Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის აუცილებელი პირობები


გიორგი კაკაბაძე,თბილისი საქართველოს ეკონომიკა წლების განმავლობაში ვერ გამოდის კრიზისიდან. რა ძირითადი მიზეზები განაპირობებს ამ სავალალო მდგომარეობას და როგორია კრიზისის დაძლევის აუცილებელი პირობები.

ამ თემის გარშემო მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვაჟა ფარულავა.

ეკონომიკური კრიზისის გადასალახად, უპირველესად, უნდა არსებობდეს ხელისუფლების სურვილი და, რაც მთავარია, იმის ცოდნა, თუ რა უნდა გაკეთდეს საამისოდ. მაგრამ, როგორც ვაჟა ფარულავა ამბობს, ჩვენს ხელისუფლებას არც სურვილი აქვს და არც ის იცის, რა აკეთოს. არადა, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები კარგადაა ცნობილი. საქართველოში ადგილი აქვს წარმოებისკრიზისს, რაც მოსახლეობის დასაქმებით უნდა დაიძლიოს. აუცილებელია სამუშაო ადგილების მაქსიმალური მომრავლება, რასაც ინვესტიციები ესაჭიროება. მაგრამ ვინაიდან დღეს საქართველოში საინვესტიციო გარემო მწირია, ამიტომ, ვაჟა ფარულავას თქმით, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი რესურსებისა და შესაძლებლობების მობილიზებასა და სესხების გაცემაზე. თუმცა ეკონომისტი აქვე დასძენს, რომ საქართველოში არსებული საბანკო სისტემის პირობებში ეკონომკური კრიზისის დაძლევაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

[ფარულავას ხმა] “დღეს საქართველოში წლიური საბანკო განაკვეთის საშუალო პროცენტი 36-დან 42%-მდე ფარგლებშია. წარმოუდგენელია, მეწარმემ ასეთ პირობებში იმუშაოს და წარმოება ფეხზე დააყენოს. ის ვერც ვალებს გადაიხდის და ვერც მოგებას მიიღებს, - ასე რომ, გაკოტრებისათვის განწირულია. “

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ, მაგალითად, აშშ-ში შარშანდელი წლის დასაწყისში წლიური საბანკო განაკვეთი 5,5%-ს შეადგენდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ამერიკელებმა 11-ჯერ გადახედეს ამ განაკვეთს და, საბოლოოდ, 2%-მდე დაიყვანეს. ევროპის ქვეყნებში კი აღნიშნული მაჩვენებელი, საშუალოდ, 2,8%-ს უტოლდება. ამიტომ, ვაჟა ფარულავას თქმით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საბანკო სისტემის რეფორმირება და საბანკო-საპროცენტო განაკვეთის შემცირება წარმოადგენს. ეკონომისტი ამბობს, რომ, ამასთან ერთად, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და გამარტივება უნდა მოხდეს.[ფარულავას ხმა] “საეთოდ, საგადასახადო ტვირთი იზომება დამატებული ღირებულების მიმართ. ეს არის მთელი გადასახადების ჯამი წარმოებული დამატებული ღირებულების მიმართ. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენს, საქართველოში კი 73%-ის ტოლია და აქ არ იგულისხმება ე.წ. “შავი” თუ “თეთრი” გადასახადები. ასეთი საგადასახადო ტვირთის პირობებში, კრედიტიც რომ უფასოდ გასცე, მაინც არ იქნება იმის საშველი, რომ მეწარმე ფეხზე დადგეს.“[სტილი დაცულია]

გარდა ამისა, ვაჟა ფარულავას თქმით, საგადასახადო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების პარალელურად, აუცილებელია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, ანუ ბაზარი ღია უნდა იყოს ნებისმიერი მეწარმისათვის. არადა, დღეს ბაზრით მხოლოდ მსხვილი მეწარმეები სარგებლობენ.

ამდენად, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია სამი პირობის შესრულება: საბანკო სისტემის რეორგანიზაცია, საგადასახადო სისტემის რეფორმა და თავისუფალი კონკურენციისათვის ბაზის შექმნა.

ჩემი თანამოსაუბრე, აგრეთვე, ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკას და თავისუბურებებს. მაგალითად, ვაჟა ფარულავა მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს სიმწირის გამო საქართველოში უნდა განვითარდეს ნაკლებ ინვესტიციატევადი და სწრაფად უკუგებადი დარგები. ერთ-ერთი ასეთია სოფლის მეურნეობა. ეკონომისტის თქმით, თუ სასოფლო სამეურნეო ბაზარს ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველვყოფთ, მაშინ საქართველოდან აღარ გაედინება ასეული მილიონობით დოლარი და შესაძლებელი გახდება დამატებითი სახსრების გამოყოფა ფერმერთა მეურნეობების გასაძლიერებლად.
XS
SM
MD
LG