Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ნახევრად ოფიციალურმა ვიზიტმა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს გვერდი ვერ აუარა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ადგილობრივი არჩევნების ირგვლივ განვითარებულმა სკანდალურმა მოვლენებმა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხადრმა ხმაურიანმა ცვლილებებმა,

და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ჯგუფურმა გადადგომამ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სტუმრობის მნიშვნელობა ოდნავ გააფერმკრთალა, თუმცა ქართულ მედიას ამ ვიზიტთან დაკავშირებული ექსცესები მაინც არ დარჩენია ყურადღების მიღმა.

სხვათა შორის, თავის მხრივ, ვერც მსოფლიო ბანკის კავკასიის რეგიონალური დირექტორის ჯუდი ო’კონორის თბილისურმა ვოიაჟმა აუარა გვერდი შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ საკადრო გადაადგილებას. 13 მაისს სახელმწიფო მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჯორბენაძის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. შეუსრულებელ რეკომენდაციებს მიჩვეული მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების უყურადღებობით გულნატკენი დარჩა და თავისი გულისწყრომის გამოხატვის არ მორიდებია. საინტერესოა, რომ სახელმწიფო მინისტრს ო’კონორი ზურაბ ჟვანიასა და ზურაბ ნოღაიდელთან გამართული საუბრის შემდგომ ეწვია, რამაც საუბრის ტონს თავისებური ელფერი შესძინა. ”სამწუხაროა, როცა ადამიანები, რომლებიც რეფორმებით არიან დაინტერესებულნი, ურთიერდაპირისპირებაში იხარჯებიან”, აცხადებს ჯუდი ო’კონორი.

ექს-ფინანსთა მინისტრი და ექს-სპიკერი სახელმწიფო მინისტრის მიმართ ბოლო პერიოდში ნეგატიურ კომენტარებს არ იშურებენ და ძნელი წარმოსადგენია, ამჯერად შეეკავებინათ თავი, რამაც, თავის მხრივ, ჯორბენაძეს საბაბი მისცა, ჯუდი ო კონორი კარის ინტრიგებით დაინტერესებაში დაედანაშაულებინა.

საერთოდ, ხელისუფლებას საერთაშორისო დონორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ტრადიციულად, ცაიტნოტურ პირობებში, ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სტუმრობის წინ, ახსენდებათ. თუმცა ამჯერად მაღალი სტუმრის შეხვედრების პირველ ნაწილს, წინა ვიზიტისაგან განსხვავებით, დიდი ხმაური არ უნდა გამოეწვია.

არადა, რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობასთან იყო შეთანხმებული, სტანდარტულია და წლების განმავლობაში მეორდება. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული პროგრამის ვადა ივნისში იწურება, ხოლო რეკომენდაციების შესრულებისათვის ბოლო ვადად მაისია განსაზღვრული. შესაბამისად, ცაიტნოტი და პროგრამის დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე სავსებით რეალურია.

სხვა ”წვრილმან” რჩევებთან ერთად, მსოფლიო ბანკი ითხოვს: სერტიფიცირებისა და ლიცენზირების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული საქონლისა და მომსახურების შესამცირებლად; უნდა მოხდეს პირველი და მეორე რიგის სახელმწიფო საწარმოთა დარჩენილი ნაწილის რესტრუქტურიზება და განსახელმწიფოება, რაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. რეკომენდაციებში თავისი ”საპატიო ადგილი” უჭირავს ენერგეტიკას, რომლის მდგომარეობაც, ტრადიციულად, ყველაზე სავალალოდაა მიჩნეული და რომელიც არც ამ ვიზიტის მსვლელობისას დარჩენილა ყურადღების მიღმა. სახელისუფლებო კულუარებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ლონდონში მივლინებულ ენერგეტიკის მინისტრს თბილისში დაბრუნებისას ნოღაიდელ-ძნელაძის ბედი არ ასცდება, რასაც დონორების უკმაყოფილებაც ამაგრებს.

წინა სტუმრობის დროს დატოვებული რეკომენდაციები კვლავინდებურად ”გაყინულია” და სახელმწიფო სტრუქტურებს არც ო’კონორის თბილისური ვიზიტისას გამოუდვიათ მაინცდამაინც თავი, რადგან მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი რეგიონალური დირექტორი საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იმყოფება. საქმე ისაა, რომ ცოტა ხანში იგი ამ პოსტს სხვა პრეტენდენტს გადააბარებს და თავისი ფუნქციების შესრულებას უკვე აფრიკაში გააგრძელებს. შესაბამისად, ამჟამინდელ სტუმრობას შეფასებითი მისიის ფორმატი არ ჰქონია. თუმცა ო’ კონორი ეკონომიკური ბლოკის თითქმის ყველა მინისტრს შეხვდა და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა, რომელიც ხელისუფლებისათვის არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იყო. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სინანულით აღნიშნავს, რომ მისი ამ პოსტზე მოღვაწეობის 8 წლის განმავლობაში საქართველომ ვერ გამოიყენა ის შანსი და ის დახმარებები, რასაც ეს ინსტიტუტი გულუხვად იძლეოდა. ”საქართველოს შარშან, მართლაც, ჰქონდა გარკვეული წინსვლა სიღარიბის დაძლევის, მეწარმეობის გაუმჯობესების, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის სფეროებში, მაგრამ ვშიშობ, რომ წელს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდება”, - აცხადებს ო’კონორი. იგი არც პარლამენტის მუშაობითაა აღფრთოვანებული და აღნიშნავს, რომ დღემდე იგვიანებს 2 სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოში თავისი მისია დაასრულა. ბევრი ფიქრობს, რომ პირადად ჯუდი ო’კონორს მსოფლიო ბანკის მიერ ჩვენს ქვეყანაში აქამდე განხორციელებულ პროექტებში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, მაგრამ მისი გამოსამშვიდობებელი ვიზიტი მეტისმეტად ნეგატიურად დატვირთული გამოდგა, რაშიც ო’ კონორის წვლილი მინიმალურია. ხელისუფლებას ო’კონორის სტუმრობის დასრულებისას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ რამენაირად საერთო ენას გამონახავს მის შემცვლელთან, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია; ეს კი, ალბათ, ზედმეტი გულუბრყვილობაა, რადგან მსოფლიო ბანკი თავის პოლიტიკას სუბიექტურ ფაქტორებზე ნაკლებად აგებს და მისი კეთილგანწყობის მოპოვება მხოლოდ რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

თავად ოფიციალური მისია და ახალი ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციიდან ივნისში გვეწვევა, რომელიც უკვე დატოვებული რეკომენდაციების მონიტორინგს ჩაატარებს. საგულისხმოა, რომ თბილისს ამავე პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდიც სტუმრობს. მათი დასკვნები დირექტორთა საბჭოს საბოლოო ვერდიქტისათვის წარედგინება. მათ გადაწყვეტილებაზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის მესამე ნაწილის, ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე დაგეგმილი, 20 მილიონი დოლარის ტრანშის მიღების ბედი. თუ ხელისუფლება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციათა შესრულებას ჩვეული წაყრუებით მოეკიდება, საქართველოს არც ამ ორგანიზაციების კეთილგანწყობისა და, შესაბამისად, დაფინანსების მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG