Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში კომუნისტების დროინდელი საიდუმლო პოლიციის ექპონატების გამოფენა მოეწყო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბერლინის კავშირგაბმულობის მუზეუმში კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის – შტაზის – საქმეების გამოფენა მოაწყო.



შტაზის მუშაობა 29 წელს გრძელდებოდა და დამთავრდა 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად. ეს უწყება მეთვალყურეობას ეწეოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიაში.

გამოფენის პირველი ნაწილი ასახავს დეპარტამენტ “M”-ის” მუშაობას. მას ფოსტის შემოწმება ევალებოდა. მაგრამ გამოფენის მუშაკთა ინფორმაციით, მნახველებს უფრო მეორე სექცია აინტერესებთ, რომელიც “26”დეპარტამენტის საქმიანობას აშუქებს. ეს დეპარტამენტი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში სატელეფონო საუბრების საიდუმლო მოსმენით იყო დაკავებული.

გამოფენის ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბარში გაირკვა, რომ “M” დეპარატამენტი დღეში 90 ათას წერილს ხსნიდა და კითხულობდა; დეპარტამენტ “26”-ის განკარგულებაში კი იყო ასობით საიდუმლოდ მოსასმენი სატელეფონო პოსტი, მოფენილი მთელ აღმოსავლეთ გერმანიაში.

უსმენდნენ არა მარტო დისიდენტებს, არამედ ათასობით რიგით მოქალაქესაც. ფაქტობრივად, ვერავინ იტყოდა დანამდვილებით, რომ შტაზიმ მისი წერილი არ წაიკითხა და სატელეფონო საუბარი არ მოისმინა. ეს კი ქვეყანაში შიშისა და მორჩილების ატმოსფეროს ქმნიდა.

თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, შტაზის დასავლეთ გერმანიის პოლიტიკოსთა სატელეფონო საუბრებზეც მიუწვდებოდა ყური.ის ზოგჯერ დასავლეთ გერმანიის ბანკებს შორის ფაქსების მონიტორსაც ახერხებდა და პოლიციას მნიშვნელოვან პირთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

განსაკუთრებით საგულისხმოა ერთი მაგნიტოფონის ჩანაწერი: 1989 წლის თებერვლის საღამოს აღმოსავლეთ ბერლინის ერთ-ერთ ბინაში ისმის სატელეფონო ზარი. მეგობარი კითხულობს, სად არის კრის გეფროი, ის კი ამ დროს უკვე ბერლინის კედელთან გდია მკვდარი. 20 წლის გეფროი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელიც დასავლეთ ბერლინში გაქცევის მცდელობისას მოკლეს კედელთან.

ექსპოზიცია შეიცავს განკარგულებებისა და წესების ასლებს და შტაზის თანამშრომლების ფოტოსურათებს მუშაობის პროცესში – როგორ უსმენენ სატელეფონო საუბრებს, როგორ ხსნიან წერილებსა და ამანათებს.

გამოფენაზე ნაჩვენებია წერილების გახსნის ზოგიერთი ხერხი: უძველესი – ორთქლით და უფრო თანამედროვე - გამხსნელი სითხისა და ულტრაბგერის აბაზანების გამოყენებით. თუ წერილი შეიცავდა ფოტოსურათებსა და დოკუმენტებს, ორთქლს რომ არ დაეზიანებინა, საგანგებო მეთოდებს მიმართავდნენ.

გამოფენაზე შეიძლება მოისმინოთ პასუხი სატელეფონო ზარზე, როცა მკაფიოდ ისმის მაგნიტოფონის ჩართვის ხმა. შტაზის ერთ-ერთი მისაყურადებელი პოსტი სახელმწიფო ბიბლიოთეკაში იყო მოთავსებული.

გამოფენის დრო დაემთხვა მომენტს, როცა მთავრობა მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ უზარმაზარ მასალას. ამჟამად შტაზის საქმეები ნახევრად ოფიციალური უწყების განკარგულებაშია.

ისტორიკოსები და სხვა მკვლევარები საარქივო მასალათა გამოქვეყნების დღევანდელი წესების შეცვლას მოითხოვენ. ამჟამად შტაზის საქმეებთან დაშვება მეტად ლიმიტირებულია. ყველას აქვს უფლება გაეცნოს მხოლოდ საკუთარ საქმეს და გაიგოს იმათი სახელები, ვინც ასმენდა მას. ათასობით ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ შესაძლებლობით. 2006 წლამდე დაშვებული იქნება იმ პირთა საქმეების გაცხრილვა, ვინც ცდილობს სახელმწიფო თანამდებობაზე მოხვდეს.

გამოფენის ერთ-ერთი თანამშრომლის, ბეტინა რიუთერის (Ruether), სიტყვით: [რიუთერის ხმა] “საჭიროა ბალანსის შენარჩუნება ადამიანის უფლებასა,დაცული იყოს მისი კერძო სფერო, და მკვლევართა კანონიერ მოთხოვნას შორის. შტაზის საქმეები შედგენილი იყო უკანონო, საიდუმლო მიყურადების გზით და, ბევრის აზრით, ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. მაგრამ ისტორიკოსები და მკვლევარები ფიქრობენ, რომ მათ უნდა მიეცეთ ამ მასალების გაცნობის ნება მნიშვნელოვანი მოვლენების შესასწავლად”.

დებატების ფოკუსშია გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის საკითხი. 1999 წელს ის უხერხულ პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, იმ შეწირულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი პარტია, ქრისტიან- დემოკრატიული კავშირი, ღებულობდა 16 წლის განმავლობაში, ანუ კანცლერის პოსტზე კოლის ყოფნის დროს. როცა კოლმა არ მოინდომა დონორების ვინაობა გაემხილა, გამოითქვა აზრი, რომ ამ ინფორმაციის მიღება შტაზის საქმეებიდან შეეძლოთ.

კოლი კატეგორიულად დაუპირისპირდა ამ აზრს. გერმანიის კანცლერის სიტყვით, შტაზის საქმეებთან დაკავშირებული კანონი მიღებულ იქნა შტაზის ბოროტების გამოსამზეურებლად და არა დასავლეთ გერმანიის ლიდერების კომპრომენტირებისთვის.

ამ წლის მარტში კოლმა მოიგო ეს საქმე სასამართლოში, რომელმაც დაასკვნა, რომ კოლის პირადი სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ის კანცლერი იყო, უნდა იყოს ისევე დაცული, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქისა.
XS
SM
MD
LG