Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ საქმე ისე წავა, როგორც უნდა წავიდეს, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი თუ საქმე ისე წავა, როგორც უნდა წავიდეს, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე,

მამათა ერთ-ერთ მონასტერთან ახლოს, ფუნქციონირებას დაიწყებს სარეაბილიტაციო ცენტრი და მისი კარი ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმის სენისგან გათავისუფლების სურვილი აქვთ. ცენტრი პაციენტებს კომპლექსურ დახმარებას შესთავაზებს - როგორც ფსიქოლოგიურ, ისე კლინიკურ თერაპიას და,რაც მთავარია, სულიერ დახმარებას. მართლმადიდებელ ფსიქოლოგთა ჯგუფი, ექიმებთან და სასულიერო პირებთან ერთად, იზრუნებს იმისთვის, რომ ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით შეპყრობილებმა ცხოვრების საზრისი შეიცნონ, უარი თქვან წარსულზე და საზოგადოებას ჯანსაღ წევრებად დაუბრუნდნენ. ამ წამოწყების შესახებ ვესაუბრეთ საპატრიარქოსთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ახალგაზრდა ფსიქოლოგებს - ნინო კანდელაკსა და ნანა ჯმუხაძეს.

ნარკომანთა და ალკოჰოლოზმით დაავადებულთა ახალი და, არსებული ცენტრებისგან განსხვავებული, სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. საპატრიარქოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის თანმაშრომლებმა ის პროგრამაში განავრცეს, პატრიარქს გააცნეს და შენობის გადმოცემის პირობაც მიიღეს. ჯერი შენობის გადმოცემაზეა. ეს საკითხი, ალბათ, რამდენიმე დღეში მოგვარდება და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ჯგუფიც საქმეს შეუდგება. ის, უცხოელი დონორებისა და საქართველოს საპატრიარქოს თანადგომით, კომპლქსურ დახმარებას მარტო ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს არ გაუწევს. ნარკომანთა რეაბილიტაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ გარემოსა და ოჯახს. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელ ფსიქოლოგთა ჯგუფის წევრები პაციენტების ახლობლებთანაც იმუშავებენ. ფსიქოლოგი ნანა ჯმუხაძე ამბობს, რომ ნარკომანიით დაავადებულებს და მათ ახლობლებს, მინიმუმ, ერთი წელი მაინც უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ფსიქოთერაპევტთან.

[ნანა ჯმუხაძის ხმა] “აბსურდია, ფსიქოთერაპიის 5 ან 10 სეანსის შემდეგ ნარკომანმა ნარკოტიკი აღარ მიიღოს. მან შეიძლება ნარკოტიკის მიღების სიხშირე შეამციროს. ნარკოტიკის ხელახლა მიღების შემთხვევებს კი ხშირ შემთხვევაში ახლავს აგრესია ოჯახის მხრიდან, რაც ავადმყოფს უბიძგებს ნარკომანიისკენ. ოჯახიდან უნდა მოდიოდეს სიყვარული და თანადგომა. მხოლოდ ამით შეიძლება ნარკომანიით დაავადებულებში ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობების გაღვიძება. ეს გრძნობები მათ მოშლილი აქვთ. ისინი ითხოვენ და არ გასცემენ. გაცემისთვის შინაგანი ძალა არ ჰყოფნით.”

“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სულიერად ცარიელნი არიან,” – დასძინა ნათქვამს ჩემმა თანამოსაუბრემ. მარლმადიდებელ ფსიქოლოგთა მიერ ჩაფიქრებული სარეაბილიტაციო ცენტრიც, სწორედ, პაციენტთა შინაგანი სამყაროს გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, მათ შორის, ლოცვის, მარხვისა და ზიარების მეშვეობით. ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულები ცენტრში 2-3 თვეს დაყოფენ, მკაცრი რეჟიმის პირობებში იცხოვრებენ, მოისმენენ ლექციებს, რომლებსაც სასულიერო პირები ჩაუტარებენ, ეყოლებათ სულიერი მოძღვარი და იქნებიან ექიმებისა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. მართლმადიდებელ ფსიქოლოგთა ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ ასეთ ცენტრში მისვლის სურვილი მრავალ დაავადებულს უნდა გაუჩნდეს.

[ნანა ჯმუხაძის ხმა] “ვფიქრობ, ბევრი მოგვაკითხავს. დიდი იმედი მაქვს იმ მონასტრების წინამძღვრების, სადაც ხშირად აფარებენ თავს ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულები. გარბიან იქ, მაგრამ ეს ხსნისთვის საკმარისი არ არის. მე მგონია, რომ, მათი რჩევით, ბევრი მოვა ჩვენთან, რადგან ჩვენი ცენტრი იქნება სრულიად განსხვავებული.”

განსხვავება, მართლაც, იქნება. სარეაბილიტაციო ცენტრმა თავის პაციენტებს ცხოვრების საზრისის შემეცნების, შესაბამისად, პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობების გაცოცხლების გზები უნდა შესთავაზოს. თუ - როგორ, ამის შესახებ საპატრიარქოსთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი მოგახსენებთ.

[ნინო კანდელაკის ხმა] “ცენტრი ასეა ჩაფიქრებული: აუცილებლად იქნება მეურნეობა და ჩვენს პაციენტებს ექნებათ ამ მეურნეობაში დასაქმების საშუალება. ისინი მოუვლიან ყვავილებს, გაზრდიან ცხოველებს. გვინდა მათ ვასწავლოთ ხეზე ჭრა, მინანქარი. მოვაწყობთ მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებსაც. მიღებული თანხა ისევ ცენტრს მოხმარდება. იქნება სამედიცინო დახმარებაც, გვეყოლება ნარკოლოგები, ფსიქიატრიც. იმუშავებს დეზინტოქსაციის ცენტრიც. ჩვენ გვინდა ეს ყევლაფერი აბსოლუტურად უფასო იყოს.”

აი, ასეთია გეგმა და, იმედია, მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება. ამ ჩანაფიქრისადმი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერაც სოციალური პრობლემებისადმი ეკლესიის გააქტიურების ნიშნად უნდა აღვიქვათ. პატრიარქის კურთხევით, თბილისში მოქმედ ორ ტაძარში სისტემატურად აღევლინება სპეციალური ლოცვები ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. ჩვენი გადაცემის სტუმრებს სჯერათ, რომ ამ ლოცვებს უდიდესი ძალა აქვთ, სჯერათ მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის ძალის და იმის, რომ ნარკომანიით დაავადებულთა სრული განკურნება შესაძლებელია.

[ნინო კანდელაკის ხმა] “ჩვენ ძალიან შევეცდებით მოვეფეროთ ამ ადამიანებს, დავანახოთ ჩვენი თანდგომა, სიყვარული. ეს სიყვარული გავუღვივოთ მათ ოჯახის წევრებსაც და კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ისინი არიან ღვთის ხატი და მსგავსნი, რომ ისინი ძალიან უყვარს ღმერთს, გაცილებით მეტად, ვიდრე თვითონ უყვართ საკუთარი თავი. ღვთის შეწევნით, ისინი აუცილებლად გამოვლენ ამ მდგომარეობიდან და დაუბრუნდებიან საზოგადოებას, როგორც საყვარელი და ჯანსაღი წევრები.”

დავით პაიჭაძე

ახალი თაობის აღზრდისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზნეობრივ მაგალითებს. ყოველ ეპოქაში ადამიანები ეძებენ და, როგორც წესი, პოულობენ იმ პიროვნებებს, რომელთა ცხოვრება მომავალ თაობას ზნეობრივ ორიენტირად გამოადგება. გამოჩენილი ადამიანების გარდა, ასეთები შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი მოკვდავნი, ვისაც სახელი გაუთქვეს არა საქმეებმა, არამედ ცნობილმა შთამომავლებმა. ძალიან ხშირად მომხდარა, რომ პოპულარული არტისტის, დიდი მეცნიერის, საყვარელი მწერლის ან აღიარებული პოლიტიკოსის მშობლები მრავალი ღირსებით შემკული ადამიანები აღმოჩენილან და მათი ეს პიროვნული ღირსებები – გამორჩეული ადამიანური თვისებები და მორალური პრინციპები - მემკვიდრეობით გადასცემია საქვეყნოდ ცნობილ მათ შვილებს. შეგახსენებთ ორ ასეთ პიროვნებას.

ილია ბრეჟნევისა და ამბროსი შევარდნაძის სახელები მილიონობით ადამიანს, ალბათ, არ ეცოდინებოდა, მათ ვაჟიშვილებს მსოფლიო პოლიტიკისათვის თავიანთი კვალი რომ არ დაეტყოთ. ილია ბრეჟნევს ჩვენ ვეცნობით მისი ვაჟის, 1964-82 წლებში საბჭოთა სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ლეონიდ ბრეჟნევის მომცრო წიგნში “ცხოვრება ქარხნის საყვირს მიჰყვებოდა”, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მამის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ამა წლის 5 მაისის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”.

ორივე პიროვნება თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ: ილია ბრეჟნევი მუშა იყო, ამბროსი შევარდნაძე – მასწავლებელი. მაგრამ საქმის ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია მათი ეთიკა, სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება, მორალური პრინციპები... ლეონიდ ბრეჟნევი იხსენებს:

“იგი აღსავსე იყო საკუთარი ღირსების გრძნობით. ყველაფერში წესიერება უყვარდა. არ ცბიერობდა, სიმტკიცე და გულწრფელობა ახასიათებდა და ამხანაგები პატივს სცემდნენ. თუ შეჰპირდი, სიტყვა არ გატეხო, – მეუბნებოდა მამა. – თუ ეჭვი გეპარება – სიმართლე თქვი, გეშინია – ნუ გააკეთებ და თუ გააკეთე – ნუღარ შიშობ. თუ დარწმუნებული ხარ, რომ მართალი ხარ – შენსას ნუ გადაუხვევ. თვითონაც ასე იქცეოდა, მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო”.

ამბროსი შევარდნაძის მიერ ადამიანთათვის უშურველად გაცემულ სითბოსა და სიკეთეზე ლაპარაკობს “საქართველოს რესპუბლიკა”. ჩანს, ისიც გულწრფელი და პირდაპირი კაცი იყო, თავისებურად მეოცნებეც, ოღონდ, როგორც დრომ აჩვენა, ამბროსი შევარდნაძის ოცნება სულაც არ აღმოჩნდა უნიადაგო. გაზეთი წერს:

“საოცარი სანახავი ყოფილა, როცა სამშობლოზე საუბრობდა, გულანთებული და მოღიმარი. მისი ოცნება თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს ხილვა ყოფილა და თავის აზრს არასოდეს მალავდა. მხოლოდ მასწავლებელი კი არ ყოფილა, დიდი საზოგადო მოღვაწის ყველა თვისება ჰქონდა.

წლებმა, გამოცდილებამ ავტორიტეტი და სახელი მოუპოვა, მისი ცოდნა და ენერგია ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა”.

ავტორიტეტი და მშფოთვარე თანამედროვეობის პრობლემათა განცდა არც ილია ბრეჟნევს აკლდა. მისი აზრები და მისწრაფებები, თუ ლეონიდ ბრეჟნევს ვერწმუნებით, ერთგვარად პროფეტულიც კი იყო:

“მამა დამკვრელთა რიგებში ჩადგა, პატივისცემით იყო გარემოსილი. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მას ქარხნის საზრუნავი ასულდგმულებდა. მამა ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენდა ყველაფრისადმი, რაც ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში ხდებოდა. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ომამდე, ნიურნბერგის პროცესამდე, ჰიტლერელთა მოთავეები სამარცხვინო ბოძზე გააკრა. კაცს არ უსწავლია მარქსისტული თეორია, მაგრამ, როგორც იტყვიან, სულითა და გულით გრძნობდა ჩვენი საქმეების დიად სიმართლეს. მამისაგან, როგორც ჩვენში ამბობდნენ, მემკვიდრეობით მივიღე უდრეკობა, მოთმინება, ის ჩვევა, რომ თუ საქმეს ხელს მოვკიდებდი, უთუოდ ბოლომდე მიმეყვანა იგი.”

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, ბუნებრივია, ვერ იმსჯელებს, რა თვისებები მიიღო მამისაგან მემკვიდრეობით ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ ჰყვება საგულისხმო და ცოტა სევდიან ისტორიას იმაზე, თუ რა შეემთხვა ერთხელ ამბროსი შევარდნაძეს:

“იმ დღესაც სკოლაში ჩვეულებრივად მხნედ მივიდა, მოსწავლეებს მამა-შვილურად მიესალმა და სასკოლო ჟურნალი გადაშალა სიის ამოსაკითხად. როგორც სჩვეოდა, ხელი კოსტიუმის ჯიბეში ჩაიყო სათვალის ამოსაღებად, მაგრამ სიცარიელე იგრძნო. მასწავლებელმა ჟურნალი დახურა, წამოდგა და მძიმედ გავიდა.

წავიდა და წავიდა... ვინ არ მივიდა, დირექტორი თუ მასწავლებელი, მოსწავლე თუ მეზობელი, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ სკოლაში დაბრუნებას, მაგრამ ყველას ერთსა და იმავეს პასუხობდა: ბიძიებო, გულმავიწყობა სიბერემ იცის, რახან მე სათვალე სახლში დამრჩა, ჩემი მასწავლებლობა აწი შეუძლებელიაო!

ეს ხომ საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობის გასაოცარი ნიმუშია.

ასეთი იყო ჩვენი პრეზიდენტის მამა.”

ამ ციტატით დავასრულოთ ეს მოკლე, პარალელურ-ბიოგრაფიული ექსკურსიც და ჩვენი გადაცემაც.
XS
SM
MD
LG