ სულისკვეთებაზე, რითაც ეს წერილებია გაჯერებული და რა დასკვნისკენაც უბიძგებენ ისინი მკითხველს: თუკი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები თავს არიდებენ მოქალაქეობრივ მოვალეობათა შესრულებას, მტრობენ ეკლესიას, სასამართლოს, სამხედრო სამსახურს და, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას, რა გასაკვირია, რომ ჩვენი სამშობლო ასეთ დღეშია. შესაბამისად, განტევების ვაციც ნაპოვნია: ყველა უბედურებაში სწორედ ეს სექტანტები და სხვაგვარად მოაზროვნეები არიან დამნაშავენი და არა ხელისუფლება, რომელიც თავისი უუნარობითა თუ კორუფციით განვითარების ყველა გზას სპობს.
XS
SM
MD
LG