Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

439-ე გამოშვება


439-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 439-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით პარლამენტარ რევაზ ადამიას ახალ დიპლომატიურ კარიერასთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებებზე; ვნახავთ, როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს; გაგაცნობთ სამეცნიერო-სასწავლო ცენტრ “დედამიწის” საქმიანობას; ორ მასალას შემოგთავაზებთ კულტურის სფეროდან: ჯერ გესაუბრებით ერაყში, შუმერების ქალაქ ურუქში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე და შემდეგ მოგითხრობთ ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშების ტრაგიკულ ბედზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

პარლამენტარი რევაზ ადამია დიპლომატიურ კარიერას იწყებს
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გახდეს საჭირო განმეორებითი არჩევნების ჩატარება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ადასტურებს, რომ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე პრეზიდენტი შევარდნაძე უახლოეს დღეებში პარლამენტს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ ადამიას კანდიდატურას წარუდგენს დასამტკიცებლად. შეგახსენებთ, გაეროში საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი პერტე ჩხეიძე თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

პეტრე ჩხეიძეს თამამად შეიძლება ეწოდოს ქართული დიპლომატიის თავისებური პატრიარქი. იგი 1993 წელს დაინიშნა ჯერ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში, 1994 წლიდან 2002 წლამდე კი მისი საქმიანობის სფერო მხოლოდ გაერო გახლდათ. მის რეკორდულ მაჩვენებელს ოდნავ ჩამორჩება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კოტე გაბაშვილის შედეგი: იგი გერმანიაში საქართველოს ინტერესებს 1993 წლიდან გამოხატავს.

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ უცნაური ფორმა მიიღო ელჩობის ინსტიტუტმა, რომელზეც მთელ მსოფლიოში მიღებული როტაციის წესი რატომღაც არ ვრცელდება. პერიოდულად პარლამენტარების მიერ გამოთქმულ აღშფოთებას “მუდმივ” ელჩობასთან დაკავშირებით პრეზიდენტი შევარდნაძე ანეიტრალებს ჩვეული არგუმენტით, რომ ახალგაზრდა სახელმწიფო, საქართველო, დიპლომატების თვალსაზრისით, განებივრებული არ არის და აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული კადრები.

არადა, საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ ამტყდარა მცირე მასშტაბის სკანდალი. მხოლოდ ერთხელ დასრულდა სკანდალი ელჩის გამოწვევით – როცა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბეგი თავართქილაძე ისევ და ისევ პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა არაკომპეტენტურობასა და პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა. სხვა სკანდალებში გახვეულმა ელჩებმა – მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჩოგოვაძემ და საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ - დანაკარგების გარეშე დააღწიეს თავი პარლამენტართა შეტევებს და დღემდე ამ ქვეყნებში აგრძელებენ საქმიანობას.

ყველაზე ხშირად ელჩი რუსეთში იცვლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იყვნენ: ვალერიან ადვაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, მალხაზ კაკაბაძე და ახლანდელი ელჩი – ზურაბ აბაშიძე. რიგით მესამე ელჩი ჰყავს საქართველოს აშშ-შიც – თედო ჯაფარიძის საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გახდა ლევან მიქელაძე, რომელიც მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ ავსტრიაში. ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში საქართველოს ელჩად რამდენიმე თვის წინათ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი დაინიშნა. სულ მალე ავსტრიაში გაემგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგა ბურდული, რომელიც პრეზიდენტმა ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშნა.

რაც შეეხება რევაზ ადამიას, იგი 1992 წლიდან არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში . ამ წლიდან გახლავთ ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი. განსაკუთრებით აქტიური იყო 1995-99 წლების მოწვევის პარლამენტში, როცა ხელმძღვანელობდა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს. ახლანდელ პარლამენტში დიდხანს უარობდა დაეკავებინა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრად დამტკიცების შემდეგ გახდა ვაკანტური. და უარობდა, როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ: სწორედ მაშინ, როცა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე რევაზ ადამია გახდა, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ძალა პარლამენტში რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა.

საინტერესოა ისიც, რომ რევაზ ადამია, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად ითვლებოდა, არანაირ მონაწილეობას არ იღებდა პარტიის შიგნით მიმდინარე საკმაოდ უსიამოვნო პროცესებში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2 ივნისის არჩევნებისთვის დამზადებულ ბილბორდს, რომელზეც ჟვანიას გუნდის წევრებს შორის რევაზ ადამიაც არის აღბეჭდილი.

სავარაუდოა, პარლამენტი მხარს დაუჭერს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე რევაზ ადამიას კანდიდატურას. გამონაკლისი, შესაძლოა, აღმოჩნდეს მხოლოდ ფრაქცია “აღორძინება”, რომელსაც უთუოდ ემახსოვრება რევაზ ადამიას მიერ ასლან აბაშიძის მისამართით გაკეთებული არაერთი მკვახე განცხადება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი

ქართველი პოლიტიკოსები ფეხბურთის შესახებ
დავით პაიჭაძე, თბილისი

რაც უნდა ხდებოდეს ქართულ თუ მსოფლიო პოლიტიკაში, მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღება კორეისა და იაპონიისკენ არის მიპყრობილი. როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს? იცლიან თუ არა საყურებლად? რა უხარიათ და რა სწყინთ? –წარმოდგენილ სიუჟეტში ამ კითხვათა პასუხებია შეკრიბილი.

ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ყოველთვის უდიდეს აუდიტორიას უყრის თავს. რაც უნდა ხდებოდეს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მსოფლიოში, ფეხბურთი თავისი მნიშვნელობითა და რეზონანსით ხშირად არ დაუვარდება სხვა რიგის მოვლენებს. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებენ ყველაზე დაკავებული ადამიანებიც კი. ისინი, თუ არ უყურებენ მატჩებს, რეგულარულად იღებენ ინფორმაციას მათ შესახებ. საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ცუდ დასწრებასა და კვორუმის არარსებობას ჟურნალისტები სწორედ მსოფლიო ჩემპიონატისადმი დეპუტატთა ცხოველი ინტერესით ხსნიან, რასაც კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. მართლაც, ფეხბურთისადმი გულგრილი ხალხის მოძებნა ძნელი სულაც არ არის, მაგრამ მე შევეცადე ჯერ მათთვის მიმემართა, ვინც, მოუცლელობის მიუხედავად, მაინც უთმობს თუნდაც მცირე დროს კორეასა და იაპონიაში მიმდინარე ტურნირს.

უკლებლივ ყველა ჩემი რესპონდენტი შეთანხმებულია იმაში, თუ რა არის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა: თავად მსოფლიო ჩემპიონების - საფრანგეთის ნაკრების - კრახი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც დიდი წუხილი ფრანგების მარცხს არ გამოუწვევია. საქართველოში მსოფლიოს აწ უკვე ექს-ჩემპიონებს არასოდეს ჰყოლიათ ისეთი გულმხურვალე ქომაგები, როგორიც ჰყავს, მაგალითად არგენტინას, რომლის მარცხის დაუფიქრებელი კომენტარით ადამიანს შეიძლება სერიოზულად აწყენინო. ფეხბურთში ღრმად ჩახედული დილეტანტები ირწმუნებიან, რომ მსოფლიო ჩემპიონის მარცხში მოულოდნელი არაფერია, რადგან საფრანგეთის ნაკრებს ჩემპიონატის წინ ჩატარებულ ამხანაგურ თამაშებში ღირსსახსოვარი არაფერი უჩვენებია. მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს ამხანაგური მატჩებისათვის არ ეცალათ, ამიტომაც გააოცა ისინი საფრანგეთის მარცხმა. რაც შეეხება სიმპათიებს, მაგალითად, საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა, მალხაზ კაკაბაძემ ასეთი რამ მითხრა [კაკაბაძის ხმა]: “მე პრინციპულად მომხრე ვარ ორი მიმართულებისა: სანახაობრივი თვალსაზრისით, ბუნებრივია, მომწონს ბრაზილიური ფეხბურთი, მაგრამ ვგულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს, რადგან, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რაც ფეხბურთს თვალყურს ვადევნებ, ე.ი. 1966 წლიდან, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სტაბილური გუნდი მსოფლიოში”.

მალხაზ კაკაბაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული სიამოვნება ან სიხარული ჯერ არც ერთი მატჩისგან არ მიუღია, რადგან საწყის ეტაპზე გუნდები ცოტა ფრთხილობდნენ, ხოლო ძლიერები თავს იზოგავდნენ. ღია და მწვავე თამაშებს ის აწი ელოდება. მინისტრი დღისით, როცა პირდაპირი ტრანსლაცია ხდება კორეა-იაპონიიდან, პრაქტიკულად, ვერც,ერთ თამაშს ვერ უყურებს, სამაგიეროდ, საღამოს, საკაბელო არხით მატჩების გამეორებისას, ცდილობს გაცდენილის ანაზღაურებას.

სოცილალისტური პარტიის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, როცა გაიგო რომ ფეხბურთზე ვუპირებდი ორიოდე კითხვის დასმას, თქვა [რჩეულიშვილის ხმა]: “არა ვარ ფეხბურთის დიდი “ბალელშჩიკი,” და დასძინა, რომ მატჩებს შიგადაშიგ უყურებს. [რჩეულიშვილის ხმა]: “ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ პოლიტიკურად ისეთი დატვირთული ვარ, რომ”... თუმცა პოლიტიკით დაკავებას სოციალისტთა ლიდერი არ დაუბრკოლებია გულწრფელი ემოციები გამოეხატა; ჩემს კითხვას, რამ გაახარა ჩემპიონატზე ყველაზე მეტად, ვახტანგ რჩეულიშვილმა ეს პასუხი გასცა [რჩეულიშვილის ხმა]: “რუსების პირველმა მოგებამ; ხოლო რუსების წაგებამ ძალიან დამწყვიტა გული”.

სულ სხვა პოზიცია აღმოაჩნდა პარლამენტის წევრ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც ჯერ განმიცხადა, რომ, თამაშების ყურების ნაცვლად, უფრო ინფორმაციას იღებს მათი შედეგების შესახებ და ჯერჯერობით არაფერი არც სწყენია და არც გახარებია, მაგრამ მეორე ტურში რუსეთის ნაკრების თამაშისა თუ შედეგის კომენტირებისას ემოციები არ დაუმალავს [ხმალაძის ხმა]: “რუსეთის დამარცხება მე – რა ვქნა, შეიძლება, სირცხვილია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის მიხაროდა და ყოველთვის მიხარია. ყველა არა ვართ ასე. მე, პირადად, რუსეთის გამარჯვება, რა ვქნა, არ მიხარია ხოლმე. ფეხბურთი რუსებმა საერთოდ არ იციან – მე ასე ვიტყოდი; და მართლაც, სამარცხვინო იქნება, რუსებმა რომ ფეხბურთი მოიგონ”.

ჭეშმარიტად გულგრილ დამოკიდებულებას ფეხბურთისადმი რეფორმატორად შერაცხულ ვანო მერაბიშვილთან საუბრისას წავაწყდი; საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თავისი “სულერთია” დამოკიდებულება სპორტის ამ სახეობისადმი ისეთი სიტყვით გამოხატა, რომლის ეთერში ციტირებაც მიზანშეწონილი არ არის.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


სამეცნიერო-სასწავლო ცენტრ “დედამიწის” საქმიანობა
გიორგი კაკაბაძე, თბილისი

სადავო არ არის, რომ დღეს საქართველოს მეცნიერება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ეს შეფასება ახალგაზრდა მეცნიერებზეც ვრცელდება. თუმცა არაერთი გამონაკლისიც არსებობს და დღევანდელ ვითარებაში ახალგაზრდა მეცნიერებიც ახერხებენ წარმატებით მუშაობას. მათ რიცხვს განეკუთვნება გეოგრაფი გიორგი გოცირიძე, რომელსაც მისი საქმიანობისა და მეცნიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ ვესაუბრე.

სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი “დედამიწა”, სადაც გიორგი გოცირიძე კონსულტანტად მუშაობს, არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ზოგადად რომ ითქვას, ცენტრის დანიშნულებაა, საზოგადოებაში თანამედროვე გეოგრაფიული მეთოდების გამოყენება, სივრცითი აღქმის დანერგვა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მომსახურება. გიორგი ამბობს, რომ, ვინაიდან გეოინფორმაციული სისტემები და დისტანციური ზონდირება საკმაოდ ფართოდ გამოიყენება მეცნიერების თანამედროვე ეტაპზე, ამიტომ ცენტრის სამუშაოთა ნუსხა მეტად მრავალფეროვანია. საკმარისია აღინიშნოს ისეთი პროექტები, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, თვითმმართველობის ორგანოების ბიუჯეტის შემუშავება, მყინვარებისა და მტკნარი წყლის მარაგის შეფასება, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. [გოცირიძის ხმა] “საკმაოდ საინტერესო პროექტებია გეოდინამიკასთან დაკავშირებით. ეს არის თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობები, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა – მიწისძვრები. რამდენად ახლებურად შეიძლება შეფასდეს ჩვენი ტერიტორია, იმავე გეოლოგიური თვალსაზრისით: თანამედროვე კოსმოსური სურათები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ამბობდა ესა თუ ის მეცნიერი, რომელიც ველის მონაცემებით შემოიფარგლებოდა და სხვ.”

ცენტრ “დედამიწის” რიგი პროექტებისა დაუკავშირდა სხვადასხვა სახის რესურსების შეფასებას, მართვას და მათ გამოსახვას ეკონომიკური მაჩვენებლებით. გიორგი გოცირიძის თქმით, გასაგები უნდა იყოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი სამუშაოები.
სიძნელეებზე საუბრისას რესპონდენტი გამოყოფს ჩვენი საზოგადოების მენტალურ თვისებას: საზღვარგარეთელ ექსპერტს საქართველოში მეტად ენდობიან, ვიდრე ადგილობრივს და, როგორც გიორგი აღნიშნავს, სამწუხაროდ, არ არსებობს ექსპერტთა დონის შეფასების მკაფო მექანიზმი. [გოცირიძის ხმა] “ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივი კადრი ბევრად უფრო მომზადებულია, მისი გადაწყვეტილებები, შეფასებები უფრო აკადემიურია, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მაგრამ რადგან ის უცხოელი ექსპერტია, მის მიმართ ნდობა უფრო დიდია. ზოგადად, ეს შეიძლება ავსახოთ იმ პრობლემაში, რომელიც, ალბათ, გადასაჭრელია და მე ვცდილობ ამ პრობლემას ვემსახურო – ეს არის ქვეყანაში ეროვნული კადრების მომზადების ინსტიტუტის შექმნა.”

რაც შეეხება ცენტრის სასწავლო საქმიანობას. ახალგაზრდა მეცნიერს უწევს ურთიერთობა სტუდენტებთან, რომლებსაც უზიარებს სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებულ თანამედროვე შეხედულებებსა და მიდგომებს და აცნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გოცირიძე ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი საერთო შეფასებით, სტუდენტობის ზოგად განათლებაში გარკვეული პრობლემები შეინიშება. [გოცირიძის ხმა] “დღეს მე ვხვდები ბავშვებს, რომლებმაც საერთოდ არ იციან რუსული ენა, არც ინგლისური იციან. არადა, ჩვენთან ბევრი ინგლისური და უფრო მეტი რუსული წიგნი არსებობს. მხოლოდ ქართული წიგნების საშუალებით ზოგადი განათლების მიღება შეუძლებელია.”

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში იკლო ინტერესმა მეცნიერების მიმართ და უპირატესობა გამოყენებით ასპექტს მიენიჭა: ორიენტაცია საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სწრაფ გაყიდვაზეა აღებული, ამიტომ ახალგაზრდობა მეცნიერული დონის ამაღლებისთვის ვეღარ იცლის. მხოლოდ ცალკეული ახალგაზრდები ახერხებენ მეცნიერული მუშაობის წარმართვას საერთაშორისო კონტაქტების შემწეობით, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის კოლეგიური ურთიერთობები არ ჩამოყალიბებულა.

[გოცირიძის ხმა] “მე გეოგრაფი ვარ, სივრცით ვაზროვნებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას აკეთებს ბიოლოგი, გეოლოგი ან ზოოლოგი, რომ მთლიანობაში წარმოვიდგინო და შევაფასო კონკრეტული ტერიტორიის ლანდშაფტი. ურთიერთობები, რომლებიც მეცნიერების განვითარებას ემსახურება, დღეს დარღვეულია.”

თუმცა, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ასეთი ვითარება სავსებით ნორმალურია.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


როგორ აღმოჩნდა ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშები მდინარის ფსკერზე და ნაგავში...

ბიძინა რამიშვილი:
ხელოვნების მოყვარულებს ევროპაში ჯერაც ვერ მოუნელებიათ შოკი, გამოწვეული ცნობით, რომ მე-17 და მე-18 საუკუნის ხელოვნების მრავალი ნიმუში, მათ შორის კრანახისა და ბროიგელის შედევრები, შესაძლოა, სამუდამოდ იყოს გაუჩინარებული საფრანგეთის ქალაქ მულუზის ნაგავში. პოლიცია მულუზში უკვე რამდენიმე კვირაა გაფაციცებული დაეძებს უძვირფასეს ობიექტებს – დაეძებს ნაგავსა და მდინარეში, ვინაიდან ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშები იქ მოისროლა ვინმე მირეი ბრაიტვიზერმა. ამ, ლამის დაუჯერებელი ამბის დეტალებს მარიამ ჭიაურელი გაგაცნობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ხელოვნების ნიმუშებმა, რომელთა ბედზე დღეს გიამბობთ, 1995 წელს ევროპის მომცრო მუზეუმებიდან დაიწყო გაუჩინარება. მათ შორის იყო სკულპტურები, ძველებური იარაღი, ვიოლინოები, აგრეთვე ნახატები – უმცროსი პეტერ ბროიგელის, უფროსი ლუკას კრანახის, ანტუან ვატოს, ფრანსუა ბუშეს ქმნილებები. პოლიციას ეჭვი მიჰქონდა დამნაშავეთა რამდენიმეკაციან ჯგუფზე – საქმე ხომ 200-ზე მეტ ექსპონატს ეხებოდა, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატებოდა! და ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ერთადერთი ადამიანის ნამოქმედარი იყო, რომ ფრანგი ოფიციანტი სტეფან ბრაიტვიზერი, რომელიც მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეების ხელოვნებას ეტრფის, შინ, საკუთარი კოლექციის გამდიდრებაზე ზრუნავდა!

ასე გრძელდებოდა 7 წელი, ვიდრე შარშან ნოემბერში სტეფან ბრაიტვიზერს ლუცერნის მუზეუმში ქურდობის მცდელობისას დააკავებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე კვირა გავიდა, ვიდრე გამომძიებლები ბრაიტვაიზერის სახელს უფრო ადრე გაუჩინარებულ ექსპონატებს დაუკავშირებდნენ და კატასტროფაც სწორედ იმ რამდენიმე კვირაში მოხდა. 31 წლის ოფიციანტის დედამ (შესაძლოა შეშინებულმა, შესაძლოა, როგორც თავად ირწმუნება, შვილზე გაჯავრებულმა) ნაკუწებად აქცია ფასდაუდებელი ტილოები, ისინი სხვა ნახატებთან ერთად ცელოფანის ტომრებში ჩაყარა და მულუზის ნაგვის ყუთებს მიაბარა. დანარჩენი ობიექტები კი – მათ შორის ძველებური ფაიფური და მუსიკალური ინსტრუმენტები – თავის სახლთან ახლოს, რაინ-რონის არხში მოისროლა.

დღეს დედა-შვილი ბრაიტვიზერები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. რაც შეეხება ხელოვნების დაკარგულ ნიმუშებს (შეგახსენებთ: მათი რიცხვი 200-ს აღემატებოდა), მყვინთავებმა რაინ-რონის არხში 100-ზე მეტს მიაკვლიეს და ისინი გადასცეს მულუზის მახლობლად მდებარე ქალაქ კოლმარის ”უნტერლინდენის მუზეუმს”, სადაც მათ კატალოგიზაციასა და მფლობელი მუზეუმების მიკვლევაზე ზრუნავენ. ჩვენი თანამშრომელი ჯერემი ბრანსტენი ტელეფონით დაუკავშირდა ”უნტერლინდენის მუზეუმის” კურატორს, რომელმაც აღმოჩენილი ობიექტების შესახებ თქვა: [კურატორი ქალის ხმა] ”ეს არის ხელოვნების ნიმუშები: კერამიკა, ძვირფასი ლითონის ნივთები, სპილოს ძვლის ქანდაკებები, არის იარაღი და რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტი”.

კურატორი, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, ობიექტების მდგომარეობასაც შეეხო: [კურატორის ხმა] ”მთლიანობაში, ობიექტები კარგ მდგომარეობაშია, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი საათის მექანიზმს, რომელიც წყალში ყოფნამ დააზიანა”.

აი, რაც შეეხება ნახატებს - ისინი დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. შიშობენ, რომ სამუდამოდ. არადა, ბრაიტვიზერის ”კოლექციის” უძვირფასეს ნაწილს სწორედ ნახატები შეადგენდნენ – ზოგი, უბრალოდ ფასდაუდებელიაო, ირწმუნება ხელოვნების დაკარგული ნიმუშების სარეგისტრაციო ცენტრის მენეჯერი, ალექსანდრა სმიტი, რომელსაც ლონდონში დაურეკა ჯერემი ბრანსტენმა. აი, რას ამბობს ალექსანდრა სმიტი ერთ-ერთი ტილოს შესახებ: [ალექსანდრა სმიტის ხმა]
”შოტლანდიელების დედოფალ მარიას პორტრეტი, რომლის ავტორია მე-16 საუკუნის მხატვარი, კორნელ დე ლა იე მართლაც გამაოგნებელია... ეს არის შოტლანდიელების დედოფალ მარიას ერთადერთი პორტრეტი, რომელიც მის სიცოცხლეში შეიქმნა და, ამდენად, მეტად ძვირფასია - თან არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, მეტად ძვირფასია ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისითაც”.

ლონდონელი ექსპერტი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ევროპის ხელოვნებას ასეთი დანაკარგი რამდენიმე ათწლეულია, არ განუცდია: [ალექსანდრა სმიტის ხმა] ”რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმე ეხება ხელოვნების ნიმუშების განადგურების უმძიმეს შემთხვევას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა”.

ევროპის მუზეუმებში ახლა არა მარტო დანაკარგს მისტირიან, არამედ, რა გასაკვირია, უშიშროების ზომებს აკრიტიკებენ - პირველ რიგში მომცრო მუზეუმებში, სადაც ხშირად არის გამოფენილი ძვირფასი ობიექტები ისე, რომ უხეირო დაფინანსება მათ სათანადოდ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

ბრაიტვიზერი თავის ”კოლექციას” განსაცვიფრებლად მარტივი მეთოდით ამდიდრებდა: ის მიზანში იღებდა ნაკლებად ცნობილ მუზეუმებს ბელგიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში და იპარავდა მხოლოდ მომცრო ობიექტებს, რათა მათი პალტოში დამალვა მოეხერხებინა. სამწუხაროდ, ამის გაკეთება ძალიან ადვილიაო, ამბობს ალექსანდრა სმიტი [ალექსანდრა სმიტის ხმა] ”ათასობით ობიექტია მოპარული მუზეუმებიდან ევროპის ფაქტობრივად ყველა კუთხეში. დამთვალიერებლებს ჰგონიათ, რომ მუზეუმები დიდ ფულს აკეთებენ, ასე რომ მათ ნახატები კედლებზე უნდა ჰქონდეთ მიჭედებული, ან თითოეული სიგნალიზაციით ჰქონდეთ აღჭურვილი. მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ არის. თუ ერთ მცველს 2 ან 3 დარბაზის მეთვალყურეობა ევალება, ცხადია, მას, გარკვეულ მომენტში მხოლოდ ერთ დარბაზში ყოფნა შეუძლია. აი, სტეფან ბრაიტვიზერი ძალიან პატარა ობიექტებს ეტანებოდა – ის მათ უბრალოდ კედლიდან ხსნიდა, ჩარჩოდან იღებდა და, შეუმჩნევლად, პალტოში მალავდა.”

ექსპერტების შეფასებით, ასე ქრება ევროპის მუზეუმებიდან დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ობიექტები ეს წლიური მაჩვენებელი გახლავთ. მაგრამ სტეფან ბრაიტვიზერის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია: ჩვეულებრივ, გაუჩინარებული ობიექტები ადრე თუ გვიან გასაყიდად (მაგალითად, აუქციონებზე) გამოჩნდება ხოლმე. როგორც ალექსანდრა სმიტი ამბობს: [სმიტის ხმა] ”ჩვენი გამოცდილებით, უმრავლეს შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებს ფულის შოვნის მიზნით იპარავენ. მაგრამ ცხადია, არიან ადამიანებიც, ვინც, რომ იტყვიან, გიჟდება ხელოვნებაზე და ნადავლი მხოლოდ თავისთვის უნდა. ასეთი შემთხვევაში – სანამ ის ცოცხალია და მისი ოჯახი მოპარულ ობიექტს არ გაყიდის – ჩვენთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ობიექტის ადგილსამყოფელის მიკვლევა”.

ამასობაში მულუზში ძებნა გრძელდება, მაგრამ ნაგავში გადაყრილი, ნაკუწებად ქცეული ნახატების პოვნის იმედი, ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს ჰქონდეს. ხელოვნების მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, შეეგუონ აზრს, რომ არაერთი შედევრი, მათ შორის კრანახის ქმნილება ”კლევეს პრინცესა” ამიერიდან, ალბათ, მხოლოდ რეპროდუქციების სახით იარსებებს.

ურუქის გათხრები

ბიძინა რამიშვილი:
უკვე ათ წელზე მეტია, რაც ერაყის ხსენებაზე, როგორც წესი, სადამ ჰუსეინი, მასობრივი განადგურების იარაღის მუქარა, გაეროს სანქციები და შესაძლო ახალი ომი გვახსენდება. ერაყის გარშემო დაძაბული პოლიტიკური ვითარების პირობებში ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ქვეყანა უძველეს კულტურათა აკვანია და რომ ამ კულტურათა შესწავლა დიდად ფერხდება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო.

მაგრამ უცხოური კვლევითი ინსტიტუტები და ექსპედიციები პერიოდულად ახერხებენ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე შუამდინარეთის უძველესი კულტურის ცენტრებში მუშაობის გაგრძელებას. ზოგიერთი ექსპედიცია მოულოდნელ შედეგებს აღწევს. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გესაუბრებით.

წელს სერიოზულ წარმატებებს მიაღწია გერმანიის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა, რომელსაც ბერლინში უდევს ბინა. ინსტიტუტმა ერაყში გააგზავნა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სპეციალური მოწყობილობის, მაგნიტომეტრის მეშვეობით შეედგინა შუამდინარეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ურუქის რუკა. ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტს მიწის ზედაპირის ქვეშ შეუძლია ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტების – კედლების, არხებისა და საცხოვრებელი კვარტლების – აღმოჩენა.

ურუქი ის ქალაქია, რომელიც ცნობილ შუმერულ ეპოსში, ”გილგამეშის სიმღერაშია” უკვდავყოფილი. დღემდე შემორჩენილი ეს უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები მოგვითხრობს შუმერ გმირზე, გილგამეშზე, რომელიც, მრავალი მკვლევრის აზრით, ურუქის მეფე იყო. პროექტს ხელმძღვანელობს მარგარიტე ვან ესი. როგორც მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჩარლზ რეკნაგელს უთხრა ინტერვიუში, ურუქის ადგილმდებარეობა დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ქალაქის შესახებ ბევრი რამ დღემდე გაურკვეველია. მაგალითად, როგორ იყო განლაგებული მასში საცხოვრებელი კვარტლები.

ამის მიზეზი ისაა, რომ ურუქს ძალიან დიდი ფართობი უჭირავს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის გათხრების მეშვეობით ქალაქის შესწავლას. ქალაქ ბასრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ურუქი ხუთნახევარ კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. ქალაქი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე ათასწლეულში დაარსდა და ჩვენი წელთაღვრიცხვით მესამე საუკუნის ბოლომდე არსებობდა. დღეს მის ნანგრევებს უდაბნოს ქვიშის მრავალსანტიმეტრიანი ფენა ფარავს.

”გილგამეშის სიმღერაში”, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულშია შექმნილი, ურუქი ერთობ ზოგადად არის აღწერილი. პოემის თანახმად, ქალაქი ძალიან მდიდარი იყო და მასში ვაჭრობა ყვაოდა. ქალაქში იყო ტაძრები, ბაღები და საცხოვრებელი სახლები.

[ვან ესის ხმა] ”პრობლემა ისაა, რომ პოემა თუმცა ურუქს ეხება, მასში ქალაქი არ არის ზუსტად აღწერილი. მაგალითად, მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქს კედელი ერტყა გარს. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი – ის, რომ ქალაქის ერთი მესამედი ბაღია და ერთი მესამედი ტაძრები – იმდენად ზოგადია, რომ შეიძლება სხვა ქალაქებსაც უდგებოდესო”, ამბობს მარგარიტე ვან ესი.

არქეოლოგების მიერ მაგნიტომეტრით ჩატარებულმა გაზომვებმა უმეტესწილად დაადასტურა პოემაში მოცემული აღწერა და ახალი, მანამდე უცნობი დეტალები გამოამზეურა. მაგალითად, ის, რომ ქალაქში მოძრაობდნენ არა ქუჩების, არამედ წყლის არხების მეშვეობით. ეს არხები მდინარე ევფრატის წყლით ივსებოდა. გარდა ამისა, არქეოლოგებმა ევფრატის ძველ კალაპოტში აღმოაჩინეს ნაგებობა, რომელიც, მათი აზრით, ეხმიანება პოემაში მოცემულ ცნობას იმის თაობაზე, რომ გილგამეში ევფრატში დამარხეს ქალაქის მახლობლად. მაგრამ ამის საბოლოოდ დასადგენად გათხრებია საჭირო.

რაც შეეხება მაგნიტომეტრით გაზომვას, ეს მეთოდი ძალიან წარმატებული გამოდგა მაგრამ, ამავე დროს, ერთობ შრომატევადია. აი, რა მოუთხრო ჩვენს კორესპონდენტს გერმანული ექსპედიციის წევრმა, მიუნხენელმა მეცნიერმა იორგ ფასბინდერმა: [ფასბინდერის ხმა] ”თავდაპირველად უჯრედების სისტემას ვაგებთ. თითოეული კვადრატი 40-40 მეტრის სიგრძისა და სიგანისაა. შემდეგ სისტემატურად ვმოძრაობთ ამ კვადრატებში ნახევარი მეტრით დაშორებულ ბილიკებზე. გამოდის, რომ ერთი კვადრატის გასაზომად დაახლოებით 1600 მეტრის გავლა გვიწევს ჩვენი ხელსაწყოებით. ცხადია, ხელსაწყოს ტარება არც ისე იოლია. ბატარეიებიანად იგი დაახლოებით 20 კილოგრამს იწონის, ასე რომ, მძიმე სამუშაოა.”

მეცნიერთა აზრით, ურუქი ათასწლეულების მანძილზე ყვაოდა, ვინაიდან იგი შუამდინარეთის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი იყო ხმელთაშუაზღვისპირეთს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთს შორის ვაჭრობაში. ამ კეთილდღეობას ბოლო მოეღო ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის ბოლოს, როცა შუამდინარეთი სასანიდების ირანულმა დინასტიამ დაიპყრო.

დღეს არქეოლოგებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ ერაყში გათხრების წარმოებაში. მას მერე, რაც 1990 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმი ქუვეითში შეიჭრა და ამის შემდეგ სპარსეთის ყურის ომში დამარცხდა, ქვეყანა ეკონომიკურად გაპარტახდა და ექსპედიციებისთვის საჭირო რესურსების მოპოვება ძალზე ჭირს. თუმცა უკანასკნელ ხანებში გაეროს მიერ სანქციების შემსუბუქებამ ოდნავ გააუმჯობესა ვითარება.

შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მწვავედ აკრიტიკებს ერაყის რეჟიმს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყი ”ბოროტების ღერძის” ნაწილადაც მოიხსენია. გახშირდა საუბარი იმაზე, რომ შეერთებული შტატები ერაყის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყებას აპირებს. თუმცა როგორც ჩვენს რადიოს განუცხადეს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კერძო საუბარში, 2003 წლის გაზაფხულამდე საომარი მოქმედებები არ დაიწყება და ესეც დამოკიდებული იქნეა იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თავად ერაყში, გაეროს სამხედრო მეთვალყურეებთან დაკავშირებით, და როგორ წარიმართება ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი. ასე რომ, არქეოლოგებს ცოტა ხანს მაინც შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა.


ბიძინა რამიშვილი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG