Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის შესაძლებლობა


დავით პაიჭაძე, თბილისი რაციონალური არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მიწისძვრათა გამოწვევა ხელოვნურად არის შესაძლებელი და 25 აპრილის მიწისძვრა თბილისში სწორედ ასეთი იყო?

ახლო წარსულში მომხდარ მიწისძვრათა შემდეგ (1988 წელს სომხეთში, 1991 წელს - საქართველოში) ყოველთვის გამოთქვამდნენ ამგვარ ეჭვებს. ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური მიწისძვრების შესახებ ყველაზე ხშირად მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, გეოგრაფიის დოქტორი, გიორგი გაჩეჩილაძე ლაპარაკობს. ამასთან, ხელოვნური მიწისძვრა ჩვენთან ყოველთვის იმის მიერაა გამოწვეული, ვინც საქართველოს მტრობს. რამდენად სარწმუნოა რუსული კვალის ძიება ადამიანების დაღუპვასა და ასობით სახლის დანგრევაში? ამ საკითხზე სწორედ გიორგი გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ.

მიწისძვრის დაკავშირებას პოლიტიკასთან ყოველთვის იდუმალების საბურველი ახლავს. შეუძლებელია, სრული თავდაჯერებით ამტკიცო, რომ მიწისძვრით გაგისწორდა პოლიტიკურ ასპარეზზე შენდამი მტრულად განწყობილი ქვეყანა. ამგვარი მსჯელობისას მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების მოხმობა შეიძლება. რაგინდ ლოგიკურიც უნდა იყოს ეს მტკიცებულებანი, მაინც ვერასდროს დავიჩემებთ ცოდნას კონკრეტული მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის შესახებ. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ ირწმუნო, ეჭვით მოეკიდო ან დაუჯერებლად მიიჩნიო. გიორგი გაჩეჩილაძის არგუმენტებიც ირიბია. ის კარგა ხანია მიანიშნებს ეშერის ლაბორატორიაზე და მოითხოვს საერთაშორისო კომისიის შექმნას მის შესამოწმებლად. ამბობს, რომ ბოლოდროინდელი დიდი მიწისძვრები ყოველთვის ემთხვეოდა მწვავე პოლიტიკურ სიტუაციებს და ამდენი დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ საქართველო დააჩოქოს, – განუცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ “ახალ თაობას”. ჩემთან საუბრისას კი იხსენებს, რომ 25 აპრილამდე, 11 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიამ დაუშვა მართული მიწიძვრის შესაძლებლობა, ხოლო 25 აპრილის მიწისძვრის მიმართ კატეგორიულად უარყო ასეთი დაშვება. გიორგი გაჩეჩილაძე ვითარებას ასე ხსნის [გაჩეჩილაძის ხმა]:

“ყველაზე საინტერესო არის ერთი რამ: 1987 წელს მიღებული იქნა სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება სწორედ ტექტონიკურ იარაღთან დაკავშირებით. ეს იყო დახურული გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ბიძგს აძლევდა ამ იარაღის, რომელსაც დიდი ხანია ამუშავებდა საბჭოთა კავშირი, ოფიციალურად გამოყენებასა და ლეგალიზაციას. ჩვენ მერეღა მივხვდით: რადგან არსებობს ეს დადგენილება, ის, ბუნებრივია, არ უნდა ყოფილიყო უცნობი ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტისათვის, რომელიც მაშინ პოლიტბიუროს წევრი იყო. როგორც ჩანს, მას, უფრო ზუსტად, ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებს არ უნდათ, საკითხი აჟიტირებულ იქნეს ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ ასე ავხსენით ჩვენი უცაბედი დაბლოკვა, მთელი ინფორმაციის შეტრიალება და საპირისპირო პოზიციების ჩვენება”.

მეტი დამაჯერობლობისათვის გიორგი გაჩეჩილაძემ დაასახელა დადგენილების ნომერი და მიღების თარიღი: 1987 წლის 30 ნოემბერი, ნომერი 1384-345.

რამდენად აღწევს მიწისძვრა, თუ მას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მივიჩნევთ, თავის მიზანს? გიორგი გაჩეჩილაძე მიპასუხებს [გაჩეჩილაძის ხმა]: “მე ვფიქრობ, რომ აღწევს. იმიტომ, რომ ეს არის არა მარტო ფიზიკური განადგურების იარაღი, - შეიძლება ითქვას, ყველაზე სამარცხვინო და უბედური, - არამედ ეს არის წმინდა მორალური განადგურების იარაღიც”.
XS
SM
MD
LG