Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ჯარისკაცებმაჩეჩენ მემბოხეთა მეთაური ხატაბი მოკლეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთმა გამოაცხადა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს ჩეჩენ მეამბოხეთა მეთაური ხატაბი.



ჩეჩენ მეამბოხეთა წინააღმდეგ გაუთავებელ ომში ხატაბის მოკვლა იშვიათი წარმატება იქნებოდა რუსეთისთვის, რადგანაც ორნახევარი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა რომელიმე მნიშვნელოვანი საველე მეთაურის მოსპობა.

კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ომი, ფაქტობრივად, დამთავრებულია, მაგრამ რუსეთის ჯარისკაცები თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან მეამბოხეებთან შეტაკებებში. მხოლოდ გასულ კვირაში დაიღუპა აფეთქებაში გროზნოში 17 პრო-მოსკოველი პოლიციელი.

ხატაბის სიკვდილის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელმა ჩეჩნეთის საკითხებში სერგეი იასტრჟემბსკიმ:
[იასტრჟემბსკის ხმა] "არსებობს დოკუმენტური დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ჩეჩნეთში მოკლულ იქნა საველთე მეთაური ხატაბი საგანგებო ოპერაციის შედეგად, რომელიც უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და სხვა საგანგებო სამსახურებმა განახორციელეს."

იასტრჟემბსკიმ თქვა, რომ დამადასტურებელი საბუთები უახლოეს ხანში წარედგინება საზოგადოებას. მისი სიტყვით, ხატაბი ეკუთვნოდა "საერთაშორისო ტერორისტულ ქსელს" და ის იყო "საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი". შეერთებული შტატებისა და კრემლის ოფიციალური პირები თვლიან, რომ არსებობს კავშირი ხატაბსა და ოსამა ბინ ლადენის "ალ ყაიდის" ორგანიზაციას შორის.

უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხატაბის წინააღმდეგ რეიდი მარტის შუა რიცხვებში ჩატარდა.

მაგრამ ჩეჩნეთის ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილი. "დავიჯერებ მაშინ, როცა მის გვამს ვნახავო," თქვა ჩეჩნეთის პრო-მოსკოვურმა ლიდერმა ახმად კადიროვმა გაზეთ "იზვესტიისთვის", მიცემულ ინტერვიუში. "აქამდეც ხშირად გვესმოდა ცნობილი საველე მეთაურების განადგურების შესახებ, მაგრამ ისინი, უეცრად, გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად მოველოდითო."

ხატაბმა, ფუნდამენტალისტური ისლამის ვაჰაბიტური სექტის მხურვალემ მიმდევარმა, მთავარი როლი ითამაშა ჩეჩნეთის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში, და უმეტესწილად სეკულარული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მან გადააქცია ჯიჰადად, ბრძოლად, რომელიც კავკასიის ისლამიზაციასა და რეგიონიდან რუსეთის განდევნას ისახავს მიზნად.

რუსეთის წყაროებით, ხატაბი დაიბადა 1970 წელს იორდანიაში, შეძლებულ ოჯახში. ახალგაზრდობაში ავღანეთში წავიდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად, სადაც როგორც ფიქრობენ, კავშირი დაამყარა ბინ ლადენთან. 1993 წელს ის გადავიდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლკა ტაჯიკეთში, სადაც მონაწილეობდა სისხლიან სამოქალაქო ომში მთავრობის ძალებსა და ისლამისტ ექსტრემისტებს შორის.

1995 წელს ხატაბმა ჩეჩნეთში ამოყო თავი, არაბული ბატალიონის სათავეში, რომელიც 1500 მეომარს ითვლიდა და რუსეთის ჯარისკაცებზე ყველაზე დაუნდობელ თავდასხმებს ახორციელებდა.

რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, ხატაბი იყენებდა რა კავშირს ბინ ლადენთან, გახდა ჩეჩენ მეამბოხეთა მოძრაობის მთავარი დამფინანსებელი.

"ის იყო არაბული სამყაროდან ფინანსური დახმარების მთავარი გამნაწილებელი," თქვა ასლამბეკ ასლახანოვმა, რუსეთის პარლამენტში ჩეჩნეთის პრო-მოსკოვურმა წარმომადგენელმა. "ახლა, როცა ის აღარ არის, შეიძლება ფინანსების ეს წყარო დაიშრიტოსო."

შეგახსნებთ, რომ 1999 წლის ზავხულში, ხატაბი და შამილ ბასაევი იყვნენ დაღესტნელი ვაჰაბიტების აჯანყების დაწყების მცდელობის ავტორები. ეს 1999 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთში რუსეთის ჯარების შეყვანის საბაბი გაცხდა.
XS
SM
MD
LG