Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოქმედებს კონფლიქტი ადამიანზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც წესი, აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრისას ყურადღების ცენრტში პოლიტიკოსები და პოლიტიკური საკითხები აღმოჩნდება ხოლმე, იმაზე კი,

თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც წლების მანძილზე ექსტრემალურ პირობებში უხდებათ ცხოვრება, იშვითად არის ლაპარაკი. მხედველობაში მაქვს როგორც აფხაზეთიდან დევნილების, ისე აფხაზეთში დარჩენილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, დევნილი მოსახლეობის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით არაერთი პროგრამა განხორციელდა, თუმცა, სამწუხაროდ, საკუთარი სახლიდან გამოძევებული ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არცთუ ადვილი საქმეა. 22 ივნისს დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ დევნილთა შორის მასობრივად შეინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დეპრესიული სინდრომი.
სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში მიმდინარე ნატოს სწავლების “კოოპერატივ ბესტ ეფორტ –2002”-ში მონაწილე 6 ქვეყნის სამხედრო ექიმმა ჩაატარა. დაახლოებით 400 პაციენტს მკურნალობა დაენიშნა და მედიკამენტებიც გადაეცა. ცნობისთვის: სწავლების მონაწილეებმა საქართველოში 700 ათასი დოლარის ღირებულების 500 კილოგრამი მედიკამენტები ჩამოიტანეს.
დევნილებში გამოვლენილი დეპრესიის სინდრომი მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა იყოს. წლების მანძილზე აფხაზეთიდან დევნილები მოთმინებით და იმედით ელიან ამ კონფლიქტის მოგვარებას, რაც მათი შინ დაბრუნების პირობაა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში კონფლიქტის მოუგვარებლობამ არა მხოლოდ დევნილთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იქონია მავნე გავლენა, არამედ - მათ ფსიქიკაზეც და უმრავლესობაში დეპრესია განავითარა. ამჯერად დევნილები უკვე სკეპტიკურად ელიან 31 ივლისისთვის დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელმაც ისევ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობა უნდა განიხილოს. ისინი ნაკლებად იზიარებენ ოპტიმიზმს ოფიციალური თბილისისას, რომელიც იმედოვნებს, რომ გაერო უფრო აქტიურად ჩართვება კონფლიქტის მოგვარების პროცესში, როცა უშიშროების საბჭო გაეროს გენერალური მდივნისა და მეგობარი ქვეყნების მიერ მომზადებულ დოკუმენტს მიიღებს. ოფიციალური თბილისი ასევე ოპტიმიზმით გამოეხმაურა იმ განცხადებას, რომლითაც აშშ-ის დეპარტამენტმა კონფლიქტის მხარეებს, გაეროს მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განმარტებით, ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ მხარს უჭერს, ერთი მხრივ, კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მანდატის გაგრძელება - გაფართოებას, მეორე მხრივ კი, აუცილებლად მიიჩნევს ბოდენის დოკუმენტად წოდებული პროექტის ირგვლივ პოლიტიკური დიალოგის გამართვას. მისივე აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება ახალ იმპულსს მისცემს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.
სხვაგვარად ფიქრობს სოხუმის ხელისუფლების ლიდერი ვლადისლავ არძინბა, რომლის აზრითაც, უახლოეს ხანში რაიმე ცვლილება მოლაპარაკებათა პროცესში არ მოხდება. როგორც განუცხადა მან გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის,” აფხაზეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს საქართველოსთვის აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების სამხედრო დახმარება.
ისევ იმ ჩვეულებრივი ადამიანების ბედს თუ დავუბრუნდებით, რომელთაც კონფლიქტის პირობებში უხდებათ ცხოვრება, მოგახსენებთ, რომ, საქართველოს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აფხაზეთში თვითმკვლელობებმა მასიური ხასიათი მიიღო. მთავარ მიზეზად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასა და სტრესებს ასახელებენ.
XS
SM
MD
LG