Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის “ელის” გამარჯვების დღე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, საქართველოში ტრადიციულად აღინიშნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალები,

კომუნისტებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თავისი არსებობა საზოგადოებას, ომის მონაწილეებმა კი საკუთარი მძიმე სოციალური მდგომარეობა შეგვახსენეს ყველას.

ოფიციალური მონაცემით, დღეს საქართველოში დიდი სამამულო ომის მონაწილე 10 ათასი ვეტერანი ცხოვრობს. თუ როგორ ცხოვრობენ ვეტერანები, ამის შესახებ 9 მაისს გამარჯვების პარკში მისულმა ვეტერანებმა უამბეს საქართველოს პრეზიდენტს. მსოფლიო საფრთხის - ფაშიზმის დამმარცხებლებს, სოციალური თვალსაზრისით, მეტად უჭირთ დამოუკიდებელ საქართველოში. პენსიას, უკეთეს შემთხვევაში, დაგვიანებით იღებენ. ის სოციალური დახმარებები, რომლებიც სამამულო ომის ვეტერანებისთვის არის განკუთვნილი, დიდად ვერ უმსუბუქებთ ყოველდღიურ ყოფას, რომ არაფერი ითქვას იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რაც არაერთმა ვეტერანმა იწვნია, როცა თვალწინ დაეშალათ ის საბჭოთა იმპერია, რომლის დაცვაას და აშენებას თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შესწირეს.
საინტერესო ნიუანსი – ამ დღეებში საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციამ “გორბი” 100 რესპონდენტს ერთი კითხვით მიმართა: “ერთი ადამიანის გაცოცხლების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის გააცოცხლებდით?” გამოკითხულთა მეოთხედზე მეტს, 28 % -ს, სტალინი ენატრება და მას გააცოცხლებდა. მხოლოდ 13 –მა პროცენტმა დაასახელა ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი. მესამე ადგილზე 7 პროცენტით არის ზვიად გამსახურდია. თამარ მეფეს, ნოდარ დუმბაძეს, მერაბ კოსტავასა და გალაკტიონ ტაბიძეს გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი გააცოცხლებდა.
ალბათ, სტალინის ფენომენის შესახებ კიდევ არაერთი წიგნი დაიწერება და არა ერთი გამოკვლევა ჩატარდება. ამ დღეებში სტალინის თაყვანისმცემლები გულს იჯერებდნენ თავიანთი კერპის ამსახველი დოკუმენტური კადრების ხილვით, ასე უხვად რომ გვთავაზობენ როგორც ქართული, ისე რუსეთის ტელეკომპანიები. 9 მაისს მცირე მიტინგი გამართეს კომუნისტებმა სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში. საინფორმაციო სააგენტო “ინტერ-პრესის” ცნობით, მომიტინგეებმა ისაუბრეს სტალინის ფენომენზე და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს. საზეიმო განწყობის მიუხედავად, მიტინგს წინასაარჩევნო კამპანიის სახე ჰქონდა. გამომსვლელები შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას მხადრაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ქართველი კომუნისტები არ გამორიცხავენ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, მაგრამ წარმატების იმედს არ კარგავენ.
2 ივნისის არჩევნებში თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამარჯვების დღეს დაამთხვია. შალვა ნათელაშვილის განცხადებით:
[შალვა ნათელაშვილის ხმა] “ლეიბორისტული პარტიის კონკურენტზე, ყველამ მომიტევოს, ჩვენს კონკურენტზე საუბარი ნაადრევია.”
ასე რომ, ვინ აღნიშნავს გამარჯვების დღეს 3 ივნისს – ძალიან ძნელი გასარკვევია.
XS
SM
MD
LG