Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ბერლინში


ანდრო ეული, პრაღა 6 ივლისს, ბერლინში გაიხსნა ევროპაში უშიშროებისა და თანმშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს - საპარლამენტო ასამბლეის მეთერთმეტე ყოველწლიური სესია,

რომელსაც ეუთოს 55 წევრი-ქვეყნის 300-ზე მეტი პარლამენტარი, აგრეთვე ნიუ-იორკში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგის წარმომადგენლები და შუა აზიის 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან ჩასული, ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები ესწრებიან. 8 ივლისს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგამ სესიის ჩარჩოებში დისკუსია მოაწყო მრგვალ მაგიდასთან თემაზე: "პოლიტიკური ვითარება შუა აზიაში 11 სექტემბრის შემდეგ".


ეუთოს თავისი წარმომადგენლობები აქვს შუა აზიის ხუთივე რესპუბლიკაში და რეგულარულად ღებულობს ინფორმაციას იქ არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. 27 ივნისს, ეუთოს მისიამ ყაზახეთში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალმა კანონმა პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც რესპუბლიკის პარლამენტის ორივე პალატამ მოიწონა, პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგაა მიმართული. ანტიტერორისტულმა ომმა შუა აზიასთან დააკავშირა დასავლეთი, მაგრამ რა ზეგავლენა იქონია ამ ახალმა ალიანსმა დემოკრატიზაციის პროცესზე შუა აზიის რესპუბლიკებში? ამ შეკითხვის გარშემო საუბრობდნენ დისკუსიის მონაწილენი ბერლინში.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგის წარმომადგენელმა პეტერ ზალმაევმა განაცხადა, რომ შუა აზიის რესპუბლიკები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში არიან მოქცეული, თუმცა რეგიონში შექმნილი რეალური ვითარების გასაცნობად დასავლეთმა ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტებს უნდა უსმინოს: [პეტერ ზალმაევის ხმა] "საქმე იმაშია, რომ მდგომარეობა შუა აზიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის მხრივ, 11 სექტემბრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, და შეიძლება ითქვას, კიდევაც გაუარესდა. მაგალითად, ყირგიზეთში დაიძაბა ვითარება, და გვინდა შევახსენოთ ეუთოს პარლამენტარებს, რომ რეგიონში რადიკალური რეფორმებია გასატარებელი ადამიანის უფლებათა სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება".

ზალმაევმა განაცხადა აგრეთვე, რომ ეუთომ, იმ ხელშეკრულებების პირობათა განუხრელი შესრულება უნდა მოითხოვოს, რომლებსაც შუა აზიის ხუთივე რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, და რომელთა წარმომადგენლები ბერლინში მიმდინარე სესიას ესწრებიან.

ტაჯიკმა დისიდენტმა დოდოჯონ ატოვულოევმა, რომელმაც ოპოზიციური გაზეთი "ჩაროგი რუზი" დააარსა და ამჟამად ლტოლვილობაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ ჩამოვიდა ბერლინში, რათა მთელს მსოფლიოს აცნობოს, რა მდგომარეობაა მის სამშობლოში. "მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ განვლილი 10 წლის მანძილზე, ემომალი რახმონოვის სრულიად უკანონო და არაკვალიფიციურმა რეჟიმმა ეროვნული კატასტროფის მიჯნაზე მიიყვანა ჩვენი ხალხი. და ყოველივე ეს ხდება მსოფლიო თანამეგობრობის, დასავლეთის, ევროპის ქვეყნების თვალწინ. მინდა დავანახო პარლამენტარებს ეგრედ წოდებული "ტაჯიკური დემოკრატიის" ნამდვილი სახე"-განაცხადა დოდოჯონ ატოვულოევმა.

ზალმაევისა და ატოვულოევის გარდა, ეუთოს სესიაზე 8 ივლისს გამართულ დისკუსიაში მრგვალ მაგიდასთან ასევე მონაწილეობდნენ: ყაზახეთის რესპუბლიკური ეროვნული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ამირჟან კოსანოვი, ყირგიზეთის პარლამენტის სოციალური რეფორმისა და შრომის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ადახან მადუმაროვი, თურქმენეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი ლტოლვილობაში ბორის შიხმურატოვი, და უზბეკეთის პარლამეტის ყოფილი წევრი, ხოლო ამჟამად ოპოზიციური პარტიის "ბირლიკის" თავმჯდომარის მოადგილე ფულად ახუნოვი.
XS
SM
MD
LG