Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილობაში მცხოვრები ერაყელი ოფიცრები სადამ ჰუსეინის დასამხობად ემზადებიან


ანდრო ეული, პრაღა გასული კვირის ბოლოს ლონდონის მახლობლად გაიმართა ლტოლვილობაში მცხოვრები ერაყელი ოფიცრების შეხვედრა,

რომლის 70-მდე მონაწილემ ერაყის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, დაამხონ პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ლტოლვილმა ოფიცრებმა განაცხადეს, ამასთანავე, რომ მათი მიზანია, ერაყში სამოქალაქო, დემოკრატიული რეჟიმი დამყარდეს. მას შემდეგ, რაც სამდღიანი შეხვედრა ლონდონის მახლობლად კვირას დამთავრდა, ლტოლვილ ოფიცერთა ახალი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულმა გენერალ-მაიორმა ტოფიკ ალ-იასირიმ კორესპონდენტებს უთხრა: ”პირობას ვდებთ, რომ მოვემსახურებით სამოქალაქო ოპოზიციას და ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ მასთან, რათა ფედერალურ, დემოკრატიულ ერაყში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს”.


ამდენად, ლტოლვილი ოფიცრების ამ შეხვედრით ერაყის ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადა, უკეთ წარმოაჩინოს თავისი პოტენციური შესაძლებლობა სადამ ჰუსეინის დამხობის საქმეში, მაშინ, როცა ვაშინგტონი სამხედრო აქციით ემუქრება ბაღდადს, თუ გაეროს განიარაღების კომისია არ განაახლებს ერაყში საქმიანობას. მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში უშედეგოდ დამთავრდა ამ საკამათო საკითხის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მოლაპარაკება ერაყის ლიდერებთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველა ღონეს იხმარს სადამ ჰუსეინის დასამხობად.

როგორც ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთის, ”ალ-ჰაიატის” კორესპონდენტმა ისმაილ ზაიერმა აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ამ სამდღიანი შეხვედრით ლტოლვილმა ოფიცრებმა შეატყობინეს ვაშინგტონს, რომ შემუშავებული აქვთ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის კონკრეტული პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერას იმსახურებს. ”ოფიცრებმა დაინახეს, რომ შეერთებული შტატები არაფერს ამბობს იმის შესახებ, კონკრეტულად როგორ განხორციელდება ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ და რა როლი უნდა შეასრულოს ამ საქმეში ერაყელმა ხალხმა, სამხედროებმა თუ მოსახლეობამ”, თქვა ისმაილ ზაიერმა და განაგრძო: [ისმაილ ზაიერის ხმა] ”ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციამ მნიშვნელოვანი შეტყობინება გაუგზავნა ამერიკელებს და უთხრა: ჩვენ აქა ვართ, მზადა ვართ გავიზიაროთ ნებისმიერი აზრი, მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერს, მაგრამ გვსურს წამოვაყენოთ ჩვენი თავლთახედვა ერაყის მომავალთან დაკავშირებით. და ეს ადამიანები, რაღა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისაგან პასუხს მოელიან”.

პარასკევს, 12 ივლისს, როცა ლონდონის მახლობლად ერაყელი ლტოლვილი ოფიცრების სამდღიანი კონფერენცია დაიწყო, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება ერაყელი ოფიცრების ძალისხმევას. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ერაყელი სამხედროების ამგვარ წარმომადგენლობით კონფერენციას. ვფიქრობთ, ეს დიდად დაეხმარება ერაყელთა სათვისტომოს დასახული მიზნის მიღწევაში, როცა ერაყელი ხალხი უკეთეს პირობებში იცხოვრებს სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ” – დასძინა რიჩარდ ბაუჩერმა.

ოფიციალური პირები ვაშინგტონში ვერ შეთანხმებულან, რა როლი უნდა შეასრულოს ოპოზიციამ სადამ ჰუსეინის დამხობის საქმეში; ერთნი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია აქტიურად უნდა ჩაებას სამხედრო ოპერაციებში, სხვების აზრით კი ოპოზიცია მეორეხარისხოვანი, დამხმარე ფუნქციით უნდა შემოიფარგლოს. შეხვედრას, რომელიც გასული კვირის ბოლოს გაიმართა ლონდონის მახლობლად, ესწრებოდნენ ოფიცრები, რომლებსაც ერთ დროს ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ ერაყის შეიარაღებულ ძალებში, მაგალითად გენერალ-მაიორები: ნაჯიბ ალ-საჰლი და საად ობეიდი. ხოლო გენერალ-მაიორი ვაფიკ ალ-სამარაი, რომელიც უწინ ერაყის შეიარაღებული ძალების სადაზვერო უწყების უფროსი იყო, და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ნიზარ ალ-ხაზრაჯი, ხსენებულ შეხვედრას არ დასწრებიან. გენერალ-მაიორმა სამარაიმ კუვეიტის ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხრეა სადამ ჰუსეინის დამხობისა სახელმწიფო გადატრიალების გზით, მაგრამ ლონდონში გამართული შეხვედრის მონაწილე ოფიცრებმა უარყვეს ამგვარი ტაქტიკა.

ბევრისათვის მოულონელი აღმოჩნდა ხსენებულ შეხვედრაზე იორდანიის მეფის, აბდულას ბიძის, პრინც ჰასანის დასწრება, ვინაიდან ამანს იმთავითვე გაუმართლებლად მიაჩნდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის განხორციელება.

იმ დროს, როცა ერაყელი ოფიცრები ლონდონის მახლობლად თათბირობდნენ, ცალკეული არაბული ქვეყნები, აგრეთვე, ირანის ლიდერები წინააღმდეგი გამოვიდნენ ერაყის მიმართ სამხედრო აქციის განხორციელებისა. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ კვირას, ამანში, განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ვერ დაუჭერს მხარს ერაყზე ან რომელიმე სხვა არაბულ სახელმწიფოზე თავდასხმას. ხოლო ირანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აიათოლა მაჰმუდ ჰაშემი-შაჰრუდიმ პრესკონფერენციაზე, დამასკოში, გააფრთხილა ერაყის ოპოზიციის ლიდერები, ამერიკელების ანკესს ნუ წამოეგებითო.
XS
SM
MD
LG