Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო შეშფოთებულია პაკისტანსა და ინდოეთს შორის ბირთვული ომის საფრთხის გამო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მართალია, პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერები გაუთავებლად გაიძახიან, რომ ომის თავიდან აცილებას ცდილობენ, საწინააღმდეგოს მოწმობს სიტუაცია ქაშმირში, ძირითადად მაჰმადიანებით დასახლებულ ამ რეგიონში,

რომლის ტერიტორია ორ სახელმწიფოს შორის არის განაწილებული. პაკისტანისა და ინდოეთის გამყოფი 2900-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ ერთ მილიონამდე ჯარისკაცია განთავსებული. სხვათა შორის საზღვრის სიგრძის ერთი მეოთხედი სწორედ ქაშმირზე მოდის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იქ გახშირდა სროლა, რომლის შედეგად დაიღუპნენ არა მარტო ორივე მხარის ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების დაგროვება გასულ დეკემბერში დაიწყო ინდოეთის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომლისთვისაც პასუხიმგებლობა ინდოეთმა პაკისტანიდან მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებს დააკისრა. ეს ჯგუფები იბრძვიან ქაშმირის, ინდოეთის ერთადერთი უმთავრესად მუსლიმანებით დასახლებული შტატის, დამოუკიდებლობისთვის ან პაკისტანთან მიერთებისთვის.

ბოლოს ვითარება დაიძაბა 14 მაისს, როცა ინდოეთი გამოეპასუხა ისლამისტების თავდასხმას ინდოეთის სამხედრო ბაზაზე ჯამუში, ქაშმირის ინდური ნაწილის ე.წ. ზამთრის დედაქალაქში. მეორე დღეს ამას პაკისტანის ძალების მხრიდან საარტილერიო იერიში მოჰყვა.

ინდოეთი ადანაშაულებს პაკისტანს, რომ ის წვრთნის, აფინანსებს და, საერთოდ, ყოველნაირად უწყობს ხელს ექსტრემისტებს. იანვარში პაკისტანის პრეზიდენტმა, გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა აკრძალა ზოგიერთი ჯგუფი და დააპატიმრა მათი ლიდერები. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ვერ დაარწმუნა, რომ ყველაფერი მოიმოქმედა ქაშმირის ინდოეთის ნაწილზე სროლის შესაჩერებლად. ბოლო დღეებში შეერთებული შტატების მხრიდან ინტენსიური ზეწოლის შედეგად, მუშარაფმა განაცხადა, რომ დაძაბულობის შესასუსტებლად დამატებით ზომებს მიიღებს.

კამათი ქაშმირის გარშემო პაკისტანის სახელმწიფოს დაარსების დღიდანვე დაიწყო. უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარების ბოლო მცდელობა 1948 წლით თარიღდება, როცა ინდოეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა რეფერენდუმის ჩატარებას: მოსახლეობას უნდა ეპასუხა, რომელი სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს ქაშმირი. მაგრამ არავითარი კენჭისყრა არ ჩატარებულა და ტეროიტორიის 70 პროცენტი, მათ შორის პაკისტანის სოფლის მეურნეობისთვის სასიცოცხდლდ აუცილებელი მდინარეების სათავეები, ინდოეთის ხელში დარჩა. 1965 წლის 17-დღიანმა ომმა ეს პრობლემა ვერ გადაჭრა.

გასულ კვირაში პაკისტანმა საშუალო და მოკლე რადიუსიმ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ჩაატარა. ამ რაკეტებს, როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინების ტრანსპორტირება შეუძლია. პაკისტანი აცხადებს, რომ გამოცდებს არაფერი აქვს საერთო მიმდინარე სიტუაციასთან, ინდოეთი ამბობს, რომ მას ეს გამოცდები არ აშფოთებს. სამაგიეროდ, შეშფოთებულია მსოფლიო საზოგადოებრიობა.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით, ამ ორ მტრულ ქვეყანას შორის ბირთვულმა ომმა შეიძლება 12 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და კიდევ 7 მილიონი ადამიანი დააშავოს. პენტაგონის ცნობით, პაკისტანის ქობინების სიმძლავრე შეიძლება შეედაროს ჰიროსიმაში ჩამოგდებულის ბომბის სიმძლავრეს.

პენტაგონი თვლის, რომ მცირემასშტაბიანმა ბირთვულმა შეტაკებამაც კი (რამდენიმე ქობინის გამოყენებით) შეიძლება ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში სამედიცინო დაწესებულებათა კრიტიკული გადატვირთვა გამოიწვიოს. რადიაქტიულ დაბინძურებასთან, შიმშილთან და დაავადებებთან გასამაკლავებლად საჭირო იქნება უზარმაზარი საერთაშორისო, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების დახმარება.

მსოფლიო პაკისტანსა და ინდოეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. რუსეთმა ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიავლინა; სამშაბათს ისლამაბადში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის; მომავალ კვირაში შეერთებული შტატები რეგიონში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აგზავნის.

პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ატალ ბიჰარი ვაჯპაის, როგორც თვითონ თქვა “ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს”. ინდოეთი კი, ვიდრე შეხვედრის მოწყობაზე დათანხმდებოდეს, ქაშმირში სასაზღვრო ინციდენტების შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG