Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვაშინგტონ პოსტი” პანკისის ხეობის შესახებ


შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა ითვალისწინებს საქართველოში ანტიტერორისტული კამპანიის მხარდაჭერას.

უპირველეს ყოვლისა ეს ეხება პანკისის ხეობას, რომლის გარშემო დღემდე გაურკვევლობა სუფევს.

ამ პატარა ხეობას, რომლის სახელს არაერთხელ შევხვედრივართ მსოფლიო პრესის ფურცლებზე უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, ეძღვნება გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” 29 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით ”ქართველები მადლობელი არიან ამერიკის ანტიტერორისტული ძალისხმევისთვის”.

ავტორი, შარონ ლაფრანიერი სტატიას იწყებს 27 წლის ზურაბ ხანგოშვილზე, პანკისის მკვიდრ ქისტზე, საუბრით. მისი თქმით, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოგზაურობდა თბილისსა და ბაქოში. იგი საუდის არაბეთში, მექაშიც კი ყოფილა.

მაგრამ ეს მოხდა მანამდე, სანამ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია ხანგოშვილსა და ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ქსელს, ”ალ-ყაიდას” შორის კავშირის თაობაზე. ორი დღის შემდეგ – ვკითხულობთ სტატიაში – ხანგოშვილი დააპატიმრეს. დააპატიმრეს აგრეთვე ჩეჩენი ჟურნალისტი ისლამ საიდიევი, რომელიც საუდის არაბეთში ახლდა ხანგოშვილს.

ეს დაპატიმრებები პირველი ხელშესახები ნიშანია შეერთებული შტატების ზეწოლისა საქართველოზე, რომ ამ უკანასკნელმა იერიში განახორციელოს ”ალ-ყაიდასთან” დაკავშირებულ ტერორისტებზე პანკისის ხეობაში.

საამისოდ შეერთებული შტატები საქართველოს 64 მილიონ დოლარს დაჰპირდა 1500 ქართველი მეომრის მომზადებისა და აღჭურვისათვის. ისინი დაახლოებით 150-მა ამერიკელმა ინსტრუქტორმა უნდა გაწვრთნას.

საქართველო მიესალმება ამ პროგრამას. საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსებიც კმაყოფილი არიან, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას ახორციელებს მთავრობაზე, რომელიც უგულებელყოფდა და, ზოგიერთი მონაცემებით, ხელს უწყობდა ადამიანების გამტაცებლებს, ჰეროინის კონტრაბანდისტებს, იარაღით მოვაჭრეებსა და რუსეთის არმიას გამოქცეულ ჩეჩენ მებრძოლებს.

საკითხავია, დაიჭერს თუ არა საქართველო ტერორისტებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის დაუსვამ ამ შეკითხვასო, შენიშნავს ლაფრანიერი.

აღარავინ დაობს, რომ ხეობის 18 სოფელში რაღაც რაოდენობის არაბები დასახლდნენ. მაგრამ სადაოა ის, თუ როდის ჩავიდნენ იქ, რა რაოდენობით და კვლავაც იქ რჩებიან თუ არა. მათი იქ ჩასვლის მიზეზებზე კიდევ უფრო მეტი მარჩიელობა შეიძლებაო, წერს ”ვაშინგტონ პოსტის” ავტორი.
შეერთებული შტატების პოზიცია არაორაზროვანია. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 11 მარტს განაცხადა,”პანკისში ‘ალ-ყაიდასთან’ დაკავშირებული ტერორისტები მოქმედებენო”.

საქართველოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ფილიპ რემლერმა თებერვალში განაცხადა, რომ ავღანეთიდან გაქცეულმა ათობით მუჯაჰედინმა შეაფარა თავი პანკისის ხეობას. მისი თქმით, ისინი კავშირში იმყოფებიან ხატაბთან და ხატაბი კავშირშია ბინ ლადენთან.

ბოლოს ავტორს მოჰყავს საქართველოს უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ, მართალია, ხეობაში არაბები შემჩნეული არიან, მაგრამ ისინი აქ 11 სექტემბრის მერე არ გაჩენილან და ბევრად ადრე, ათი წლის წინ ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG