Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზოგიერთი ასპექტი


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი გესაუბრებით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ორიოდე პუბლიკაციის შესახებ, რომელიც წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა.



რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები განაგრძობენ ინფორმაციულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთ ნიმუშად 7 ივნისის ინტერნეტგაზეთ "უტროს" წერილი გამოდგება. გაზეთი სავსებით ნორმალურად მიიჩნევს სოხუმის მთავრობის გადაწყვეტილებას შავი ზღვისპირეთის კურორტების პრივატიზაციის შესახებ. ამასთან, "უტრო" წერს, რომ "თბილისმა მრისხანე რეაგირება მოახდინა პრივატიზაციის შესაძლო დაწყებაზე "არაღიარებულ რესპუბლიკაში", სადაც სერიოზულად გადაწყვიტეს კურორტების გაკეთილშობილება ინვესტიციების მოზიდვის გზით და სამომავლო მოგების მიღების იმედით."

გაზეთის თქმით, "თბილისის რეაქციამ არ დააყოვნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა საპრივატიზაციო აქტი უკანონოდ ჩაითვლება … ოფიციალური თბილისის იურისდიქციის აღდგენამდე."
"უტრო" ირონიულად შენიშნავს:

"თურმე თბილისს არ სურს, - როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, - რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების შემდეგ პრობლემები შეექმნას იმ ფირმებს, რომლებიც არაღიარებულ რესპუბლიკაში ობიექტების პრივატიზაციას განახორცილებენ. როგორც ცნობილია, ახლახან პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ კვლავ დაადასტურა, რომ აფხაზეთი არასოდეს შევა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ თბილისი განაგრძობს ამ განცხადებების იგნორირებას.
რუსეთთან კი უფრო რთულადაა საქმე. თბილისში ვერ მალავენ აღშფოთებას ასე ვთქვათ, "მზაკვრული იმპერიის" მიერ აფხაზეთისათვის გაწეული ნებისმიერი დახმარების გამო."

გაზეთის თქმით, "ამ დღეებში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის ერთ-ერთი საშუალება ღვარძლიანად აღნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალეკსანდრ ტკაჩოვმა სოხუმში ყოფნისას განაცხადა: " რაც არ უნდა მოხდეს, ყუბანი ყველანაირ დახმარებას და მხარდაჭერას გაუწევს აფხაზეთს … თუ ყუბანში არის პური, ის აფხაზეთშიც იქნებაო". საქართველოში ისიც არ მოსწონთ ძალიან, - განაგრძობს "უტრო," - რომ სოხუმი მოლაპარაკებებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება "ეეს როსიასთან", რომელიც მზად არის 500 ათასი დოლარი შეიტანოს აფხაზეთის ენერგეტიკულ სისტემაში.

შემდეგ გაზეთი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში შედგა პრეზიდენტ არძინბას და პრემიერ-მინისტრ ჯერგენიას შეხვედრა. სააგენტო "აფსნი პრესის" ინფორმაციით, თათბირზე განიხილავდნენ რუსეთის კაპიტალის მოზიდვის საკითხებს რესპუბლიკის საკურორტო კომპლექსის განვითარებასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
"უტრო" დაასკვნის, რომ, "ამდენად, სოხუმმა უკვე არაერთგზის გამოხატა თავისი სიმპათიები. სხვა ყველაფერთან ერთად, მოსკოვი ხომ რეალურ დახმარებას ჰპირდება აფხაზეთს ენერგეტიკული კომპლექსის რეკონსტრუქციასა და მეჩაიეობის, მეთამბაქოეობისა და მეღვინეობის განვითარებაში".

7 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტა" აქვეყნებს ინტერვიუს ბატონ დიტერ ბოდენთან, რომელმაც ორწელიწად-ნახევარი იმუშავა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. კონფლიქტის საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით ბატონმა ბოდენმა, კერძოდ, განაცხადა: "აბსოლუტურად უიმედო სიტუაციები არ არსებობს, ყოველთვის არის მდგომარეობის გამოსწორების შანსი და ის უნდა გამოიყენო. ჩვენ ჯერჯერობით გზის დასაწყისში ვართ. ყოველთვის როდი ახერხებ იმის გაკეთებას, რაც გსურს. მაგალითად, შარშანწინ ორგანიზებული იყო იალტის კონფერენცია, რომელზეც შესაძლებელი გახდა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შორის კონკრეტული ზომების შემუშავება, ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. კონფერენციის შემდეგ საჭირო იყო მოლაპარაკებების პროცესის განვითარება, ქართულ-აფხაზური კონტაქტების აქტივიზაცია უშუალოდ მხარეთა შორის ან შუამავლების საშუალებით. მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი დამუხრუჭდა და იალტის შეთანხმებები ჰაერში გამოკიდებული დარჩა."

თუმცა, დიტერ ბოდენის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ახალი კონფერენციის ჩატარების თაობაზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, რომ ეს კონფერენცია თავისთან ჩაატაროს.
თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტთან დაკავშირებით გერმანელი დიპლომატი ამბობს, რომ დოკუმენტი განსახილველად მიღებული არ არის, ამიტომ მისი შინაარსის გახსნის უფლება არა აქვს.

მაგრამ დოკუმენტის საკვანძო ფრაზის თაობაზე დიტერ ბოდენმა "ნეზავისიმაია გაზეტას" განუცხადა, რომ "გაერო გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან და აფხაზეთს განიხილავს როგორც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს". მართალია, სოხუმის ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მიდგომაზე, მაგრამ დიტერ ბოდენი დარწმუნებულია, რომ ეს აფხაზური მხარის საბოლოო სიტყვა არ არის. მისი თქმით, "სოხუმის მთავრობის ბევრი მოთხოვნა ერთიანი საქართველის ჩარჩოებში შეიძლება დაკმაყოფილდეს".
XS
SM
MD
LG