Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის შარშანდელი სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ზოგიერთი ასპექტი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ერთი კვირის წინანდელ გადაცემაში თქვენ გაეცანით აფხაზეთის შარშანდელი ეკონომიკური ვითარების ზოგიერთ მომენტს.

შეგახსენებთ, რომ ეს თემა გაშუქებულია კავკასიური კლუბის წევრის, ზვიად ჩხაიძის, სტატიაში, რომელიც "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ბიულეტენის 67-ე ნომერშია დაბეჭდილი. სტატიაში მიმოხილულია, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონის შარშანდელი სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.

ავტორი წერს, რომ ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შეფასებისას გასათვალისწინებელია ინტერესი, რომელსაც რეგიონისადმი ზოგიერთი ქართველი თუ ოსი ბიზნესმენი იჩენს, დიდი შემოსავლების მიღების პერსპექტივის თვალსაზრისით. ქართველ ბიზნესმენთა ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, ოს ბიზნესმენთა შორის კი არიან, მაგალითად, წარსულში სახელგანთქმული სპორტსმენები - სოსლან ანდიევი და მახარბეკ ხადარცევი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ მონაცემებს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 2001 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, შემოსავლებმა 41,5 მილიონი რუბლი ანუ დაგეგმილის 80% შეადგინა. აქედან 21 მილიონი საბაჟო შემოსავლებმა მოიტანა, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის სახით გათვალისწინებულმა თანხებმა, რასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიუჯეტის სტრუქტურაში, დაგეგმილი 11 მილიონის ნაცვლად, 5 მილიონი რუბლი შეადგინა.

სტატიის მიხედვით, "სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად, ბიუჯეტის შეუსრულებლობა განაპირობა როკის გვირაბის გავლით პროდუქციის გაძვირებამ და ტვირთბრუნვის შემცირებამ".

შემდეგ ავტორი საუბრობს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო სფეროში მომუშავეებზე გაუცემელია 3-4 თვის ხელფასები, ისევე, როგორც პენსიები და დახმარებები.

"რუსეთის სააქციო საზოგადოება "ეესთან" ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ცხინვალის რეგიონს შეღავათიან ფასებში თითქმის შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია ჩრდილოეთ ოსეთიდან. "იუგოსეტენერგოს" საწარმოს მიერ განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, ერთი კილოვატი ენერგიის ღერებულება 60-80 კაპიკს, ანუ 4,2-5,5 თეთრს, შეადგენს".

რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, სტატიაში ვკითხულობთ, რომ "სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა დაკისრებული ფუნქციების განხორციელების ძირითად საშუალებად მიიჩნევს საკუთარი ძალებით დამატებითი საგუშაგოების და საბრძოლო პატრულირების ორგანიზებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში". ავტორის თქმით, "ეს ტენდენცია ეწინააღმდეგება პოლიტიკურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვით, უნდა მოხდეს სამშვიდობო ძალების საგუშაგოების გეგმიური შემცირება, ხოლო რეგიონში ვითარებაზე კონტროლის ფუნქციები ოსურ და ქართულ შინაგან საქმეთა ორგანოებს უნდა გადაეცეს".

სტატიის მიხედვით, სამშვიდობო ძალების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიჩნეულია მოსახლეობისაგან იარაღის ამოღებისა და საბრძოლო მასალების რაოდენობა. ამ პროცესის სტიმულირების მოტივით და ეუთოს დაფინანსებით, ამა წლის ოქტომბრიდან გათვალისწინებული იყო კომპენსაციის გაცემა საყოფაცხოვრებო ან სხვა პროდუქციის სახით. ამ ღონისძიების ორგანიზება გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდლობას დაევალა, თუმცა იარაღისა და საბრძოლო მასალების შეგროვების პროცესი დღემდე არ დაწყებულა".

ავტორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ "რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალები საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს ფლობენ. ამასთან, გარეგნული ნეიტრალური პოზიციის მიუხედავად, ეს ძალები ოსური ხელისუფლების ჩამოყალიბების ერთგვარი მონაწილენი გახდნენ, რასაც რეგიონის ტერიტორიაზე მათი არსებობის ფაქტი განაპირობებს".
XS
SM
MD
LG