Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლოია-ჯირგის" სხდომა ქაბულში


ანდრო ეული, პრაღა ქაბულში მუშაობას განაგრძობს სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს, "ლოია-ჯირგის" სხდომა, რომელმაც ქვეყნის ახალი, გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს.

უხუცესთა საბჭოს სდომა სამშაბათს გახსნა ავღანეთის ყოფილმა მეფემ, 87 წლის მოჰამად ზაჰირ შაჰმა და განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყანაში მონარქიის აღდგენას.


უხუცესთა საბჭოს ყრილობაზე, რომელიც ერთ კვირას გასტანს, ცალკეულმა დელეგატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ოთხშაბათს იმის გამო, რომ ფორუმს, რომელმაც ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს, ის ადამიანებიც ესწრებიან, ვინც მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს დაუპირისპირდა თავის დროზე.

"ლოია-ჯირგამ" სახელმწიფოს მეთაური უნდა აირჩიოს, და ამ თანამდებობას, როგორც ჩანს, ავღანეთის ამჟამინდელი, დროებითი ადმინისტრაციის უფროსი ჰამიდ კარზაი დაიკავებს მას შემდეგ, რაც ყოფილმა მეფემ, მოჰამად ზაჰირ შაჰმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ბურანუდინ რაბანიმ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები და კარზაის დაუჭირეს მხარი. დარჩა ერთადერთი კონკურენტი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანამშრომელი ქალი მასუდა ჯალალი, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ ქალის კანდიდატურა წამოაყენეს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ცხადყოფს, რაოდენ შეიცვალა ვითარება ავღანეთში თალიბების დამხობის შემდეგ.

ერთ-ერთი დელეგატის გამოსვლას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ ყრილობის მონაწილენი, როცა მან გაუმართლებლად მიიჩნია ამ ეროვნულ ფორუმში შეიარაღებულ დაჯგუფებათა მეთაურების მონაწილეობა. "ჩვენ გვითხრეს, რომ "ლოია-ჯირგის" ყრილობაზე არ მიიწვევდნენ იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი. მაგრამ, ამ ადამიანებს ვხედავთ ყველგან. ვერ გამიგია, "ლოია-ჯირგაა" ეს თუ მეთაურთა საბჭო"-განაცხადა საფარ მოჰამადმა.

ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილმა კლაუს-პეტერ კლაიბერმა ასევე გამოთქვა იმედგაცრუება, როცა შეიარაღებულ დაჯგუფებათა მეთაურები ნახა "ლოია-ჯირგის" ყრილობაზე: [კლაუს-პეტერ კლაიბერის ხმა]"გაოგნებული დავრჩიგუშინ, როცა დავინახე, როგორ ისხდნენ ერთად პირველ და მეორე რიგებში ფაქტობრივად ყველანი, ვისაც "მეომარ ლიდერებად" მოიხსენიებენ, და დღესაც დავინახე ისინი, მშვიდად რომ მასლაათობდნენ".

"მხოლოდ ის შემიძლია ვიფიქრო, რომ დროებითმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ქაბულის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩააბას ყოფილი "მეომარი ლიდერები." და თუ ასეც მოხდა, დროებითი ადმინისტრაცია დიდ საქმეს გააკეთებს"-დასძინა კლაუს-პეტერ კლაიბერმა.

ჰამიდ კარზაის არჩევა სახელმწიფოს მეთაურად თითქმის აღარ იწვევს ეჭვს, თუმცა მრავალი დელეგატი შიშობს იმის გამო, რომ ფარული გარიგების წყალობით, "მეომარმა ლიდერებმა", მათ შორის ჩრდილოეთის ალიანსიდან, შესაძლოა ხელმძღვანელი თანამდებობები მიიღონ ახალ მთავრობაში. "ეს არაა დემოკრატია; ესაა აშკარა ფორმალობა. ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე ყოვლისშემძლე პირთა მიერ"-განაცხადა დროებითი ადმინისტრაციის ქალთა საქმეების მინისტრმა სიმა სამარმა.

ხოლო ევროკავშირის წარგზავნილმა კლაუს-პეტერ კლაიბერმა თქვა, რომ დემოკრატიზაციის პროცესის მოწმე გახდა ავღანეთში. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავად ავღანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ერთსულოვნად ვუჭერთ მას მხარს"-დასძინა კლაიბერმა.

ეს უჩვეულო თავყრილობა დელეგატებისა, რომელშიც საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის ქალები, სასულიერო პირები, საზღვარგარეთ განათლებამიღებული სპეციალისტები და ბინესმენებია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მართლაცდა ავღანეთში რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად, რაც გასულ წელს დაიწყო, როცა კოალიციურმა ძალებმა, ჩრდილოეთის ალინსთან ერთად, თალიბების რეჟიმი დაამხეს.

დელეგატებმა უნდა აირჩიონ გარდამავალი მთავრობა, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტს მოამზადებს და საყოველთაო არჩევნებამდე, წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას. დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ, ყოფილ მეფეს მოჰამად ზაჰირ შაჰს "ერის მამა უწოდა" და განაცხადა, რომ ზაჰირ შაჰი ისარგებლებს ყველა იმ პრივილეგიით, მეფეს რომ ენიჭება ჩვეულებისამებრ კონსტიტუციურ მონარქიაში.

"ლოია-ჯირგის" ყრილობასთან დაკავშირებით, უშიშროების უზრუნველსაყოფად ქაბულში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების 4,000-კაციანი კონტინგენტია მობილიზებული. ოთხშაბათს შეტაკებები მოხდა გერმანელ ჯარისკაცებსა და ერთ-ერთი დელეგატის პირად დაცვას შორის, რომელმაც არ მოისურვა იარაღის ჩაბარება. ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG