Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი სუუამის ორგანიზაციიდან გავიდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უზბეკეთმა განაცხადა, რომ გადის სუუამიდან და ამგვარად, ამ გაერთიანების სახელწოდებას ერთი “უ” მოაკლდა. ჯგუფი 1997 წელს შეიქმნა და მასში თადაპირველად ოთხი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – უკრაინა,

აზერბაიჯანი, მოლდავეთი და საქართველო – გაწევრიანდა. სუამის მთავარი იდეა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნა გახლდათ. 1999 წელს ჩამოთვლილ ქვეყნებს უზბეკეთი შეუერთდა. როგორც ჩვენს რადიოსთან საუბარში ჯეინ სენტინელის ჯგუფის ექსპერტმა ალექს ვატანკამ აღნიშნა, უზბეკეთი ყოველთვის უკანასკნელი აწერს ხელს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფში გაერთიანებას ეხება და ყოველთვის პირველი ტოვებს მას, როგორც კი ხედავს, რომ ჯგუფი მის ინტერესებს აღარ ემსახურება.

1999 წელს უზბეკეთი გავიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან; შარშან მიუერთდა შანხაის თანამშროლობის ორგანიზაციას, მაგრამ, როგორც ჩანს, მას მერე დაკარგა მისდამი ინტერესი და მიმდინარე წლის დამდგეს თავისი წარმომადგენელიც კი არ გაგზავნა ამ ორგანიზაციის წევრის ქვეყნების მინისტრთა თავშეყრაზე.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა თქვა, რომ სუუამმა ვერ გადაჭრა მთავარი საკანონმდებლო დაბრკოლება ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის საქონლის ტრანსპორტირების თაობაზე და რომ უზბეკეთს უფრო იაფი დაუჯდება საქონლის ექსპორტი და იმპორტი ამ ორგანიზაციის ჩარჩოებს გარეთ.

კამილოვმა ღიად დატოვა ორგანიზაციაში უზბეკეთის წევრობის განახლების საკითხი. მან აღნიშნა, რომ ტაშკენტი აპირებს სუამის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას.

ალექს ვატანკას თქმით, სუუამის ქვეყნებს აერთიანებდა ის, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ რუსეთის საგარეო პოლიტიკას.
[ვატანკას ხმა] “სუუამის დაარსებისას მასში შემავალ ქვეყნებს –საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს,აზერბაიჯანსა და მოლდავეთს – აერთიანებდა ოპოზიცია რუსეთის პოლიტიკისადმი, რომელსაც ის ატარებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიმართ, რაც დაკარგული ე.წ. ახლო საზღვარგარეთის დაბრუნებას გულისხმობდა.”

ალექს ვატანკას თქმით, მოლდავეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სუამში შევიდნენ იმის გამო, რომ რუსეთი ერეოდა დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის კონფლიქტებში.

უკრაინა და უზბეკეთი კი, როგორც ჩანს, თვლიდნენ, რომ სხვების დაუხმარებლად ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ რუსეთს.

ახლა გამაერთიანებელ მიზეზთაგნ ბევრი გაუქმდა. მოლდავეთში კომუნისტი პრეზიდენტია, რომელიც სუუამით დიდად დაინტერესებული არ არის. რუსეთსა და აზერბაიჯანს და რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.

ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაისში, რომში ხელი მოაწერა ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნის დეკლარაციას, სუუამმა პოლიტიკური მნიშვნელობაც დაკარგა.

დასავლეთი სუუამს მაშინ უჭერდა მხარს, როცა ის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთგვარ ალტერნატივად გამოიყურებოდა.

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის თავსჯდომარე ალექსანდრე რონდელი აღიარებს, რომ სუამის წევრ-ქვეყნებს უჭირთ ამ ორგანიზაციის არსებობის გამართლება, განსაკუთრებით რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ.

მაგალითად, ამბობს რონდელი, გაუმჯობესდა უზბეკეთის ურთიერთობები დასავლეთთან მას შემდეგ, რაც მან თავისი საჰაერო სივრცე დაუთმო ანტიტერორისტულ კოალიციას, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში.

“11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ლამისაა მეგობრობა დაიწყო და სუამი უკვე აღარ გამოიყურება მომხიბვლელ კავშირად”.

რონდელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სიტუაცია მოლდავეთში, რომელიც წინა პრეზიდენტის დროს სუუამის აქტიური წევრი იყო, არ უწყობს ხელს ჯგუფის, მისი სიტყვით, “აყვავებას,” მაგრამ, საქართველოს, უკრაინასა და აზერბაიჯანს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ორგანიზაციაში დარჩენა.

ამასთან, რონდელი აღნიშნავს, რომ სუუამიდან უზბეკეთის გასვლა აიძულებს დარჩენილ წევრებს უფრო მეტად იფიქრონ სუამის სტრატეგიის შესახებ, რათა ჯგუფი უფრო სისცოცხლისუნარიანი და ეფექტიანი გახადონ.

მიკროფონთან იყო ე.ლ. უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ რამდენიმე დღის წინათ თქვა, რომ სატრანსპორტო დერეფანს მნიშვნელობა არ დაუკაგავს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კი აღნიშნა, რომ სუუამიდან უზბეკეთის გასვლაში ტრაგიკული არაფერია, რადგან ტაშკენტი ამ ჯგუფში არასოდეს გამოირჩეოდა აქტიურობით. მიმდინარე წლის ბოლოს სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იალტაში აწყობენ შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG