Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საქართველოში ჯანსაღ კონკურენციას ახშობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური პრინციპია. ეს პრინციპი ეკონომიკის განვითარების უნივერსალური რეცეპტია, თუმცა ცალკეულ შემთხვევასა და კონკრეტულ ქვეყანაში კონკურენციას,

შესაძლოა, თავისი სპეციფიკა ჰქონდეს.

სბაჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო. ფორმაციის ცვლილებასთან ერთად, წესით, აბსოლუტურად უნდა შეცვლილიყო ეკონომიკური აზროვნება და თავად სახელმწიფოებრივი მოწყობა.

საქართველოში, ფორმალურად, ჩამოყალიბებულია კონკურენტული გარემო, მოქმედებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის აღკვეთა ევალება. ანუ ფორმალურად, შეიძლება ითქვას, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, რეალურად, ჯანსაღი კონკურენციის ნიშნები ჩვენთან იშვიათად თუ შეინიშნება.

კონკურენციის კლასიკურ მაგალითად ქართულ ეკონომიკაში შეიძლება ლუდის ბაზარი განვიხილოთ. რამდენიმე წლის წინ ეს სეგმენტი მთლიანად თურქული და ბულგარული ლუდით იყო გაჯერებული და მას ქართული პროდუქცია ძნელად თუ უწევდა კონკურენციას. გოგი თოფაძის “ყაზბეგმა” ცოტა ხანში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და დღეს ეს ბაზარი თითქმის მთლიანად სამამულო ლუდით არის წარმოდგენილი. “ყაზბეგმა” იაფფასიან ლუდის ბაზარზე თამანედროვე ტექნოლოგიით, სწორი მარკეტინგითა და გამართული სადისტრიბუციო ქსელით დაიმკვიდრა ადგილი. სამწუხაროდ, მსგავსი მაგალითები ჩვენს რეალობაში არცთუ ისე მრავლადაა.

კონკურენციის პრინციპი ჩვენი ბიზნესისათვის მეტისმეტად გაუკუღმართებულია და, ძირითადად, განისაზღვრება იმით, თუ რომელ ორგანიზაციას რა ავტორიტეტის მფარველი ჰყავს.

რა კონკურენციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც სახელმწიფო ბიზნესში უხეშად ერევა და ცალკეული ჩინოვნიკების მიერ ხდება ამა თუ იმ საქმიანობის ლობირება. არადა კონკურენცია ის ერთადერთი საშუალებაა, რომელმაც ქვეყნის შემოსავლები უნდა გაზარდოს და ადგილობრივ წარმოებას საგარეო ბაზრისაკენ გაუკვალოს გზა. ჩვენთან ხდება პირიქით: მეწარმეები დაჟინებით ითხოვენ იმპორტის შეზღუდვას, რათა შიდა ბაზარზე კონკურენტები ჩამოიცილონ. თუმცა ამგვარი მცდელობები, როგორც წესი, ისედაც მდარე პროდუქციის გაუარესებით მთავრდება.

კონკურენცია ბაზრისათვის ის სტიმული გახლავთ, რომელიც არც ერთ მწარმოებელს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მისცემს. საბოლოო ჯამში კი, მოგებული რჩება ყოველთვის მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია თავისი არჩევანის უფლება გამოიყენოს.

ქართულ ეკონომიკაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, საკანონმდებლო ბაზასთან ერთად, ის დამოკიდებულებაც უნდა გამოსწორდეს, რაც ტრადიციულად არსებობს სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის. სახელმწიფო არ შეიძლება ჩაერიოს იქ, სადაც ყველაფერს მასზე უკეთესად თავად ბაზარი დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG