Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ახალი ფინანსთა მინისტრისათვის ავანსად ქათინაურებს არ იშურებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

მირიან გოგიაშვილმა ცოტა ხნის წინ მის დაქვემდებარებაში გადმოსული საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების შეფები შეცვალა. თუ ლევან ჩრდილელისათვის, რომელიც მირიან გოგიაშვილის მეგობრად ითვლება, მინისტრის პირველი მოადგილეობა ფორმალური დაწინაურებაა, ლევან ქისტაურისათვის საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის სავარძლის დატოვება და ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გადასვლა, უდავოდ, სერიოზული უკანსვლაა.

ამ საკადრო პერეტრუბაციებს მაინცდამაინც დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან, ტრადიციულად, ახალი მინისტრის მოსვლას ამა თუ იმ უწყებაში, როგორც წესი, საკადრო ცვლილებები და წინამორბედის გუნდის საკუთარით ჩანაცვლების პროცესი ახლავს ხოლმე თან. ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.

რაც შეეხება თავად საბიუჯეტო პროცესს, მაისის თვის შედეგებიდან გამომდინარე, ამ მხრივ, ხელისუფლებაში მაჟორული ნოტები სჭარბობდა.

გასულ კვირას გოგიაშვილმა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის მხრიდან პირველი ქათინაურები დაიმსახურა, რაც, ძირითადად, მაისის თვის ბიუჯეტის შესრულებით იყო განპირობებული. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანების თაობაზე, სწორი ნაბიჯი იყო და ამ პოსტზე მირიან გოგიაშვილის დანიშვნაც გამართლებულია, რის დასტურადაც ხელისუფლება მაისის შესრულებულ პარამეტრებს იშველიებს. შევარდნაძე გოგიაშვილს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს უწოდებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი გარკვეული გადაჭარბებითაც კია შესრულებული. ოფიციოზის აღმატებულ ეპითეტებს არ იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კი, ტრადიციულად, სრულიად საპირისპირო სურათს ხატავს. ამ სურათის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს თავის მოსაწონებელი ჯერ არაფერი აქვს, თავად ბიუჯეტი კი სერიოზულად არის ”გარღვეული”. შესაბამისად, გოგიაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, ავანსად გაცემული ქათინაურები აღმოჩნდეს.

საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, მაისის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების გეგმა განსაზღვრული იყო 79,52 მილიონი ლარის ოდენობით. ბიუჯეტში კი შემოვიდა 64,6 მილიონი. შესაბამისად, გეგმა 81,2 პროცენტით შესრულდა, ანუ ბიუჯეტს დააკლდა 14,92 მილიონი ლარი. ამავე წყაროს მონაცემებით, საკუთარი შემოსავლების გეგმა 92,5 პროცენტითაა შესრულებული.

სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 64,49 მილიონი, ანუ გათვალისწინებულზე 5,23 მილიონი ლარით ნაკლები. კვლავინდებურად გართულებულია ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობა. ამ მხრივ, სიტუაცია არც მაისში შეცვლილა. მირიან გოგიაშვილს იმედი აქვს, რომ ამ პრობლემას აჭარის ფინანსთა მინისტრთან მეგობრული ურთიერთობის წყალობით მოაგვარებს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, აჭარიდან საბიუჯეტო თანხების გადმორიცხვა ამ ორი ახალგაზრდა ჩინოვნიკის მეგობრულ ურთიერთობაზე იყოს დამოკიდებული. ცოტა ხანში გოგიაშვილი და ავთანდილ ჯორბენაძე სპეციალურად ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბათუმურ ვოიაჟს გეგმავენ.

სახელმწიფო ბიუჯეტს გრანტებიდან დაგეგმილ შემოსავლებში სერიოზული გარღვევა აქვს. მაისში ამ კუთხით 9,8 მილიონი ლარის მობილიზება იყო ნავარაუდევი, რეალურად კი მხოლოდ 110 ათასი ლარია შემოსული.

მთლიანად 2002 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები კი კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება. იანვარ - მაისში, კანონის თანახმად, გათვალისწინებული იყო 379,40 მილიონი ლარი, რეალურად შესრულებული შეადგენს 328,11 მილიონს, ანუ ბიუჯეტმა 51,29 მილიონი ლარი მოისაკლისა. შესაბამისად, გეგმა მხოლოდ 86 პროცენტით შესრულდა. ამ მაჩვენებლებს თუ მიუღებელ გრანტებს გამოვაკლებთ, საკუთარ შემოსავლებში გარღვევა 22,2 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტრომ წლის დარჩენილ პერიოდში საბიუჯეტო მაჩვენებლები რომ შეასრულოს, დარჩენილ 7 თვეში, მარტო საკუთარი შემოსავლების სახით, 542,47 მილიონი ლარის, ანუ თვეში, საშუალოდ, 74,9 მილიონის მობილიზება უნდა შეძლოს. თუ განვლილი 5 თვის შემოსავლების დონეს გავითვალისწინებთ, რაც, საშუალოდ, თვეში 65,3 მილიონის ტოლია, ადმინისტრირების დაბალი დონის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია მთავრობამ 2002 წელი უდეფიციტოდ დაასრულოს. რაც შეეხება გრანტების ჩათვლით მისაღებ შემოსავლებს, აქ პერსპექტივა გაცილებით საგანგაშოა.

მთავრობამ რაც არ უნდა თავი მოიწონოს მაისის თვის მიღწევით, ბიუჯეტის სეკვესტრის თემა მაინც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური გახდება. ხელისუფლებას წლის პირველ ნახევარში წარმოქმნილი დავალიანების აღმოსაფხვრელად რესურსები, აშკარად, არ ეყოფა, რაც გვაფიქრებინებს, რომ უკვე შემოდგომით ფინანსთა მინისტრი შემოსავლების კორექტირების ინიციატივით შევა პარლამენტში.

სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი ფინანსთა მინისტრი პარლამენტში შესატანად უკვე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს. აღნიშნული ცვლილებები შეეხება საგადასახადო ტარიფებს და, ასევე,




ჯართისა და ფერადი ლითონების ექსპორტზე დაწესებული აკრძალვების ყბადაღებულ თემას. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის საკითხი გახლავთ, რომელიც რეგულარულად ფიგურირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მემორანდუმებში. სავარაუდოა, რომ ფონდის ივნისის მისიამდე ფინანსთა სამინისტრო შეეცდება მოახერხოს პარლამენტართა დაყოლიება ჯართის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად.

გოგიაშვილის სამინისტრო კარიერის შედარებით წარმატებული დასაწყისი და გასულ კვირას ხელისუფალთა მიერ მისი მისამართით ავანსად გაცემული ქათინაურები გვაფიქრებინებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდება, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა და საბიუჯეტო პრობლემები იმავე უცხოურ დონორებთან მოლაპარაკებებისას გაცილებით მძიმე ფონს შექმნის.
XS
SM
MD
LG