Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კაკაბაძე: გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო.


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა დავით კაკაბაძე: გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო.

ახლა “მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით. ჩვენი ყოველკვირეულ რადიოჟურნალის 433-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ თბილისის მოსახლეობის სეისმური დაცვის პრობლემატიკაზე; გესაუბრებით კომუნისტურ მოძრაობაზე, როგორ შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ნაირსახეობაზე; მოგითხრობთ წარმართული ხანის ერთ დღესასწაულზე, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში დღესაც აღინიშნება; გიამბობთ იმაზე, თუ რა ცვლილებები ელის საქართველოს ბიბლიოთეკებს; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას ჯაზური მუსიკის ცნობილ შემსრულებელზე, კონტრაბასისტ რონ კარტერზე. პრაღაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

თბილისის მოსახლეობის სეისმური დაცვის პრობლემატიკა

დავით კაკაბაძე:
25 აპრილს თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ გამოავლინა მთელი რიგი სერიოზული ნაკლოვანებებისა, რომლებიც მოსახლეობის სეისმური დაცვის პრობლემას უკავშირდება. ეს პრობლემა არაერთ საკითხს მოიცავს, მათ შორის, ქვეყანაში სეისმური ქსელის არსებობას, სეისმოლოგიური კვლევების ჩატარებას სეისმური საშიშროების შესაფასებლად, სამაშველო სამსახურის გამართულ მუშაობას, მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარებას და სხვა. გიორგი კაკაბაძე ამ საკითხებზე ესაუბრა გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის განყოფილების გამგეს, ზურაბ ჯავახიშვილს. ვფიქრობთ, კომპეტენტური სპეციალისტის მოსაზრებები თქვენც დაგაინტერესებთ.

გიორგი კაკაბაძე:
როგორც ზურაბ ჯავახიშვილი აღნიშნავს, მოწესრიგებული სეისმური ქსელის პირობებში, [ჯავახიშვილის ხმა] “პირველ რიგში, რეაგირება უნდა გაეკეთებინა სეისმურ სამსახურს. ეს ნიშნავს მიწისძვრის ეპიცენტრის, მაგნიტუდის სწრაფ განსაზღვრას, შესაძლო ზარალის შეფასებას, რაც, წესით, რამდენიმე წუთში უნდა მოხდეს და მიღებული ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა გადაეცეს სათანადო ორგანიზაციებს. ამ მხრივ, ძალიან დიდი ჩავარდნა გვქონდა: მიწისძვრიდან თითქმის ნახევარი საათის შემდეგ მოგვაწოდეს საინფორმაციო საშუალებებმა რაღაც ცნობა მომხდარის თაობაზე”.

რამ განაპირობა ინფორმაციის სიმწირე 25 აპრილის მიწისძვრის შესახებ? ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, საქართველოს სეისმოლოგიური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ 1991 წლისათვის ქვეყანაში მუშაობდა 40 სეისმური სადგური, დღეისათვის კი 10 სადგური ფუნქციონირებს. ამასთან, უსახსრობის, ენერგეტიკული კრიზისის თუ სხვა მიზეზთა გამო, როგორც წესი, ერთდროულად მხოლოდ 4 სადგური მუშაობს. თბილისის მიწისძვრის შემთხვევაში კი არსებობს 3 სადგურის მონაცემები. ეპიცენტრის ძალიან სწრაფად განსაზღვრა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებდა: გორის, დუშეთის, თონეთის, სართიჭალის, დავითგარეჯის სადგურები.

მიწისძვრის დროს დენი არ მიეწოდებოდა თბილისის ობსერვატორიას, რის გამოც მაღალი მგრძნობიარობის აპარატურაზე ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.
სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ორი ხელსაწყოს საშუალებით მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ. [ჯავახიშვილის ხმა] ”ამ ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე გავაკეთეთ დასკვნა, რომ მიწისძვრა თბილისში მოხდა. ჩვენ დაახლოებით მივუთითეთ კიდეც რაიონი, მაგრამ ეპიცენტრის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელი გახდა, თუნდაც სხვა სადგურებიდან მიღებული ინფორმაციების შემდეგ იმიტომ, რომ უახლოესი მოქმედი სადგური, ახალქალაქისა, თბილისიდან 110 კილომეტრითაა დაშორებული”.

გარდა ამისა, ზურაბ ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ის ქსელი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისისათვის არსებობდა, მთლიანად დაიშალა, ხოლო მოქმედ სადგურებში მოძველებული აპარატურა ფუნქციონირებს. სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა თბილისის მიწისძვრის ეპიცენტრის ზუსტი დადგენა, რის გამოც სერიოზული სიძნელეები შეექმნათ როგორც სეისმოლოგიის სპეციალისტებს, ისე სამაშველო სამსახურს.

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ მოსახლეობის სეისმური დაცვისა და მეცნიერების განვითარების პრობლემები ერთ კონტექსტში განიხილებოდეს, მაგრამ სეისმური დაცვის პრობლემატიკა ეყრდნობა სეისმოლოგიური მეცნიერების მიღწევებს და, აქედან გამომდინარე, სეისმოლოგიას საქართველოში გაცილებით მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაც, უპირველესად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მკვეთრ გაუმჯობესებას გულისხმობს. [ჯავახიშვილის ხმა] ”უკვე რამდენიმე წელიწადია, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ რაიმე აპარატურა, მათ შორის, კომპიუტერები, რომ არაფერი ვთქვათ ძვირად ღირებულ სეისმოლოგიურ ხელსაწყოებზე. კომპიუტერული ტექნიკა გვაქვს მხოლოდ გრანტებიდან. ფაქტობრივად, არც ერთი კომპიუტერი არ შეძენილა ინსტიტუტში საბიუჯეტო სახსრებით”.

რაც შეეხება მოსახლეობასთან საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარებას, რესპონდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, მოსწავლეები და სტუდენტები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ სეისმურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ. მაგალითად, თბილისში 7-ბალიანი მიწისძვრის მოხდენის ალბათობა შეადგენს 2%-ს 50 წლის განმავლობაში.
[ჯავახიშვილის ხმა] ”საქართველოს და, საერთოდ, კავკასიას მიიჩნევენ ე.წ. საშუალო სეისმურობის ზონად. ეს ნიშნავს იმას, რომ, საბედნიეროდ, ძლიერი მიწისძვრები აქ ხშირად არ ხდება, მაგრამ მაინც ხდება და მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცეს მიწისძვრის დროს”.

ზურაბ ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ინფორმაციის სიმწირის გამო აღმოჩნდა თბილისელებისათვის სრულიად მოულოდნელი 25 აპრილის მიწისძვრა.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

კომუნისტური მოძრაობა – შეთქმულების თეორიის ნაირსახეობა

დავით კაკაბაძე:
არსებობს მოსაზრება, რომ იმ დღეს, როცა ადამიანებმა ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ფორმებს მიაკვლიეს, საფუძველი ჩაეყარა შეთქმულების თეორიებსაც. ამ ”პირველი თეორიების” ნაწილი მალევე მიეცა დავიწყებას, ან მითად იქცა – რად ღირს თუნდაც ჰომეროსის დიდებული ეპოსის, ”ილიადას” მაგალითი, სადაც ოლიმპოს ღმერთები ორ ჯგუფად – ტროას დამცველებისა და აქაველების მფარველებად არიან დაყოფილი და, შესაბამისად, მოწინააღმდეგე ბანაკს მიზანმიმართულად ებრძვიან.

აი, შეთქმულების თეორიების ნაწილმა კი – რასაკვირველია, მოდიფიცირებული ფორმით – დღემდე მოაღწია. საილუსტრაციოდ გამოდგება კლასიკური ნიმუში: მბრძანებელი – იქნება ეს სამხედრო სარდალი, მოძღვარი, მეფე, იმპერატორი, ტრიუმვირატის წევრი თუ პრეზიდენტი – ცდილობს დაარწმუნოს ქვეშევრდომები, რომ მათს წინააღმდეგ მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ადამიანთა ჯგუფი – იქნება ეს მეზობელი ქვეყანა (ვთქვათ, კართაგო) გარკვეული ეთნოსის წარმომადგენლები (მაგალითად, ებრაელები), თუ გარკვეული რელიგიური მოძღვრების მიმდევრები (დავუშვათ, იეღოვას მოწმეები)... ამიტომ ”შეთქმულთა” მოქმედება უნდა აღიკვეთოს, რის მისაღწევადაც მათ – პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით – ომს უცხადებენ.

შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ნაირსახეობად მეცნიერები მიიჩნევენ კომუნისტურ თეორიას “მსოფლიო რევოლუციის” შესახებ, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ლოგიკურად იქცა “საბჭოთა მოდელის ექსპორტად”. ისევ მეცნიერთა შეფასებას თუ დავეყრდნობით, საბჭოთა კონცეფცია “გაღლეტილთა შეთქმულებად” შეიძლება იქნეს აღქმული, როცა გარკვეული სოციალური ტიპის წარმომადგენლები, თავად რომ არ ფლობენ სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შეპყრობილი არიან ელვისებური რევანშის იდეით, “გაღლეტილთა დიქტატურის” შექმნას რომ გულისხმობს. რამდენად შეიძლება კომუნისტური მოძრაობის მიკუთვნება კონსპიროლოგიის თეორიისთვის? ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
წელს მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე – 1 მაისი ქართველმა კომუნისტებმა არ თუ ვერ აღნიშნეს. “პროლეტარების გაერთიანების” მოწოდება დღეს მაინცდამაინც აქტუალურად არ გამოიყურება, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი კომუნისტები საკმაოდ აქტიურად ურთიერთობენ ერთ დროს უძლიერესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის, კომუნისტრური პარტიის, ნაციონალურ ორგანიზაციებთან.
რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომლის თანახმადაც, კომუნისტური მოძრაობა შეთქმულების თეორიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს? მწერალი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებით აცხადებს:
[დავით ზურაბიშვილის ხმა] “ თავისთავად, მარქსიზმის თეორია კონსპირაციის ელემენტებს ატარებდა. იყო კაპიტალისტების კლასი, რომელიც ყველაფერს მართავდა...მარქსიზმით – არის მჩაგვრელთა და ჩაგრულთა კლასი. ეს მჩაგვრელი არის უხილავი. ეს არ არის კონკრეტული პირი – ანონიმია. კონსპირაციის თეორიისთვის ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა იცოდე, ვინ არის კონკრეტულად. ხელს ვერ დაადებ – ესენი არიან.”
საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ “ბოლშევიკური შეთქმულების” გავრცელების შიში დასავლეთის სახელმწიფოებში დიდი ხნის მანძილზე უაღრესად აქტუალური გახლდათ. მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში ანტიკომუნისტური შეთქმულების საშიშროების თეორია სახელმწიფო რანგში იყო აყვანილი.
[დავით ზურაბიშვილის ხმა] “ერთის მხრივ, კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათი ოფიციალური დოქტრინა იყო ათწლეულების განმავლობაში, რომ არის გარკვეული იმპერიალისტური წრეები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის დაამხობენ საბჭოთ კავშირს და დაუღალავად შრომობენ ამ მიმართულებით. შეთქმულების თეორიის მომენტი იყო – მტრები გვებრძვიან. ეს იყო ოფიციალური დოქტრინა.”
საბჭოთა იმპერიის არსებობის მანძილზე, გარე მტრების გარდა, შიდა მტრებთანაც გამალებული ბრძოლა მიდიოდა. “მტერი” სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო: ტროცკისტები, უკლონისტები, კულაკები, კოსმოპოლიტები, სიონისტები, ექიმები.– ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, საბჭოთა წყობილების მტრები საბჭოთა ხალხის ბედნიერების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რათა “გათავისუფლებული პროლეტარიატისთვის” ისევ ბორკილები დაედო ხელზე.
დასავლეთში გავრცელებული მოსაზრებით, კომუნისტებს მასონურ ორგანიზაციასთანაც ჰქონდათ კავშირი. დავით ზურაბიშვილი ამ მოსაზრებას არასერიოზულს უწოდებს:
[დავით ზურაბიშვილის ხმა] “ ამბობენ, რომ კომუნისტები იყვნენ მასონები. ეს არის აბსოლუტური სისულელე იმიტომ, რომ არ სჭირდებოდათ. თვითონ იყვნენ ისე მოწყობილები, ეს იყო ცალკე ლოჟა, შეიძლება ითქვას, კომუნისტური. და სხვაზე დამოკიდებულები არავითარ შემთხვევაში არ გახდებოდნენ.”

ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც კომუნისტები მომხდარს შეთქმულების შედეგად განიხილავდნენ. არ დარჩენილა კომუნისტური მიმდინარეობის გამოცემა, “ალან დალასის გეგმად” წოდებული დოკუმენტები რომ არ გამოექვეყნებინა, რომლის ჭეშმარიტებაში კომუნისტები სრულიად დარწმუნებულნი არიან.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდიის” შემდეგ გამოშვებებში კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით თემებს, რომელთა შესახებ ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები არსებობს, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო, ზოგჯერ ურთიერგამომრიცხავ მოსაზრებებს იწვევს, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიშს ბადებს, რადგან ფარული და ვითომდა სახიფათო ძალების მოქმედებაზე მიუთითებს; ამიტომ გადავწყვიტეთ, ზუსტად ორ კვირაში ”მეათე სტუდიის” რუბრიკა ”შეთქმულების თეორიები” მიწისძვრაზე საუბარს დავუთმოთ. დაინტერესებულ მსმენელს ვთხოვთ, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაგვიკავშირდეს, რათა შეკითხვები და წინადადებები მოგვაწოდოს: რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ტელეფონის ნომრებია 92 23 68 ან 92 22 67. ცხადია, შეგიძლიათ, პრაღაშიც დაგვირეკოთ: უნდა აკრიფოთ კოდი 4202, შემდეგ კი ნომერი 2112 2261 ან 2112 2263. ქართული რედაქციის საინტერნეტო გვერდის მისამართია www.tavisupleba.org. ველით თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

ვალპურგის ღამე

დავით კაკაბაძე:
ყოველ წელს, როცა სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტური თუ სოციალ-დემოკრატიული პარტიები, პროფკავშირები თუ მშრომელთა ინტერესების დანარჩენი დამცველები საპირველმაისო თადარიგს იჭერენ, ევროპის ზოგ რეგიონში სხვა ყაიდის ზეიმისათვის მზადება მიმდინარეობს. დიახ, პირველი მაისი არა მარტო მშრომელთა დღესასწაულია: ამ თარიღს, უფრო ზუსტად კი 30 აპრილისა და 1-ლი მაისის ღამეს უკავშირდება გაცილებით უფრო ძველი ტრადიცია, რომლის შესახებ მარიამ ჭიაურელი გიამბობთ.

მარიამ ჭიაურელი:
უხსოვარი დროიდან ასე იყო: გერმანელების წინაპრები ჰარცის მთებში იკრიბებოდნენ, რათა -ჭიაკოკონობით გამოთხოვებოდნენ მოყირჭებულ ზამთარს და მსხვერპლშეწირვის რიტუალით, სიმღერითა და ცეკვით შეგებებოდნენ სანატრელ გაზაფხულს. ასეთი ან მსგავსი ტრადიცია, რასაკვირველია, სხვა კულტურებშიც, მათ შორის ქართველთა წეს-ჩვეულებებშიც მოიძებნება. მაგრამ თუ საქართველოში ჭიაკოკონობა, ჩვეულებრივ, დიდ ხუთშაბათს აღინიშნება, დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ხალხები ცეცხლით განწმენდის დღეობას სხვა თარიღს უკავშირებენ. ამ ხალხებს შორის იყვნენ ჯერ კიდევ წარმართი საქსონელები, რომლებიც ზამთრისა და გაზაფხულის გასაყარს 1 მაისის წინა ღამით ზეიმობდნენ. აი, ზეიმის სახელწოდება კი უკვე ქრისტიანული პერიოდიდან მოდივს: კათოლიკურმა ეკლესიამ პირველი მაისი გამოაცხადა წმინდა ვალბურგას ხსენების დღედ, რის შემდეგაც გერმანულ კულტურას ”ვალპურგის ღამე” მოევლინა.

მსმენელს ”ვალპურგის ღამე”, შესაძლოა, იოჰან ვოლფგან გოეთეს გრანდიოზული ”ფაუსტიდან” ახსოვდეს, მაგრამ ის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და სამარცხვინო პერიოდსაც უკავშირდება. მრავალი ისტორიკოსი ასე მოიხსენიებს ”კუდიანებზე ნადირობის” ეპოქას, რომელსაც დასაბამი საქსონელების იძულებითმა გაქრისტიანებამ მისცა: სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ყველას, ვინც ძველ ტრადიციებს, მათ შორის ჰარცის მთებში შეკრებისა და ძველი ღმერთების თაყვანისცემის წესს არ უღალატებდა. ბრძენი ქალები, რომელთაც ასეთი შეკრებების დროს რჩევას სთხოვდნენ, კუდიანებად შეირაცხნენ – მათ ეშმაკთან კავშირში ადანაშაულებდნენ, მათ ცოდნას ჯადოქრობად მიიჩნევდნენ.

1398 წელს პარიზის უნივერსიტეტის თეოლოგიურმა ფაკულტეტმა კუდიანების ”ეშმაკთან კავშირი” დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადა, რასაც მალე სისხლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვა. ვინც ინკვიზიციის წინაშე აღმოჩნდებოდა, გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად არ ჰქონდა: თუ ბრალდებული დანაშაულს არც წამების დროს აღიარებდა, მას ტკივილის ატანის ეშმაკისეული საიდუმლოს თანაზიარობას დასწამებდნენ. თუმცა ბრალდებულთა უმრავლესობა ტანჯვას ვერ უძლებდა. წამების სხვადასხვა იარაღის გარდა, განსაკუთრებით ”რეკომენდირებული” იყო ე.წ. ”წყლით გამოცდა”: თუ წყალში ჩაგდებული გაკოჭილი ბრალდებული დაიხრჩობოდა, ის უდნაშაულოდ ცხადდებოდა, რაც მას, ცხადია არ არგებდა, რახან ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ თუ ხელ-ფეხ- შეკრული ბრალდებული წყალზე ტივტივს მოახერხებდა, მას ეშმაკისეულად მიიჩნევდნენ – ამ დანაშაულს კი სასჯელად დაწვა შეესაბამებოდა.

არავინ უწყის, ზუსტად რამდენი ადამიანი შეიწირა კუდიანების დევნის მანიამ – მეცნიერთა ვარაუდით, 7-დან 9 მილიონამდე ადამიანს, უმეტესწილად ქალებს, სიცოცხლის ფასად დაუჯდათ წარმართული საგაზაფხულო დღესასწაულის ”ეშმაკისეულთა ზეიმად” გამოცხადება. ”კუდიანების” დაწვის ბოლო შემთხვევები გერმანიაში 1782 წელს აღირიცხა და მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, ვიდრე ადამიანებს ძვალსა და რბილში გამჯდარი შიში გაუქრებოდათ. დღეს ”ვალპურგის ღამე” ისევ მხიარულ, ხმაურიან ზეიმად არის ქცეული: ცეცხლით განწმენდის დღეობას კოცონის გაჩაღებით, ე.წ. ”მაისის ხის” აღმართვით, სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავენ არა მარტო ჰარცის მთებში, არამედ გერმანიის სხვა რეგიონებშიც, აგრეთვე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ირლანდიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში. თუ როგორ აღნიშნავენ– ამის შესახებ მოგვითხრობს ჩვენი პრაღელი თანამშრომელი, ვალპურგის ღამის მონაწილე ივანა აიგნეროვა, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ პირველი მაისის წინა ღამეს ჩეხეთში ძველად წმინდა ფილიპესა და იაკობის ღამეს უწოდებდნენ, ახლა კი უბრალოდ ”კუდიანების ღამედ” მოიხსენიებენ.

[ივანას აიგნეროვას ხმა] ”იკრიბება უმთავრესად ახალგაზრდობა – იქნება ეს ქალაქებსა თუ სოფლებში. ეს მათთვის ერთმანეთის გაცნობის, დამეგობრების, ერთად დროსტარების შესაძლებლობას იძლევა. საღამო ხანს სინი ღია ცის ქვეშ იკრიბებიან, ანთებენ კოცონს, საუბრობენ, მთელი ღამე მღერიან და ცეკვავენ, კოცონს ახტებიან. კოცონი კი განწმენდის სიმბოლოა. ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ პირველი მაისის წინა ღამეს კუდიანების შეკრება იმართებოდა. კოცონი კი მათგან დაგიცავდა – ცეცხლი ხომ ჯადოქრებისაგან თავის დაცვის ერთადერთ იარაღად მიაჩნდათ. დღეს კუდიანებზე მხოლოდ ხუმრობას თუ გაიგებთ- მაგალითად, ქალებს ეხუმრებიან, ღამით გარეთ არ გახვიდე, კოცონში არ ჩაგაგდონო. მაგრამ სინამდვილეში დაწვით აღარაფერს წვავენ – არც კუდიანებს და არც მათ სიმბოლურ გამოსახულებას.”

ასე რომ, ”კუდიანებზე ნადირობა” წარსულს ჩაბარდა, თუმცა არა ”კუდიანებზე ნადირობა” ამ ცნების გადატანითი მნიშვნელობით: ის, ძალაუფლების მქონეთ შიგადაშიგ გაახსენდებათ ხოლმე. ასე მოხდა, მაგალითად, გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა პირველი მაისის ბეჯითად მოზეიმე კომუნისტებმა საბჭოეთში, არავინ უწყის, ზუსტად რამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარეს.

[მუსიკა]

რა ცვლილებები ელის საქართველოს ბიბლიოთეკებს?

დავით კაკაბაძე:
მიმდინარე კვირას საქართველოში დასრულდა ბიბლიოთეკების კვირეული, რომელიც, რეალურად, ერთ თვეს გაგრძელდა. ასეთი კვირეული პირველად მოეწყო და მისი ჩატარება ითავა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: ინფორმაციის სპეციალისტთა ასოციაციამ და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ. კვირეულის დროს ქვეყნის სხვადასხვა ბიბლიოთეკაში გაიმართა არაერთი გამოფენა და წიგნის წარდგენა, აგრეთვე მრავალი შეხვედრა მკითხველებთან, მწერლებთან, ჟურნალისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. კვირეულის მთავარი მიზანი იყო, საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ბიბლიოთეკებისათვის და გაეღვივებინა ბიბლიოთეკაში მისვლის ან სულაც დაბრუნების სურვილი. საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის პრობლემებზე, მიღწევებსა თუ სამომავლო განზრახვებზე დავით პაიჭაძე ესაუბრა საბიბლიოთეკო ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს.

დავით პაიჭაძე:
ბიბლიოთეკებს ჩვენში სტერეოტიპულად აღიქვამენ: ბიბლიოთეკაში მიდის სტუდენტი ან ასპირანტი, რომელიც კონკრეტულ საგანსა თუ თემაზე მუშაობს ან პენსიონერი, რომელსაც საშუალება ეძლევა, უფასოდ გაეცნოს პრესას. დიდწილად, ეს ასეც არის. საზოგადოების დანარჩენი ფენები ბიბლიოთეკებს პრაქტიკულად არ მიმართავენ. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ბიბლიოთეკა საქართველოში ვერ გასცდა წიგნთსაცავის სტატუსს, ის ჯერ არ არის თავშეყრისა და კულტურული ურთიერთობების ადგილი, სადაც მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ბიბლიოთეკა კონკურენციას ვერ უწევს ინფორმაციის მომრავლებულ საშუალებებს. საქართველოში ბიბლიოთეკათა სისუსტეს არაერთი მიზეზი აქვს. საბიბლიოთეკო ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით [ღარიბაშვილის ხმა]: “მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მკვეთრად დაეცა ბიბლიოთეკების დაფინანსება; მეორე მიზეზი კი საბიბლიოთეკო სისტემის შეცვლაა: თუ ადრე ჩამოყალიბებული იყო მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოძრაობდეს წიგნი და აღწევდეს მკითხველამდე, დღეს ეს მექანიზმები სრულიად მოშლილია. საჭიროა ელექტრონული საშუალებების გამოყენება, ვიდეო და აუდიო მასალების გამოყენება.”

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ეცნობა უცხოეთის ბიბლიოთეკათა დაფინანსების წყაროებს და აანალიზებს ასეთი წყაროების გაჩენისა და ამოქმედების საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში. ბიბლიოთეკის ძირითადი დამფინანსებელი მაინც სახელმწიფოა – ის იძლევა თანხების, სულ ცოტა, სამ მეოთხედს. ნორმალურ ქვეყანაში ბიბლიოთეკას ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა აფინანსებდეს. რაც შეეხება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, ესაა სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, საქართველოში მოქმედი ფონდებიდან მიღებული გრანტები. ჩვენი ბიბლიოთეკებიდან სულ რამდენიმემ თუ ისწავლა ფონდებთან ურთიერთობა და მათთვის გრანტის დასაბუთებულად მოთხოვნა. მიზერულ შემოსავალს ბიბლიოთეკას შეიძლება აძლევდეს სხვადასხვა სახის ფასიანი მომსახურება. ირაკლი ღარიბაშვილი დაფინანსების კიდევ ერთ შესაძლო ახალ წყაროდ, კერძო პირთა შემოწირულობებს მიიჩნევს. პრეცედენტი უკვე შედგა: ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცხადებულ პროექტს, “ელექტრონულ ბიბლიოთეკას” რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი გამოეხმაურა და გარკვეული თანხაც შეგროვდა.

საქართველოს ბიბლიოთეკებს მწირი კონტაქტები აქვთ სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებთანაც. წიგნის გამოწერა უცხოეთიდან ძალიან იშვიათია. თუმცა, საერთაშორისო თანამშრომლობას ბიბლიოთეკათა შორის ინტერნეტი აიოლებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მომითხრო პროექტის შესახებ, რომელსაც ეწოდება “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის”. ამ პროექტში ჩართულ ქართულ ბიბლიოთეკებს ამერიკული კომპანია “ებსკოდან” შეეძლებათ ელექტრონული სახით მიიღონ 5000 ინგლისურენოვანი (მათ შორის სამეცნიერო) ჟურნალი და 1200 გაზეთი. [ღარიბაშვილის ხმა]: “ეს არის მონაცემთა უდიდესი ბანკი, რომელიც იწყება 1991 წლის პუბლიკაციებით და სრულდება სულ უკანასკნელი, 2002 წლის პუბლიკაციებით. ნებისმიერ ქართულ ბიბლიოთეკას აქვს საშუალება, მთელი ეს მონაცემთა ბანკი მიიღოს და მოემსახუროს თავის მკითხველებს. ეს რომ მოხდეს, ბიბლიოთეკა უნდა გაწევრიანდეს საქართველოს ბიბლიოთეკების კონსორციუმში, გადაიხადოს შესაბამისი საწევრო გადასახადი, რომელიც არ არის დიდი ჟურნალების საერთო ფასთან შედარებით. კონსორციუმმა წლიური გადასახადის ოდენობა 2002 წელს 600 ლარით განსაზღვრა. ქართული ბიბლიოთეკებისათვის 600 ლარი მნიშვნელოვანი თანხაა. უცხოეთის საშუალო ბიბლიოთეკასთან შედარებით კი ეს არის სასაცილო თანხა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფასად ვღებულობთ 5 ათას ჟურნალს”.

საქართველოს ბიბლიოთეკათა კონსორციუმისა და ელექტრონული ვერსიების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ჟურნალები შეიძლება მრავალმა ბიბლიოთეკამ გამოიყენოს ერთდროულად. კონსორციუმის წევრი თითოეული ბიბლიოთეკა შეძლებს მიიღოს მთელი ნუსხა გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე ეს იქნებოდა ელექტრონული ბანკის დამოუკიდებლად გამოწერის შემთხვევაში. “ებსკომ” საგანგებოდ დაუკლო ფასი პროექტის მონაწილე ბიბლიოთეკებს. ბიბლიოთეკას მინიმალური კომპიტერული აღჭურვილობა სჭირდება. ინტერნეტ კავშირის უქონლობის შემთხვევაში ჟურნალებს და გაზეთებს მას კომპაქტ-დისკებით მიაწვდიან.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

რონ კარტერი - 65

დავით კაკაბაძე:
ჯაზის ისტორიკოსები დღემდე კამათობენ იმაზე, რამდენ აუდიოჩანაწერზე შეიძლება კონტრაბასისტ რონ კარტერის მოსმენა. ზოგიერთის აზრით, ჩანაწერთა რიცხვი სამი ათასს აღწევს. სამაგიეროდ არავინ დავობს იმაზე, რომ რონ კარტერი, რომელიც შაბათს, 4 მაისს, 65 წლის ხდება, ნამდვილად არის ფირფიტებზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად ჩაწერილი მუსიკოსი ჯაზის ისტორიაში. ორი ”გრემის” მფლობელი კარტერი, საერთოდ, ერთ-ერთ ყველაზე სახელმოხვეჭილ და გავლენიან მუსიკოსად ითვლება. არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს იმ ოსტატთა სახელები, რომლებთან ერთადაც უკრავდა კარტერი თავისი ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის მანძილზე. მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, ბილ ევანსი, ბი-ბი კინგი და არაერთი სხვა შეიძლება ვახსენოთ. კონტრაბასისტებს შორის ამ ”მერსედეს-ბენცის” შესახებ, როგორც მას ერთმა კრიტიკოსმა უწოდა, ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
რონ კარტერი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო აკომპანიატორებს შორის მოიხსენიება ხოლმე, დაკვრის განსაკუთრებით ელეგანტური მანერით გამოირჩევა. მაგრამ, ამავე დროს, კარტერის მიერ ჩაწერილი მრავალი ალბომი ცხადყოფს მისი, როგორც სოლისტის, ფენომენურ შესაძლებლობებსაც. რიტმიკისა და მელოდიკის ეს ოსტატი ყველა წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საშუალებას იყენებს კონტრაბასსა თუ ჩელოზე დაკვრისას. ხემით შესრულებული მისი სოლო პარტიები არანაკლებ ეფექტურია მხოლოდ თითებით დაკრულზე.

კარტერი ვერ დაიჩივლებს მის მიმართ საზოგადოების უყურადღებობით. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გულშემატკივართა მიერ მოყვარული მუსიკოსია. ამაზე შეიძლება ისიც მიანიშნებდეს, რომ იგი ხშირად უწევს რეკლამას სხვადასხვა ნაწარმს. კარტერს დიუკ ელინგტონს ადარებენ ხოლმე ფართო, მუსიკალური თუ არამუსიკალური ინტერესებისა და დიდი გავლენის გამო.

განსხვავებით ჯაზის მრავალი მუსიკოსისგან რონ კარტერი თითქმის ისევე შინ გრძნობს თავს კლასიკურ მუსიკაში, როგორც ჯაზში. მრავალჯერ გამოსულა სიმფონიური ორკესტრების თანხლებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კარტერი თითქმის მხოლოდ აკუსტიკურ ინსტრუმენტზე უკრავს. ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანის დასაწყისში – ელექტრონული მუსიკის აყვავების ხანაში – ისიც უკრავდა ხოლმე ელექტრონულ ბასზე, მაგრამ შემდეგ მრავალი წლის მანძილზე აღარ მიბრუნებია ამ დროებით გატაცებას.

რონ კარტერი დეტროიტში დაიბადა 1937 წელს. სწავლობდა როჩესტერის ”ისტმანის” მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც მაგისტრის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით კი ნიუ იორკის ”მანჰეტენის მუსიკალურ სასწავლებელში” გახდა დოქტორი.

ნიუ იორკში გადასვლის შემდეგ იგი ჩიკო ჰამილტონის კვინტეტში უკრავდა ცნობილ საქსოფონისტ ერიკ დოლფისთან ერთად. მას მერე, რაც ჰამილტონი კალიფორნიაში დაბრუნდა, კარტერი ნიუ იორკში დარჩა და პირველი ფირფიტა სწორედ დოლფისთან და მესაყვირე დონ ელისთან ერთად ჩაწერა. შემდეგ იყო თანამშრომლობა რენდი უესტონთან და თელონიუს მონკთან. 60-იანი წლების დამდეგს კარტერი გამოდიოდა ჯაკი ბაიარდთან ერთად. გარდა ამისა იგი დროდადრო უკრავდა ისეთი რანგის მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ არტ ბლეიკის პიანისტი ბობი ტიმონსი და საქსოფონისტი კენონბოლ ედერლი, რომელმაც მაილს დევისის კვინტეტიდან წამოსვლის შემდეგ საკუთარი ჯგუფი შექმნა.

რონ კარტერის მუსიკალურ კარიერაში უდაო გარდატეხა იწყება 1963 წელს, როცა ახალგაზრდა მუსიკოსი უკვე მაშინვე ლეგენდადქცეულმა მესაყვირემ, მაილს დევისმა აიყვანა თავის ახალ კვინტეტში, რომელშიც კარტერი 1968 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში იგი დევისის ყველა უმნიშვნელოვანეს ალბომში მონაწილეობდა. საერთოდ, რონ კარტერმა თავის ახალგაზრდა კოლეგებთან, საქსოფონისტ უეინ შორტერთან, პიანისტ ჰერბი ჰენკოკთან და მედოლე ტონი უილიამსთან ერთად ღრმა კვალი დაჩნია მაილს დევისის იმ პერიოდის შემოქმედებას. თავის მოგონებებში დევისი დაუფარავად წერს, რომ სწორედ ამ ოთხეულმა გაუხსნა გზა მას ახალი მუსიკისკენ.

ორი ათეული წელია, რონ კარტერი ნიუ იორკ სიტის კოლეჯში ასწავლის მუსიკას და თავის ოსტატობას სხვებს უზიარებს. ამავე მიზანს ემსახურება მის მიერ დაწერილი მრავალი წიგნი.

1993 წელს რონ კარტერს ჯაზის საუკეთესო ინსტრუმენტული ჯგუფისთვის განკუთვნილი გრემი მიენიჭა. 1998 წელს მეორე გრემი მიიღო კინომუსიკისთვის.

საპენსიო ასაკის მიუხედავად რონ კარტერს შემოქმედებითი პათოსი არ განელებია. 90-იან წლებში მუსიკის მოყვარულები განაცვიფრა ბახის ნაწარმოებების ჩანაწერებით. 1997 წლიდან მოყოლებული იგი რეგულარულად გამოდის ნიუ იორკის ცნობილ ჯაზ-კლუბ ”ბლუ ნოუტში”.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მას ვამთავრებთ რონ კარტერის კომპოზიციით RJ. ასრულებენ ჰერბი ჰენკოკი, უეინ შორტერი, უოლეს როუნი, ტონი უილიამსი და თავად ავტორი – რონ კარტერი. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG