Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი ავღანეთის ახალ, გარდამავალ მთავრობას უხელმძღვანელებს


ანდრო ეული, პრაღა ეთნიკური პუშტუნი ჰამიდ კარზაი, რომელიც ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა განვლილი 6 თვის მანძილზე, ხუთშაბათს,

ქვეყნის ახალი გარდამავალი მთავრობის მეთაურად აირჩია სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს ყრილობა ”ლოია-ჯირგამ”. 1,650-წევრიან ”ლოია-ჯირგაში”, 44-წლის კარზაის 1,295-მა დელეგატმა მისცა ხმა. გარდამავალი მთავრობის მეთაურად ჰამიდ კარზაის არჩევაში უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი მას შემდეგ, რაც ორი-სამი დღის წინ, მის კანდიდატურას ავღანეთის ყოფილმა მეფემ, 87-წლის მოჰამად ზაჰირ შაჰმა და ”ჩრდილოეთის ალიანსის” ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ბურანუდინ რაბანიმ დაუჭირეს მხარი.

მიმართა რა უხუცესთა საბჭოს ყრილობის დელეგატებს, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა: [ჰამიდ კარზაის ხმა] ”ჩემთვის უდიდესი პატივია ის ფაქტი, რომ თქვენ, ჩემმა ძმებმა და დებმა, ”ლოია-ჯირგის” დელეგატებმა, მთელი ავღანელი ხალხის სახელით ჩემს კანდიდატურას დაუჭირეთ მხარი”.

ამჯერად, როცა ახალი, გარდამავალი მთავრობის მეთაური არჩეულია,”ლოია-ჯირგის” დელეგატებმა გარდამავალი პარლამენტი უნდა შექმნან და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დაასახელონ. შეთანხმების თანახმად, რომელიც გასულ წელს დაიდო გაეროს შუამავლობით ბონში, ავღანეთის გარდამავალი მთავრობა 22 ივნისს შეუდგება საქმიანობას და 2004 წლისათვის დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დარჩება ხელისუფლების სათავეში.

რთული ამოცანის წინაშე დგას ჰამიდ კარზაი – მან სასწრაფოდ უნდა შექმნას ახალი მთავრობა,
რომელმაც თავისი შემადგენლობით ყველა ეთნიკური ჯგუფი უნდა დააკმაყოფილოს და თან შეამციროს წამყვან სამინისტროებში ეთნიკური ტაჯიკების გავლენა. ამასთანავე, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ახალმა გარდამავალმა მთავრობამ არ დაკარგოს ხალხის მხარდაჭერა.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმა ჰამიდ კარზაის არჩევას, და ამ ფაქტს, ”ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა. ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დესპანმა ზალმაი ხალილზადმა, კარზაის არჩევას ისტორიული მოვლენა უწოდა ავღანეთის ისტორიაში, ვინაიდან ყოველივე ეს, ”სახელმწიფო გადატრიალების, სამხედრო ინტერვენციისა თუ ძალადობის გარეშე მოხდაო”.
XS
SM
MD
LG