Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჰაბიზმის საფრთხეები საქართველოსთვის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 66-ე ნომერში გამოქვეყნებულია პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას სტატია სათაურით "თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში რეგიონული პროცესების მაგალითზე".

ნაშრომში, კერძოდ, ნათქვამია, რომ კავკასიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის, ძირითადად კი, ვაჰაბიზმის მიმართულებაა ფეხმოკიდებული, ხოლო მისი გავრცელების მთავარი არეალი უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ავტორი გამოყოფს იმ საფრთხეებს, რომლებიც საქართველოს შეიძლება დაემუქროს ვაჰაბიზმის კერების სიახლოვის გამო.

ავტორის თქმით, “საქართველოს სიახლოვეს ისლამისტურ ფორმირებათა ბაზების არსებობა და მათ ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მომზადება უშუალო საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას”. არ არის გამორიცხული, – წერს იგი, – რომ სასწავლო ცენტრებმა საქმიანობაში ჩართონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მოწინააღმდეგენი, რაც უკვე დადასტურდა ავტურის საწვრთნელ ბაზაზე 9 თებერვლის ტერორისტული აქტის მომწყობთა მომზადების ფაქტით.

ავტორი არც იმას გამორიცხავს, რომ “საკუთრივ ისლამისტური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ, განსაკუთრებით, შესაძლო ანტიტერორისტული კამპანიის ჩატარების კონტექსტში”.

ავტორი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ბაქო-სუფსისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალების უსაფრთხოების საკითხი, რადგან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, “მოსალოდნელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს ჩეჩნეთისა და “ოპეკის” წევრ-სახელმწიფოთა ინტერესები. კერძოდ, “დიდი ნავთობის” საქართველო-თურქეთის გავლით გატანა და რუსეთ-ჩეჩნეთის მარშრუტის გვერდის ავლა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მორიგ დაცემას გამოიწვევს და რუსეთ-ჩეჩნეთის ფინანსური ინტერესები გაუთვალისწინებელი დარჩება. ამან კი, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”.

ვახტანგ მაისაიას თქმით, “მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია საქართველოს სიახლოვეს დისლოცირებული ვაჰაბისტური სამხედრო დაჯგუფებების გამოყენება საქართველოზე ზეწოლის მიზნით”.

ავტორი ითვალისწინებს ისეთ საკითხსაც, როგორიცაა ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის ინტენსიური ტემპით მიმდინარეობა.

პანკისის პრობლემასთან დაკავშირებით სტატიაში ნათქვამია, რომ “პანკისის ხეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემთხვევაში, ქისტურ მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია ათასი შეიარაღებული კაცის დარაზმვა. სწორედ ამიტომ პოლიციისა და სამხარეო ადმინისტრაციის პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან ფრთხილად და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობასთან (განსაკუთრებით, უხუცესებთან) შეთანხმებით უნდა განხორციელდეს”.

შემდეგ ავტორი წერს, რომ “საქართველოში მცხოვრები აზებაიჯანლები შიიტები არიან, რაც, წესით, გამორიცხავს სუნიტური ვაჰაბიზმის გავრცელებას მათში”, მაგრამ, როგორც სტატიაშია აღნიშნული, “ვაჰაბიზმი ისლამიზმის პირვანდელ სახეს ქადაგებს, რის გამოც ბოლო დროს აზერბაიჯანლებს შორის ვაჰაბიზმს აქტიური მიმდევრებიც გაუჩნდნენ”.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ “საქართველოში ვაჰაბიზმს ნაკლებად აქვს გავრცელების პერსპექტივა, მაგრამ მისგან მომდინარე საფრთხეები სავსებით რეალურია და გასათვალისწინებელი”. თუმცა, ვახტანგ მაისაიას თქმით, “დროული პრევენტული და წინასწარგააზრებული ზომების მიღებით, აღნიშნულ საფრთხეთა მასშტაბები შეიძლება მინიმუმადე იქნას დაყვანილი”.
XS
SM
MD
LG