Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევაში ეჭვმიტანილს სასამართლო პოლიციის ზედამხედველობას უფარდებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 25 ივლისს, საოლქო სასამართლო განიხილავდა "თავისუფლების ინსტიტუტის" დარბევაში ეჭვმიტანილი გიორგი დოიჯაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად სამთვიანი

წინასწარი პატიმრობის მოხსნა-დატოვების საკითხს. ეჭვმიტანილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი თავისი კლიენტის გათავისუფლებას ითხოვდა. ამასთან, პირობას დებდა, რომ აუცილებლად ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან. საკითხის განხილვისას საოლქო სასამართლოს ეზოს დოიჯაშვილის მხარდასაჭერად ვასილ მკალავიშვილის მომხრეებმა მიაშურეს, კარგად ნაცნობი ტრანსპარანტებით.

“თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევაში ეჭვმიტანილ გიორგი დოიჯაშვილს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში უკვე მიუსაჯეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. მოსამართლე მამუკა ნოზაძის ამ გადაწყვეტილებას საოლქო სასამართლოში 22 ივლისიდან ასაჩივრებს ეჭვმიტანილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი. 25 ივლისს საოლქო სასამართლოს ეზოში თავმოყრილ მოქალაქეებს კარგად ჰქონდათ დაცდილი ამ ფორმით ეჭვმიტანილის მხარდაჭერა: რამდენიმე თვის წინ ვასილ მკალავიშვილის მომხრეები ასევე შეიკრიბნენ იმავე ეზოში და აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ თავიანთი სულიერი მამისა თუ ლიდერის წინასწარ პატიმრობაში აყვანას. იმხანად საქმე პირიქით იყო: მკალავიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, ხოლო განკვეთილ მღვდელყოფილს ისევ ქართლოს ღარიბაშვილი იცავდა, რომელიც მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მეგაფონში მიანიშნებდა საჭიროებას, გარკვეულიყო მოსამართლე ჯორბენაძის აღმსარებლობითი და ეროვნული კუთვნილების საკითხი. ძნელი სათქმელია, მოსამართლეზე დაცვის არგუმენტებმა იმოქმედა, ბრალმდებელი მხარის უნდილმა დამოკიდებულებამ საქმისადმი თუ მკალავიშვილის მომხრეთა ასეულმა, ფაქტია: მან სამი პოლიციელის გვემისა და გაშიშვლების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ პირს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა. ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ სატელეფონო სამართლისა და სასამართლოზე ზეწოლის შესახებ. საინტერესოა, ჩაითვლება თუ არა სასამართლოზე ზემოქმედების ფორმად “სამეგაფონო სამართალი”, ანუ სასამართლოს ფანჯრებთან მრავალი ადამიანის დგომა და რუპორით მუქარისა და აგრესიულ შეტყობინებათა გზავნა სასამართლოს მიმართულებით.

უმკალავიშვილოდ საქმე არც ახლა წარიმართა: ვასილ არშაკის ძე თავადაც გამოცხადდა საოლქო სასამართლოში და თქვა, თუ ეჭვმიტანილს წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, ჩვენ თავად შევეცდებით მის გათავისუფლებასო. ამ ფონზე ჩვეულებრივად მოჩანს მარგინალურ გაერთიანება “ქეთევან წამებულის საზოგადოების” თავმჯდომარის იზოლდა ჭილაძის განცხადება, რომ ის მხარს უჭერს “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრების ცემას და სთხოვს შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილსა და გენპროკურორ ნუგზარ გაბრიჩიძეს, დააპატიმროს იგი, იზოლდა ჭილაძე, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი დოიჯაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად სამთვიან წინასწარ პატიმრობას დაუტოვებენ.

ყველა ამ პირობას თუ მუქარას 25 ივლისს ასრულება არ ეწერა, რადგან საოლქო სასამართლომ გააუქმა ვაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დოიჯაშვილს აღმკვეთი ღონისძიება - სამთვიანი პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალა. ეს განჩინება გამოიტანა მოსამართლე იური გაბისონიამ. ეჭვმიტანილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი არ მალავდა გადაწყვეტილებით მოგვრილ კმაყოფილებას. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ისეთი მოსამართლეები, როგორიც გაბისონიაა, თქვა ღარიბაშვილმა და ჩემს კითხვას, მოსამართლემ გაითვალისწინა მხოლოდ დაცვის არგუმენტები თუ თავისი მოტივებიც ჰქონდა ეჭვმიტანილის წინასწარი დაკავების საკნიდან გამოსაშვებად, უპასუხა [ღარიბაშვილის ხმა]: “ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინა: დაკავების დროს იყო პროცესუალური დარღვევები. უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი დაკითხვების დროს; დაზარალებულებმა ვერ ამოიცნეს ეჭვმიტანილი, მეტიც, თქვეს, რომ თავდასხმის დროს ის არ უნახავთ. არასწორად იყო ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და ა.შ.”
XS
SM
MD
LG