Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს პოლიტიკური პარტიების ერთობლივი გამოსვლა


დავით პაიჭაძე, თბილისი რას შეიძლება მოასწავებდეს პოლიტიკური პარტიების ამასწინანდელი შეკრება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში? გამოდგება თუ არა მათი შეთანხმება საიმედო,

ხოლო თანამშრომლობა - გრძელვადიანი და პროდუქტიული? რამდენად შეძლებენ ეს პარტიები წინააღმდეგობა გაუწიონ მათ მიერვე პოლიტიკის კრიმინალიზაციად წოდებულ საფრთხეს? რას ეფუძნება ამ პარტიების ერთობა? - შევეცადე მიმეღო ამ კითხვათა პასუხები.

გასული კვირის მიწურულს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის შეკრება და კონკრეტულ საკითხზე ერთიანი პოზიციით გამოსვლა მასმედიამ მიიღო როგორც არა მხოლოდ უბრალო ცხელი ამბავი, არამედ რაღაც ახლის დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში. ასე ერთ მაგიდასთან მსხდომი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ზურაბ ჟვანია, დავით გამყრელიძე, აკაკი ასათიანი და სხვები, კარგა ხანია, ჩვენს მოქალაქეებს არ უნახავთ. არადა, მოლოდინი თუ არა, ადამიანებში სურვილი მაინც ნამდვილად არსებობს, რომ პოლიტიკურ ძალებსა და პარტიებს შორის მეტი თანხმობა და სიახლოვე იყოს. ასეთ სურვილს, უწინარესად, განაპირობებს არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილება და ხელისუფლების სამომავლო ალტერნატიული ძალის ძიება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში შეკრებილ პირებს არ უთქვამთ, რომ ერთიანი ძალით ხელისუფლებაში მოსვლას ან მის შეცვლას აპირებენ. ამის მოლოდინი არც არავის აქვს. საგულისხმოა, რომ პარტიათა შეხვედრასა და შეთანხმებას რეფლექსური და რამდენადმე სპონტანური ხასიათი ჰქონდა: ის არ იყო გამოწვეული პარტიების ან მათი ლიდერების დიდი ხნის სწრაფვით, გამოენახათ ერთმანეთთან საერთო ენა. საამისო ბიძგი პოლიტიკურ ორგანიზაციათა ლიდერებს ისევ პრეზიდენტმა მისცა თავისი ყოფილი მოსისხლე მტრების ციხიდან გამოშვებით.

პოლიტიკით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, ვისაც კარგად ახსოვს 80-ანი წლების მიწურული და შემდგომი პერიოდი, იციან, რომ პოლიტიკური ჯგუფების არათუ გაერთიანება, უბრალო შეთანხმება ან საშუალოვადიანი თანამშრომლობა საქართველოში მიუღწეველ სიმაღლედ რჩება. ჩვენს უახლეს ისტორიაში არ არსებობს არც ერთი წარმატებული მაგალითი ასეთი თანამშრომლობისა. არშემდგარი ბლოკების, კავშირების, ალიანსების თუ, უბრალოდ, ურთიერთობების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, სულ უკანასკნელი კი, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მთავარ საარჩევნო სუბიექტთა შეკრება და არჩევნების დღეს თამაშის წესებზე შეთანხმებაა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, დაირღვა, სხვადასხვა კონკრეტული ინტერესის სასარგებლოდ.

ამდენად, პარტიების შეკრება და საჯაროდ განცხადება იმისა, რომ არ დაუშვებენ პოლიტიკის კრიმინალიზაციას, უკეთეს შემთხვევაში სკეპტიკური ოპტიმიზმით აღიქმება. ანალოგიებით მსჯელობა და დასკვნა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოვა, მცდარი იქნება, მაგრამ მოლოდინსაც, თითქოს 12 ივლისის შეხვედრით ქართულ პოლიტიკაში გარდატეხა მოხდება და ყბადაღებული "თამაშის წესები" შეიცვლება, ალბათ, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ჩემთან საუბარში ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც პარტიათა შეკრების მიზეზი - პოლიტიკის მოსალოდნელი კრიმინალიზაცია - გადაჭარბებულად და არასერიოზულად მიაჩნია, თუმცა დიალოგს მიესალმება [საყვარელიძის ხმა]: "ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოლოდინები ამ ფაქტის მიმართ მე, სამწუხაროდ, არ მაქვს, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე".

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სერიოზულად ამ შეხვედრას არც სხვა პოლიტიკური ძალები აღიქვამენ, რასაც აღორძინების, მოქალაქეთა კავშირის, მრეწველების, სოციალისტებისა და ლეიბორისტების იქ მიუსვლელობაც ადასტურებს. ჩემმა რესპონდენტმა ერთი თავისი შიშიც გამიმხილა [საყვარელიძის ხმა]: "ხომ არ არის ამ გაერთიანების ქვეტექსტი მძაფრი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, რომელიც "შემოდგომის ეფექტზე" იმუშავებს? თითქოს შემოდგომაზე დაიწყება დესტაბილიზაცია ხელისუფლების ვადამდე წასვლის მიზნით... მაშინ ეს გაერთიანება დესტაბილიზაციისთვის ხდება. არც ერთი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, თუ ის ევროპას უკაკუნებს კარზე, სასურველი არ არის ნებისმიერი ვადამდელი ნაბიჯი".

რამაზ საყვარელიძე იქვე შენიშნავს, რომ შეხვედრიდან ორიოდ დღეში მონაწილე პარტიათა ლიდერებმა უფრო მშვიდობიანი და კონსტრუქციული ინტონაცია აირჩიეს, რადგან არ ისურვეს, აგრესიული და მადესტაბილიზებელი მუხტი ჰქონოდა მათ ერთობლივ გამოსვლას. თუ სტაბილური ვითარება დაირღვა, არეულობა ამ პარტიებსაც გადაიყოლებს, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, პირიქით, მნიშვნელოვან მოვლენად აღიქვამს პარტიათა შეკრებას და შენიშნავს, რომ ერთ მაგიდას მიუსხდნენ, არსებითად, ერთი და იმავე - მემარჯვენე - ორიენტაციის პოლიტიკოსები და გასაკვირი ის არის, რომ აქამდე ვერ მოენახათ საერთო ენა და პოზიციები. თუმცა ამის ახსნაც იოლად შეიძლება მათი უმძრახობით და ცუდი პიროვნული ურთიერთდამოკიდებულებით. რამაზ კლიმიაშვილის აზრით, მთავარია, პარტიათა ერთობას ნეგატიური საფუძველი არ ჰქონდეს, როგორც ეს მოხდა გამსახურდიას დამხობის დროს, როცა ყველა მის წინააღმდეგ შეიკრა. მომავალი მათ ურთიერთობებს მხოლოდ მაშინ ექნება, როცა ისინი საერთო პოზიტიურ მიზანს დაისახავენ. ამ შემთხვევაში ასეთი მიზანი თითქოს ნაპოვნია -პოლიტიკაში კრიმინალის შემოჭრისათვის წინააღმდეგობის გაწევა. რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ მემარცხენე ორიენტაციის პარტიების უარი, მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე, შეკრებილ პარტიებს ბევრს არაფერს აკლებს, რადგან, მართალია, მათ რიგებს გაფართოება არ აწყენდა, მაგრამ საერთო იდეოლოგიური საფუძველი მაინც მნიშვნელოვანია სამომავლო მოქმედებისათვის. პოლიტიკაში ურთიერთობის ახალი წესების დამკვიდრებისას თუ რამ შეუშლის ხელს ამ პარტიებს, ეს არის წლების მანძილზე შენარჩუნებული უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

ფილოსოფიის დოქტორმა გიგი თევზაძემ კი სხვაგვარი ახსნა მოუძებნა პარტიათა ერთმანეთთან მისვლას: მათი საერთო შეცდომები. გიგი თევზაძის აზრით, ერთიანობას პარტიები შეინარჩუნებენ, სანამ ხელისუფლების საცდურს არ წამოეგებიან [თევზაძის ხმა]: "ისინი გაერთიანდნენ იმიტომ, რომ ნახეს: ყველა შეცდომა, რაც კი დაუშვეს, შემოუბრუნდათ. მაგალითად, ახლებს ეგონათ, რომ მოქალაქეთა კავშირი გახდებოდნენ, ჟვანიას შეცდომები ყველასთვის ცნობილია, სარიშვილიც ფიქრობდა, რომ რაღაც პოზიცია ექნებოდა შევარდნაძის ხელისუფლებაში. ყველა შეცდა და ახლა ეს შეცდომები რაღაცნაირად გაერთიანდა ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრობასა და ბოლოდროინდელ მოვლენებში (ვგულისხმობ ხაჩიშვილის გამოშვებასა და ა.შ.). ეს ერთიანობა იმდენად არის გრძელვადიანი, რამდენადაც მეორე მხარე ანუ ხელისუფლება დამარცხდება. ერთიანობა თუ ცოტათი მაინც შეინარჩუნეს, მეორე მხარე, ალბათ, ისევ დაიწყებს შეთავაზებებს: ვის ალიანსს შესთავაზებს, ვის გამგებლის ადგილს დაპირდება და ა.შ. ნათქვამია, სულელები ერთსა და იმავე შეცდომებს ბევრჯერ უშვებენო. ეს გამოაჩენს, პიროვნულად რამდენად სულელები არიან კოალიციაში გაერთიანებული ადამიანები, ვინ გაიქცევა პირველი ხელისუფლების დასტვენაზე".
XS
SM
MD
LG