Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დაახლოებით ნახევარი წლის წინ თბილისში ჩავიდა შვედეთის მოქალაქე მარინა ცხონდია, რომელიც კომპიუტერული ფირმის მფლობელია.

იგი კომპიუტერული ბიზნესის ბაზარს სწავლობდა და საკუთარი ფირმის წარმომადგენლობის გახსნას აპირებდა საქართველოში. სამწუხაროდ, ქალბატონ მარინას სტუმრობა უიღბლო აღმოჩნდა – რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს 35 ათას დოლარად ღირებული უკანასკნელი მოდელის “მერსედესი”, რომელიც ფირმის საკუთრებას წარმოადგენს. გესაუბრებით ამ დანაშაულის გარშემო.

თბილისში მარინა ცხონდიას ვაკეში აქვს ბინა. 14 ივლისს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, იგი თავის მეგობარ ქალთან ერთად შინ დაბრუნდა. საკუთარ ავტოფარეხთან გააჩერა “მერსედესი”. ამ დროს ოთხი ნიღბიანი ახალგაზრდა დაესხა თავს და იარაღის მუქარით და ძალის გამოყენებით მანქანა დაატოვებინეს. როგორც დაზარალებული იხსენებს, [ცხონდიას ხმა] “საშინელი სიჩქარით გააქანეს მანქანა, ჩემი მეზობლები ხმაურზე გამოვიდნენ და ერთი მეზობელი მანქანით დაედევნა, მაგრამ სანაპიროზე უკვე ამ მანქანის დაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა”.

სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალბატონი მარინა გვიან დაბრუნდა შინ, ამიტომაც ფიქრობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდენ.
მომხდარის შესახებ პოლიციამ თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მიიღო ინფორმაცია, ოპერატიულადაც მოქმედებდა, ერთხანს დაზარალებულთან ერთად ეძებდა მანქანას, მაგრამ ამაოდ.
ვაკის რაიონის პოლიციაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 22 ივლისს მარინა ცხონდია შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა “მერსედესის” გატაცების საქმე.
დაზარალებულის ვარაუდით, მანქანის გატაცება შეკვეთით მოხდა.[ცხონდიას ხმა] “მით უმეტეს, რომ იმ დღეს, როცა “ტეკებზე” ვიარეთ, ჩემი მანქანის გარდა, კიდევ ოთხი “ბე-ემ-ვე” გაუტაციათ. პოლიციაც შეშფოთებულია იმით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაიკარგა საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში. ვისაც კი ნორმალური მანქანა აქვს, ყველას პარავენ”.

საინტერესოა, რომ მომხდარის შემდეგ მარინა ცხონდიამ შეისწავლა მანქანების ე.წ. შავი ბაზრის მდგომარეობა თბილისში და დაადგინა, რომ მოპარული “მერსედესის” ფასი, დაახლოებით, 12-14 ათასი დოლარის ფარგლებში უნდა იყოს. გატაცების შემდეგ გარკვეული თანხა იხარჯება ძრავისა და შასის ნომრების გამოცვლაზე, მანქანის გადაღებვაზე და ა.შ. როგორც წესი, მოპარულ მანქანას თბილისში არ ყიდიან, - ცდილობენ, რომ მეზობელ რესპუბლიკებში ან აფხაზეთში გადაიყვანონ. თუმცა, დაზარალებულის ინფორმაციით, გატაცებული “მერსედესი” თბილისიდან არ გასულა.
აქვს თუ არა მარინა ცხონდიას მანქანის დაბრუნების იმედი?
[ცხონდიას ხმა] “იმედი მაქვს და ყველას ვთხოვ, თუკი ვინმემ რამე იცის ჩემი მანქანის შესახებ, შემატყობინოს, - მე მათ დავასაჩუქრებ”.

გატაცების ერთ-ერთ ვერსიასთან დაკავშირებით, მარინა ცხონდია ამბობს: [ცხონდიას ხმა] “გატაცებული მანქანების უმრავლესობა უცხოელებს ეკუთვნის. ვიღაცას არ სიამოვნებს, რომ უცხოელები ჩამოდიან და ინვესტიციებს დებენ საქართველოში, ვიღაცა იბრძვის იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები უცხოელი ჩამოვიდეს. ვინ არის ეს პიროვნება ან ჯგუფი, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, ასეთი რამ - ყოველ შემთხვევაში, ხუთი წლის წინ - არ ხდებოდა”.

აქვე მარინა ცხონდია იხსენებს 1997 წელს, როცა საქართველოში გაიხსნა შვედეთის საავტომობილო კომპანიის “ვოლოვოს” წარმომადგენლობა, სადაც იგი გაყიდვის მენეჯერად მუშაობდა. პრეზენტაციიდან ნახევარი წლის შემდეგ ცხონდიას ბინაში შეიარაღებული ყაჩაღები შეცვივნენ, სასტიკად სცემეს მასპინძელს, გაძარცვეს ის და თან “ვოლოვოს” წარმომადგენლობის კონტრაქტიც გაიყოლეს. ამის შემდეგ “ვოლოვოს” წარმომადგენლობამ მუშაობა შეწყვიტა.
მარინა ცხონდიას თქმით, დღევანდელი ვითარება გაცილებით უარესია, უცხოელები უკვე ქუჩაში სიარულსაც არიდებენ თავს, მაგრამ მანქანით გადაადგილებაც თურმე არანაკლებ საშიში ყოფილა.
XS
SM
MD
LG