Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უყურებენ დარბევას საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" დარბევას ოფიციალური და ოფიციოზური პრესაც გამოეხმაურა. ცალკეული პირების ნააზრევის კითხვისას ნათელი ხდება,

რომ ძალადობის არც ეს აქტი გახდა გაკვეთილი საზოგადოების ნაწილისათვის. ძალადობას აშკარა მხარდაჭერას არავინ უცხადებს, პირიქით, ყველა გმობს, მაგრამ გმობას თითქმის ყოველთვის თან ერთვის სიტყვა "მაგრამ" და გულწრფელობაც თავს სწორედ ამ სიტყვის შემდეგ იჩენს.

“თავისუფლების ინსტიტუტში” ახალი არაფერი მომხდარა: ასე არბევენ ჩვენში რელიგიურ უმცირესობებს. უფრო ადრე ასე და უარესად არბევდნენ ზვიადისტებს. ახლო წარსულში დარბეულთა შორის არიან მედია-ორგანიზაციებიც.

არასოდეს, არც ერთხელ, ამ დარბევებს ერთგვაროვნად არ გამოპასუხებიან. ყოველთვის იყვნენ ადამიანთა ჯგუფები თუ ცალკეული პირები, რომლებიც იწონებდნენ და ამართლებდნენ ძალადობას. იყო დრო, ოფიციალური მედია უყრუებდა ასეთ შემთხვევებს. დღეს კი ცუდად შეფარული მოწონებით ხვდება.

დარბევების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოსახატავად პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ: სიტყვა ეძლევა არა ოფიციალურ, არამედ კერძო პირს, რომელიც, რასაკვირველია, გმობს ძალადობას, მაგრამ იქვე ამართლებს და, თავისი ჭკუით, განმარტავს ძალადობის მიზეზს. ოფიციალური მედია, თითქოს, არაფერ შუაშია: ის სიტყვის თავისუფლების პრინციპის აღმსარებელია – ხომ უნდა დაუთმოს თავისი ეთერი თუ ფურცლები მოქალაქეებს აზრის გამოსათქმელად! აზრებს კი, აი ასეთს გამოთქვამენ: “ანგარიშსწორების ამ მიუღებელი ფაქტის წინაშე, ალბათ, არ დავდგებოდით (იგულისხმება “თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევა), თავის დროზე მეტი პრონციპულობა რომ გამოეჩინა საზოგადოებას და სახელმწიფოს და სათანადო შეფასება მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიმართ “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ განხორციელებული ძალმომრეობისა და აგრესიის აქტისთვის”. ადვოკატ შალვა შავგულიძის ამ სიტყვებს აქვეყნებს გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”. დასკვნა ერთია: ადვოკატი ერთმანეთისგან არ ასხვავებს ფიტულებსა და ცოცხალ ადამიანებს. “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრებმა დაწვეს ჯოხებზე ჩამოცმული ჩვრები, 10 ივლისს კი თავად (და არა მათი პირობითი გამოსახულებანი) შეიქნენ სისასტიკის მსხვერპლნი. აბა, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას” მოუსმინეთ: “რად გადაიკიდე მთელი საზოგადოება, რად ჩაიხუტე იეღოველობა, რად მილანძღ-მოლანძღე მწერლობა? ჯერ არ დამდგარა ის პერიოდი, როცა ყველაფერ ქართულს ზედ გადაუვლი და ყველაფერ უცხოურს გააფეტიშებ. როცა კანონი თავგასულს არ სჯის, როცა პროვოკატორს თუ შანტაჟისტს პასუხს არ სთხოვს, რა ქნას დაზარალებულმა? ბოღმა გადაყლაპოს? მიფურთხებული ჩამოიბანოს? ამას ყველა ვერ ახერხებს, ანგარიშსწორების თავისებურ მეთოდს ეძებს. ხანდახან პოულობს კიდეც”!

სხვა არაფერი მოსალოდნელი არ არის გაზეთისგან, რომელსაც ამ ხელისუფლების პოზიციისა და მიდგომების გამოხატვა ავალია. ეს არის ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც და, თუ გნებავთ, ოფიციალური განცხადებაც. მართალია, “საქართველოს რესპუბლიკა” გადასახადის გადამხდელი იმ ქართველების ფულითაც ფინანსდება, რომლებიც გამოქვაბულის ცნობიერების მქონენი არ არიან, მაგრამ ჩვენში მაინც ბევრია ადამიანი, ვისაც კაცის ცემა, სისხლი და ძარცვა გულზე სალბუნად ედება. ესენი არც სადისტები არიან და არც დამნაშავენი. უბრალოდ, ჩვენ მათ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
XS
SM
MD
LG