Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის წინააღმდეგ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო სხდომების სისტემატიურ ჩაშლასა და მთავრობის მუშაობის არაეფექტურობას თან დაერთო ისიც,

რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები. ამან ქვეყნის შიგნით ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. როგორც ჩანს, უახლოესი თვეების მანძილზე პარტიები აგრესიულ პოლიტიკას მისცემენ უპირატესობას.

სავარაუდოა, რომ ამჯერად პარტიების კრიტიკის ობიექტად იქცევა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორნებაძე, რომლის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე სულ უფრო თვალშისაცემია. მეტიც – მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ედუარდ შევარდნაძის შემდეგ პარტიის წევრები სწორედ ავთანდილ ჯორბენაძეს შესთავაზებენ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობას, ისევ აქტუალური გახდა პრეზიდენტ შევარდნაძის მემკვიდრის თემა. მემკვიდრედ ამჯერად ავთანდილ ჯორბენაძე აღიქმება.
შესაბამისად, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ორგანიზაციების რეაქციამაც არ დააყოვნა. თუ აქამდე პარლამენტი, მეტ-ნაკლებად, კეთილგანწყობას ამჟღავნებდა სახელმწიფო მინისტრის მიმართ, დამოკიდებულება ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ პარტიების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების “უხილავ რეჟისორად” ავთანდილ ჯორბენაძეს ასახელებს. არაერთხელ თქმულა, რომ არჩევნების შედეგების ბედი სახელმწიფო მინისტრის კაბინეტში წყდებოდა.
პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ალაპარაკდა. ფრაქცია ტრადიციონალისტი პარლამენტის სხდომებს არ დაესწრება მანამ, სანამ სახელმწიფო მინისტრი პარლამენტს ანგარიშს არ ჩააბარებს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების თაობაზე. როგორც გახსოვთ, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას პირადად იტვირთებდა. 25 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტართა ნაწილმა - ფრაქცია აღორძინებამ, დემოკრატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ - ეს პირობა გაიხსენა და სახელმწიფო მინისტრის პარლამენტში მისვლა მოითხოვა.
პასუხისმგებლობის პრობლემაზე საუბრობს ქართველი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა
განსაზღვრა. შალვა ნათელაშვილის ვერსიით, სააკაშვილს პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა და სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს თხოვნით, გადაემოწმებინა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები. იგი დარწმუნებულია, რომ ხმების გადათვლისას შედეგი განსხვავებული იქნება და ლეიბორისტებს ამომრჩეველთა ხმებს წაართმევენ.
ამის მიუხედავად, ლეიბორისტები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მაინც მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს, რათა ხალხი თავად დარწმუნდეს, თუ რისი გაკეთება ძალუძს მას. მეორე, ასე ვთქვათ, მესიჯი უკვე ხელისუფლებისთვის არის განკუთვნილი. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლეიბორისტების წინააღმდეგ დაწყებულ თამაშს შედეგად აუცილებლად მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვება.
XS
SM
MD
LG