Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობათ. ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გამოშვება


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობათ. ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გამოშვება,

მთლიანად, ერთ თემას, ისტორულ ჰერეთს, საინგილოს, ანუ აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებული ამ კუთხის ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შეეხება. ბოლო ათწლეულის სიმძიმემ საქართველოს მოსახლეობას თავისი ინგილო თანამემამულეები თითქმის დაავიწყა. მთელი ამ ხნის მანძილზე საინგილოს ქართველობას ცალკეული ადამიანების მონდომებით ჩატარებული ღონისძიებები თუ გვახსენებდა. ამ ადამიანთა შორისაა საინგილოს მკვიდრი გოდერძი ოთარაშვილიც. მისი თაოსნობით, "ახაგაზრდული კავშირი - ჰერეთი" ცდილობს საინგილოდან ქართველი ბავშვები ყოველწლიურად საქართველოში ჩამოიყვანოს დასასვენებლად, საქართველოდან საინგილოში კი ქართველი საზოგადო მოღვაწეები ჩაიყვანოს. საინგილოს პრობლემები ჩვენც გოდერძი ოთარაშვილმა შეგვახსენა. მაინც რა ხდება იქ? ამ შეკითხვის ძალიან მოკლე პასუხი არის ის, რომ იქაურობა ქართველებისგან იცლება. ამაზე ქვემოთ. მანამდე კი, ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე -ისტორიული ჰერეთისა და დღევანდელი აზერბაიჯანის შესახებ. ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძეს ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე ესაუბრება.

ინტერვიუ მარიამ ლორთქიფანიძესთან:

დღევანდელი აზერბაიჯანის კუთვნილი საინგილო სამ რაიონს - კახის, ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებს მოიცავს. სამივე რაიონის ძირძველ მოსახლეობას ქართველები, ინგილოები, წარმოადგენენ. ტერმინი "ინგილო" კი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან ჩნდება, იმ დროიდან, როცა საქართველოს ეს მხარე მუდმივი შემოსევების გამო ქართველებისგან იცლებოდა, როცა ადგილზე დარჩენილები იძულებულები ხდებოდნენ რჯული შეეცვალათ. ინგილო, სიტყვასიტყვით, მაჰმადის რჯულზე ახლად მოქცეულს ნიშნავს. დღევანდელი საინგილოს მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გვერდით აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და, საბედნიეროდ, არც ზაქათალის და ბელაქნის მაჰმადიან ქართველებს დ არც კახის რაიონის მართლმადიდებელ ქართველებს ამავე ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებები არ ჰქონიათ. ამ მხრივ, პრობლემა დღესაც არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ არსებობს.

[გოდერძი ოთარაშვილის ხმა] "იქ არიან აზერბაიჯანელებიც, ქართველებიც. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. იქაური აზერბაიჯანელები კარგი ხალხია. მეგობრობაც იციან, მეზობლობაც, მაგრამ პოლიტიკაა რთული. არც ერთი ქართველი არ არის თანამდებობაზე. მათ არა აქვთ მუშაობის არავითარი პირობები, იმიტომ რომ ქართველები არიან. ეს აშკარად არის გამოხატული. ამის შესახებ აზერბაიჯანშიც კარგად იციან და აქაც, საქართველოში."

ორგანიზაცია " ჰერეთის" თავმჯდომარის გოდერძი ოთარაშვილის თქმით, სწორედ ეს პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ საინგილო ქართველებისგან იცლება. პროცესი კი გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიხურა საინგილოს ტერიტორიაზე მოქმედი ქართული სკოლები. შედეგად, ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში ქართული ენა 40 წელს გადაცილებულმა ქართველებმა თუ იციან. მათ ურჩევდნენ, შვილები აზერბაიჯანულ სკოლებში შეეყვანათ. ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება. როგორც გოდერძი ოთარაშვილი ამბობს:" აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლე ქართველებს ბაქოს უნივერსიტეტში ლიმიტებს პირდებიან. ამ მიდგომით ხდებოდა და ხდება ამ ხალხის აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ასიმილაცია. ვინც ამ ასიმილაციაზე უარს იტყვის, იქ არ დაედგომება. კახის რაიონში ქართული სკოლები მოქმედებს, მასწავლებლების და სასწავლო წიგნების პრობლემაც არ არის, მაგრამ ამ სკოლების კურსდამთავრებულებს სწავლის გაგრძელების და მუშაობის დაწყების პერსპექტივა არა აქვთ."

[გოდერძი ოთარაშვილის ხმა] "ქართველი ახალგაზრდები, სამწუხაროდ, იქ აღარ არიან. ყველანი წამოსულები არიან აქეთ, საქართველოში, ზოგი სასწავლებლად, ზოგი - სამუშაოდ, ზოგი - რუსეთში წავიდა. ვინც არიან იქ, ესენი არიან სკოლის ასაკის ბავშვები, მცირე პროცენტი - ახალგაზრდები, რომლებმაც ოჯახები შექმნეს, და ხანდაზმულები. იმ პირობების გამო, რაც საინგილოშია შექმნილი, იქაურობა ქართველებისგან იცლება. ეს ხდება მშვიდობიანი ომით."

ორგანიზაცია " ჰერეთი", რომელსაც გოდერძი ოთარაშვილი ხელმძღვანელობს, 1994 წლიდან არსებობს და მთლიანად საინგილოს ქართველების პრობლემებით არის დაკავებული. მის წარმომადგენლებს საქართველოში შემწედ რეზო ჩხეიძის მიერ დაფუძნებული "ყოველთა ქართველთა კონგრესი" ეგულებათ. მხარში დგომას საქართველოს პრეზიდენტის აპარატისგანაც გრძნობენ. მადლიერები არიან იმის გამო, რომ, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, კახის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეცა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემებს ადევნოს თვალყური. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ტელევიზია საინგილოს ამ ნაწილში ორი წელია ვრცელდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. "როცა შენი ხალხისგან არ გრძნობ თანადგომას, ვერც სხვა ხალხისგან იგრძნობ. ნახეთ, როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები საქართველოში, მათ 164 აზერბაიჯანული სკოლა აქვთ. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ საინგილოს ქართველებსაც უნდა ჰქონდეთ ანალოგიური პირობები. ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობას საინგილოს პრობლემებისთვის ყურადღება მიექცია," -ამბობს გოდერძი ოთარაშვილი და დასძენს:

[გოდერძი ოთარაშვილის ხმა] "რიგითი აზერბაიჯანელები და ქართველები დიდ მეგობრობაში არიან და ეს ასეც უნდა იყოს. ისინი გულღია ხალხია, მეგობრული ხალხია. სტუმარმასპინძლობაც იციან და მეგობრობაც. არავითარი პრეტენზია არ არსებობს იმ მხრივ, რომ აზერბაიჯანელები მტრულად გვიყურებენ. ეს ასე არ არის. არის პოლიტიკური ზეწოლა, ეტყობა, იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ბაქოდან პრეზიდენტის რამდენიმე მრჩეველი უნდა ახორციელებდეს. ეტყობა ფიქრობენ, თუ ამ ხალხს დროზე გავყრით აქედან, თუ დროზე დავცლით საინგილოს ქართველებისგან, შემდგომში პრობლემები აღარ გვექნებაო."

ორგანიზაცია "ჰერეთის" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში საინგილო ქართველებისგან სრულიად დაიცლება და ამის შემდეგ, მეგობარ ქართველებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან სალაპარაკო აღარ ექნებათ. გოდერძი ოთარაშვილს მიაჩნია, რომ პრობლემა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ყურადღებას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG