Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საველე მეთაურები ავღანეთის უსაფრთხოებას აფერხებენ


ავღანეთის უხუცესთა საბჭოს, ლოია ჯირგის დასრულების შემდეგ, რომელმაც ხუთი კვირის წინათ ჰამიდ კარზაი დაამტკიცა პრეზიდენტად, კვლავ თავი იჩინა შეიარაღებულმა შეტაკებებმა ქვეყნის სხვადასხვა

ჩეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. თითოეული ასეთი კონფლიქტი ლოკალური ხასიათისაა, მაგრამ ნათელყოფს, რომ ავღანეთის გარდამავალი მთავრობა და მისი შეიარაღებული ძალები სრულად ვერ აკონტროლებენ ქვეყანაში ვითარებას. საველე მეთაურების ხანა ავღანეთში კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

სამწუხარო რეალობაა: კარზაის ცენტრალურ მთავრობას იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ თუნდაც ერთ ცალკეულ საველე მეთაურს და მის რაზმს გაუმკლავდეს. საველე მეთაურების მხრიდან მომდინარე საფრთხეზე უკვე კარგა ხანია მიუთითებს ადამიანის უფლებათა დამცველი ამერიკული ორგანიზაცია ”ჰიუმენ რაიტს უოჩი”. როგორც მისი აზიის განყოფილების დირექტორმა, მაიკ იენდრჟეიჩეკმა განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რონ სინოვიცს, ორგანიზაცია იმედგაცრუებულია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურად არ იღო მისი გაფრთხილებები.

[იენდრჟეიჩეკის ხმა] ”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საველე მეთაურების გააქტიურებით ავღანეთის ფაქტობრივად ყველა ნაწილში, განსაკუთრების ჩრდილოეთსა და დასავლეთში. ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო სამოქალაქო მთავრობის სტაბილურობას, არამედ შინდაბრუნებულ ლტოლვილებსა და ადგილნაცვალ პირებს. ცხადია, ეს სერიოზულად აფერხებს აღდგენით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას”, განაცხადა იენდრჟეიჩეკმა.

”ჰიუმენ რაიტს უოჩის” მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ საველე მეთაურების პარპაშს ნაწილობრივ საერთაშორისო გარემოებები განაპირობებს.

მაგალითად, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურს ქაბულში სამშვიდობო ძალების განთავსება. მეორე მიზეზია შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობა ამა თუ იმ რეგიონის საველე მეთაურთან. ეს მრავალ ავღანელს უქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს საველე მეთაურები შეერთებული შტატების მხარდაჭერით სარგებლობდნენ. გარდა ამისა არსებობს იმის დამადასტურებული საბუთები, რომ საველე მეთაურებს ირანი და პაკისტანი ეხმარება.

უკანაკნელი შეტაკებები ჰერათისა და ფარას პროვინციებში მოხდა. მასში მონაწილეობდნენ ჯარები, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ბონში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არ დაპირისპირებიან ერთმანეთს. ერთ-ერთ საველე მეთაურს, ისმაილ ხანს, 30 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ბრძოლები მიმდინარე კვირაში დაიწყო. საგულისხმოა, რომ მხარეთა მიზანია ყანდაარისა და ჰერათის დამაკავშირებელ სატრანსპორტო კორიდორზე კონტროლის დაწესება. ეს რეგიონი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ აქ დაგეგმილია თურქმენეთიდან მომავალი ნავთობსადენის გაყვანა.

ისევ და ისევ დგება ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხი. მაგრამ ჯერჯერობით არავის სურს ეს. დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა უკვე გამოხატა ამ საკითხში თავისი პოზიცია. ისინი ფინანსური დახმარების გაღებას უფრო უჭერენ მხარს.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ნეგროპონტიმ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: [ნეგროპონტეს ხმა] ”გარდამავალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას წარმომადგენლობითი მრავალეროვანი და აპოლიტიკური თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული არმია, რომელიც ყველა ავღანელის სახელით იმოქმედებს. ავღანელებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა აღარ განმეორდეს ამასწინანდელი ძალადობა ქვეყნის ჩრდილოეთში და უნდა შეწყდეს ძალადობისადმი შემწყნარებლობა, რამაც ვიცე-პრეზიდენტ ჰაჯი ყადირის მკველობაში ჰპოვა ასახვა”, თქვა ჯონ ნეგროპონტიმ.

ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ამჟამად მხოლოდ 1200 გაწვრთნილი ჯარისკაცი ჰყავს და ჯარის რაოდენობის ზრდა ძალზე ნელა ხდება ფინანსების უქონლობის გამო. საქმეს ართულებს ისიც, რომ ანტიტერორისტულ შენაერთებს, რომელთაც შეერთებული შტატები ამზადებს, გაცილებით მეთ თანხას უხდიან. ამიტომ მოხალისეები იქ სამსახურს უფრო ეტანებიან, ვიდრე ეროვნულ არმიაში.
XS
SM
MD
LG