Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით “თანამედროვე მსოფლიო და ადამიანის უფლებები კავკასიაში”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “თანამედროვე მსოფლიო და ადამიანის უფლებები კავკასიაში”. ამ თემას მიეძღვნა ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისში გამართული მე-2 საერთაშორისო კონფერენცია,

რომლის ინიციატორი გახლდათ საერთაშორისო ასოციაცია, სახელწოდებით “კავკასია, ეთნიკური ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, გეოპოლიტიკა”. ფორუმის მონაწილეთა შორის უნდა ყოფილიყო დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის 25 წარმომადგენელი, მაგრამ, ჰაკერების “გულმოდგინეობის” შედეგად, თითოეულმა მათგანმა ყალბი შეტყობინება მიიღო.

მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად,
საქართველოდან კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: პარლამენტარი ვახტანგ ბოჭორიშვილი, ლეიბორისტული პარტიის წევრი გელა დანელია და მოძრაობა “ჭყონდიდელის” წარმომადგენელი ელგუჯა გულედანი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე საქართველოში, ეროვნული იდეოლოგიის პრობლემებზე, საარჩევნო კანონის შესახებ, ერთა თვითგამორკვევისა და გლობალიზაციის თემაზე.

ჰაკერების, ეგრეთ წოდებულ, წვლილთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე და კონფერენციის ორგანიზატორი ლევან ურუშაძე ამბობს: [ურუშაძის ხმა] “ჩვენი ასოციაციის ბოქსიდან გაიგზავნა შეტყობინება, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები და რომ, სამწუხაროდ, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან მონაწილეები მოწვეულები არ იქნებოდნენ. მოგეხსენებათ, არიან ჰაკერები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მაღალი პროფესიონალური მომზადების დონით გამოირჩევიან. მით უმეტეს, თუ ისინი გარკვეულ სამსახურებს ექვემდებარებიან“.

ჩემი თანამოსაუბრე კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოდან მოემგზავრებოდნენ აზერბაიჯანელი და ჩეჩენი სამართალდამცველები, რომელთა შორის იყო ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მეუღლე ალა დუდაევა. ეს ჯგუფი წითელ ხიდთან საქართველოს საგუშაგომ გააჩერა. საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნება დართეს ალა დუდაევას და კიდევ ერთ ჩეჩენ ქალბატონს, რომლებსაც საზღვარგარეთული პასპორტები ჰქონდათ, აგრეთვე, აზერბაიჯანელ პოლიტოლოგსა და ჟურნალისტს ანვარ ბერუსოის. ამ უკანასკნელისა და მასპინძლების გარდა, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: ამერკიდან – ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ვიქტორია პუპკომ და ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დოდონა კიზირიამ, ჩეჩნეთის ეროვნულმა გმირმა, “ჩერნოკოზოვოს” საფილტრაციო ბანაკის ყოფილმა ტუსაღმა, ელბერდ საიევმა და ერევნის უნივერსიტეტის დოცენტმა ტამარა ვარდანიანმა. გარდა ამისა, ფორუმზე მოსხენება გამოგზავნა ამერიკელმა პროფესორმა უოლტ ლენდრიმ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ მიიღო რეზოლუციები ჩეჩენი ერის თვითგამორკვევასთან დაკავშირებით, ერთა უფლებებთან დაკავშირებით და კრიმინალური სასამართლოს შესახებ.
XS
SM
MD
LG