Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება ტრეფიკინგის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მეორე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება ტრეფიკინგის შესახებ.

მოხსენებაში ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც არ ღებულობენ ქმედით ზომებს ადამიანებით ვაჭრობისა და საზღვარგარეთ მათი არალეგალურად ჩაყვანის წინააღმდეგ.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ 4 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც კონრაბანდული გზით ჩაჰყავთ ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში, მონურ პირობებში უხდება ცხოვრება, და ჩამოთვლილია 19 სახელმწიფო, რომელთა წინააღმდეგ სანქციები იქნება მიღებული, თუ ისინი ქმედით ზომებს არ მიიღებენ ამ ბოროტების აღსაკვეთად. ეს ქვეყნები, საანგარიშო მოხსენებაში, ეგრედ წოდებულ ”მესამე კატეგორიას” ეკუთვნიან. მოხსენების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ 19 სახელმწიფოში, რომელთა შორის სხვებთან ერთად ავღანეთი, რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ირანია მოხსენიებული, არაფერი კეთდება ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად.

მოხსენებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ კიდევ 52 სახელმწიფო, ისინი ”მეორე კატეგორიას” ეკუთვნიან, მათ შორის სხვებთან ერთად ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ყაზახეთი, ლატვია, მოლდავეთი, რუმინეთი, სლოვენია, უკრაინა და იუგოსლავიაა მოხსენიებული, ცდილობს ტრეფიკინგის აღკვეთას, თუმცაღა მაინც ვერ აკმაყოფილებს ამ მხრივ მინიმალურ სტანდარტებს. ზოგიერთი სახელმწიფო არაა საერთოდ ნახსენები მოხსენებაში, ვინაიდან სახელმწიფო დეპარტამენტს არ აღმოაჩნდა მათს შესახებ სათანადო ინფორმაცია.

წარმოადგინა რა საანგარიშო მოხსენება, რასაც კონგრესის მიერ 2000 წლის ოქტომბერში მიღებული კანონი ითვალისწინებს, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი: [კოლინ პაუელის ხმა] ”ბოროტმოქმედნი ხშირად ქალებსა და ბავშვებს აიძულებენ პორნოგრაფიასა და პროსტიტუციას, აუტანელ ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდებენ მათზე და შიდსით დაავადების სერიოზულ საფრთხეს უქმნიან”.

ვინაიდან ზოგიერთ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტრეფიკინგის პრობლემის მოსაგვარებლად, ეს ქვეყნები, მათ შორის ალბანეთი, ისრაელი, ყაზახეთი, პაკისტანი, რუმინეთი და იუგოსლავია, გასულ წელს, ”მესამედან”- ”მეორე” კატეგორიაში იქნა გადაყვანილი. საანგარიშო მოხსენების ერთ-ერთი ავტორი ნენსი ელი-რაფელი იმედოვნებს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი თანამედროვე ”მონობას” მოჰფენს შუქს: [ნენსი ელი-რაფელის ხმა] ”შევედით რა 21-ე საუკუნეში, ტრეფიკინგს მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს. ეს ბოროტება - უნდა შეწყდეს. ამ მოხსენების მიზანია საბრძოლველად განაწყოს ყველა, რათა ბოლო მოეღოს მონობას 21-ე საუკუნეში”.

ელი-რაფელის თქმით, ტრეფიკინგის პრობლემა არსებობს შერეთებულ შტატებშიც, სადაც ყოველწლიურად, 50,000-დე ადამიანი ჩაჰყავთ არალეგალურად. თუმცა, საკუთარი კრიტერიუმის შესაბამისად, შეერთებული შტატები აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, ვინაიდან ქვეყანამ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კანონი მიიღო და ძალისხმევას არ იშურებს ამ ბოროტების აღსაკვეთად.

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება, ამერიკის საელჩოების, აგრეთვე მას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, უნისეფის, გაეროს ლტოლვილთა უწყების, ემნისტი ინტერნეიშენალისა და ”ჰიუმენ რაიტს უოჩისაგან” მიღებულ მასალებზე დაყრდნობით იქნა შედგენილი.
XS
SM
MD
LG