Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ შარონის ვიზიტი შეერთებულ შტატებში


ანდრო ეული, პრაღა ყველას კარგად მოეხსენება, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ისრაელის უახლოესი მოკავშირეა. მაგრამ, ორშაბათს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის სტუმრობის შემდეგ,

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, როგორც ჩანს, შეცვალა თავისი პოზიცია პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მიმართ.
რამდენიმე თვეა უკვე, არიელ შარონი ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტ ბუში იმაში, რომ პალესტინელთა ლიდერი არაა სანდო პარტნიორი სამშვიდობო პროცესში და ჩამოშორებულ უნდა იქნეს, თუნდაც ძალის გამოყენებით, პოლიტიკურ სარბიელს. მაგრამ, ისრაელის უახლოეს მოკავშირეს, ბუშის ადმინისტრაციას, რომელსაც არც თუ იშვიათად გაუკრიტიკებია პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი, არასოდეს გაუმართლებია საჯაროდ იასირ არაფატის გადაყენების იდეა. როგორც სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აცხადებს, ყველა მისი შეცდომის მიუხედავად, არაფატი – ისრაელის ერთადერთი ჭეშმარიტი პარტნიორია სამშვიდობო პროცესში. პაუელმა გასულ თვეს გამართა მოლაპარაკება არაფატთან, და იგი ერთადერთია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის, ვინც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს შეხვდა მას შემდეგ, რაც ბილ კლინტონი, თეთხ სახლში, ჯორჯ ბუშმა შეცვალა. ბუში – არასოდეს შეხვედრია არაფატს.
მას შემდეგ, რაც ორშაბათს თეთრ სახლში ბუშისა და შარონის მოლაპარაკება დამთავრდა, მიმომხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, როგორც ჩანს დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვა ვაშინგტონში, რაც ალბად, შემობრუნების წერტილი გახდება პალესტინელებისა და ისრაელის ურთიერთობათა ისტორიაში. თუმცა იგივე მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ შარონის წარმატებამ, ანუ თეთრი სახლის დარწმუნებამ იმაში, რომ არაფატი, როგორც არასანდო პარტნიორი, გადაყენებულ უნდა იქნეს, შესაძლოა მეტი ექსტრემიზმისკენ უბიძგოს არაბებს.

პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში, არიელ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელს არ შეუძლია მოლაპარაკება არაფატთან, რომელიც კორუმპირებული და ავტოკრატი ლიდერია და ისრაელი მოქალაქეების წინააღმდეგ აამხედრა თავისი ხალხიო. შარონმა განაცხადა აგრეთვე, რომ ისრაელი, საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით იძულებულია სამხედრო რეიდები განახორციელოს პალესტინელთა ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG