Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა, "გარღვევად" შეფასდეს შეთანხმება შინა პატიმრობიდან იასირ არაფატის გათავისუფლების შესახებ?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ კვირას, შეერთებული შტატების შუამავლობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ისრაელთან პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის განთავისუფლების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ არაფატი უკვე ერთი თვეა, ქალაქ რამალაში, თავის შტაბ-ბინაშია გამომწყვდეული. ამის სანაცვლოდ არაფატი დათანხმდა ისრაელის მოთხოვნას, დააპატიმროს შტაბ-ბინაში შეხიზნული ექვსი პალესტინელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისრაელის ტურიზმის მინისტრის რეჰავიმ ზეევის მკვლელობაში. ერთ მათგანს კი იარაღის კონტრაბანდაშიც ადანაშაულებენ. მიმომხილველთა უმრავლესობა ამ გარიგებას გარღვევად აფასებს. მაგრამ ზოგიერთის აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სწორი მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

კომპრომისის პირობებით, ისრაელმა უნდა გაიყვანოს თავისი ტანკები მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალადან, სადაც პალესტინელთა თვითმმართველობის შტაბ-ბინა მდებარეობს. არაფატს მიეცემა პალესტინელთა ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. საზღვარგარეთ წასვლის ნება მას არ ექნება.

ექვს ეჭვმიტანილ პალესტინელს კი გადაიყვანენ პალესტინელთა ციხეში, სადაც ისინი ამერიკელებისა და ბრიტანელების მეთვალყურეობის ქვეშ დაელოდებიან გასამართლებას ისრაელში.

ცნობებით, ამ გეგმის ავტორია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, და პირველად ამ საკითხზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ამ თვის დამდეგს, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს. ამას დაემატა მრავალი სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს შორის.

იერუსალიმიდან მიღებული ცნობების თანახმად, ისრაელი მხოლოდ იმიტომ წავიდა ამ კომპრომისზე, რომ გაეროსთან კონფრონტაციაში ვაშინგტონი მას მხარდაჭერას დაპირდა.

გაერო პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში მისიის გაგზავნას აპირებს, იმის გამოსარკვევად, მოაწყეს თუ არა იქ ისრაელის ჯარისკაცებმა ხოცვა-ჟლეტა, როგორც პალესტინელთა ოფიციალური პირები ირწმუნებიან. ისრაელი ამას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, გააფთრებულ ბრძოლაში მოკლულ იქნა რამდენიმე ათეული ადამიანი და მათი უმრავლესობა შეიარაღებული მამაკაცები იყვნენ.

ისრაელი შიშობს,რომ გაეროს მისია მიკერძოებული იქნება და მოითხოვს მისიის შემადგენლობისა და მანდატის შეცვლას. ისრაელი თვლის, რომ მისიამ უნდა შეისწავლოს ბანაკში პალესტინელთა ტერორისტული ინფრასტრუქტურა და, შესაბამისად, საჭიროა ჯგუფში ტერორიზმის ექსპერტების შეყვანა.

ორშაბათს, შეთანხმების დადებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ისრაელის ჯარები შევიდა ქალაქ ჰებრონში, სადაც 17 პალესტინელი დააპატიმრა, ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.

პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრის იასერ აბედ რაბოს განცხადებით, რომ ჰებრონში შეჭრა აჩვენებს, რომ ისრაელი პალესტინელთა წინააღმდეგ ომის გაგრძელებას აპირებს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერსმა სცადა, გაეფანტა ამგვარი ეჭვები.

[პერესის ხმა] "ისრაელი არსად არ აპირებს შეჭრას. მაგრამ როცა ტერორისტები გარკვეული ადგილიდან მოდიან, ჩვენი ჯარისკაცები მიდიან იქ, ეძებენ ტერორისტებისა და მკვლელების ბუდეს და ცდილობენ იმ ადამიანების დაპატიმრებას, ვინც პასუხისმგებელია მკვლელობებისთვის."

ბუშმა, განაცხადა რა მიღწეული შეთანხმების შესახებ, როგორც ყოველთვის, მოუწოდა ყველა მხარეს: ისრაელს, პალეტინელებსა და არაბულ ქვეყნებს წვლილი შეიტანონ სამშვიდობო გარიგებაში.

ვაშინგტონელი ექსპერტი ჯოზეფ სერინსიონე ამ გარიგებას არა გარღვევად, არამედ, უბრალოდ პირველ ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი აზრით, გარიგება არის მხოლოდ და მხოლოდ ბუშის მცდელობა გამოასწოროს ვითარება, რომელიც მკვეთრად გაუარესდა ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ვაშინგტონის ჩაურევლობის შედეგად.

სერინსიონეს აზრით, ბუში სხვადასხვა მხრიდან განიცდის ზეწოლას: რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრი მოითხოვს, რომ ისრაელმა საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვაროს; არაბული ქვეყნები შარონის მოთოკვას ითხოვენ, ხოლო შარონს აღიზიანებს, რომ ბუში მის საქმეებში ერევა.
XS
SM
MD
LG