Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ აბსანძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 24 ივლისის გადაცემაში რადიო “თავისუფლებამ” ისაუბრა თენგიზ ასანიძის სარჩელზე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში ითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას.

მეორე – არანაკლებ გახმაურებული – საქმე, რომელმაც ასევე ევროსასამართლომდე მიაღწია, გურამ აბსანძესთან არის დაკავშირებული. გურამ აბსანძის სარჩელი ერთ-ერთია იმ ხუთი საქმიდან, რომელთა შესახებაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისგან და რომლის მიმოხილვაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაგზავნა ევროპული სამართლის დედაქალაქში.

გურამ აბსანძის ადვოკატებმა ევროსასამართლოს პირველად 3 წლის წინ, 1999 წელს, მიმართეს. მას შემდეგ სარჩელი პერიოდულად ივსებოდა და ზუსტდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო დროდადრო ახალ-ახალ დარღვევებს უშვებდა. სტრასბურგში გურამ აბსანძის ოფიციალური წარმომადგენელი მოსკოველი ადამიანის უფლებების დამცველი ელენე ლებედევაა, სარჩელის შედგენაში კი მისი ქართველი ადვოკატები მონაწილეობდნენ. როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, სარჩელი ევროკონვენციის მესამე, მეხუთე და მეექვსე მუხლების დარღვევას შეეხება. კერძოდ, კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, არავინ არ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი, კონვენციის მეხუთე მუხლი უკანონო დაკავების წინააღმდეგ არის მიმართული, კონვენციის მეექვსე მუხლი კი სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს: [სოსო ბარათაშვილის ხმა] “ევროპის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ თავის დროზე გურამ აბსანძე ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან საქართველოში, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შემდგომში მთლიანად დაადასტურა როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ისე სასამართლო პროცესმა. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, ეს არის დარღვევები წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების სტადიაზე. შემდგომში უზენაესმა სასამართლომ 64 ბრალდება მოუხსნა გურამ აბსანძეს და დაუტოვა მხოლოდ ერთი მუხლი – 93 წლის ეპიზოდში. ამ ეპიზოდშიც კი სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც მან დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება, წარედგინა მტკიცებულებები სწორედ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელშიც შემდგომში ბრალი დასდეს აბსანძეს. აქედან გამომდინარე, დაირღვა ევროპის კონვენციის მეექვსე მუხლის მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს თაობაზე და სწორედ ეს მოთხოვნა რჩება დღეისათვის ძალაში.”

გურამ აბსანძის კონკრეტული მოთხოვნა ასეთია: ცნოს ევროპის სასმართლომ, რომ დაირღვა კონვენციის ხსენებული მუხლები და სახელმწიფომ აუნაზღაუროს გურამ აბსანძეს ის მატერიალური და მორალური ზარალი, რაც მან უკანონო პატიმრობის გამო განიცადა. რაც შეეხება თანხის მოცულობას, რომლის გადახდაც, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპულმა სასამართლომ შეიძლება დააკისროს საქართველოს სახელმწიფოს, წინასწარ არ არის ცნობილი და, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს გენერალური სამსახურის მრჩეველი ბესარიონ ბუხაშვილი განმარტავს, სასამართლო ამის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს: [ბესარიონ ბუხაშვილის ხმა] “აბსოლუტურად არ არის განსაზღვრული და განისაზღვრება ევროპული სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ფაქტებისა და პირობების შესწავლიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ყველაფერი მიიღება მხედველობაში – დაკავების პირობა, თუ რა მუხლთან დაკავშირებით აქვს პიროვნებას შეტანილი, თუ რა მუხლის დარღვევა დაფიქსირდა ამ კონკრეტულ საქმეში და ასე შემდეგ.”[სტილი დაცულია]

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გაიმართება ამ საქმის მოსმენა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში უკვე გაგზავნა მოზრდილი შესაგებელი: [სოსო ბარათაშვილის ხმა] “ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მომზადდა საკმაოდ ვრცელი შესაგებელი ჩვენს სარჩელზე, ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები სარჩელმა გაიარა და მივიდა იმ დონემდე, როცა სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს სარჩელს.”

როდესაც არ უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული ევროპულ სასამართლოში შეტანილ საქმეებთან დაკავშირებით, ერთი რამ ცხადია: ყოველი წაგებული საქმე საქართველოს ბიუჯეტს მძიმედ დააწვება და იქნებ საქართველოს სასამართლოებსაც უბიძგოს, მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ გადაწყვეტილებებისა თუ განაჩენების გამოტანის დროს.
XS
SM
MD
LG