Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ შევარდნაძის პასუხი ევროკავშირის კრიტიკაზე


სოზარ სუბელიანი, თბილისი 27 ივლისის გადაცემაში რადიო “თავისუფლებამ” უკვე ისაუბრა ევროკავშირის განცხადებისა და იმ კომენტარის შესახებ, რომელიც ამ განცხადების პასუხად საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მკაცრად დაგმო საქართველოში სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტები და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, როგორც ევროსაბჭოსა და ეუთოს წევრმა ქვეყანამ, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკვე თავად გასცა პასუხი ევროკავშირის განცხადებას, თუმცა პრესცენტრის აგრესიული კომენტარისგან პრეზიდენტის პასუხი მხოლოდ ტონით განსხვავდება და არა პათოსით.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა თავის კომენტარში, ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პირდაპირ განუცხადა – საქართველოს შეეშვით და თქვენს თავს მიხედეთო. პრეზიდენტ შევარდნაძეს, საკუთარი პრესსამსახურისგან განსხვავებით, არ ავიწყდება, რამდენად გავლენიანი სტრუქტურაა ევროკავშირი: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ყურადღებით და კეთილგანწყობით გავეცანით ევროკავშირის ამ განცხადებასაც, რომელიც, მთლიანობაში, მაინც კონსტრუქციული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება განისაზღვრება იმ კეთილისმყოფელი როლით, რაც ევროკავშირმა შეასრულა უკანასკნელი წლების განმავლობაში – ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ისე ეკონომიკურ დახმარებას”.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის პასუხი სრულებით არ ასახავს იმ რეალობას, რომელმაც ევროკავშირის განცხადების უაღრესად მკაცრი ტონი განაპირობა. შეგახსენებთ ამ განცხადების ერთ ფრაზას: “მარცხი, რომელიც ხელისუფლებამ განიცადა, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე.”

შევარდნაძე აღიარებს, რომ საქართველოში ადამიანების მოტაცება, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეებისაც, ჩვეულებრივ ამბად იქცა, სამაგიეროდ, არ აღიარებს სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ შეძლეს ახლად შექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვისა და რწმენის თავისუფლების დამკვიდრება და ეს სულაც არ არის ცოტა. მე, როგორც პრეზიდენტს, მეამაყება, რომ პირადად შევიტანე წვლილი დემოკრატიულ ღირებულებათა გამარჯვებაში. ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოში არსებობს სრულიად თავისუფალი მასმედია, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა სოციალურ ჯგუფს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსი.”

შევარდნაძის ამ კომენტარში ორი აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. ჯერ ერთი, სრულიად ცინიკურად ჟღერს პრეზიდენტის განცხადება, თითქოს საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსი. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, რომლის არსებობაც პრეზიდენტს თავის უპირველეს დამსახურებად მიაჩნია, უნდა ითქვას, რომ დღეს იგი თავად ცდილობს ამ “დამსახურების” ანულირებას, როდესაც იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტის დავალებით, სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას და ცილისწამებისთვის ხუთწლიანი პატიმრობის ვადის დაწესებას ითხოვს.

პრეზიდენტის კომენტარში კიდევ ერთი ტენდენცია გამოჩნდა, რასაც შევარდნაძე ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ჩვენს საზოგადოებას კვლავინდებურად მძიმე წნეხად აწევს ტოტალიტარული მემკვიდრეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოებრივი დიალოგის კულტურის დეფიციტი, რისი შედეგიცაა შეუწყნარებლობა, ზოგჯერ აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული მრწამსისა და აზრის მიმართ. აქვე შევნიშნავ: როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებრივ უთანხმოებასთან, ეს პრობლემა, სტრატეგიული თვალსაზრისით, მხოლოდ დიალოგის და საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, საზოგადოება კი ამ კონსენსუსის საფუძველზე იმოქმედებს.”

ამ კომენტარით პრეზიდენტი, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ექსტრემიზმთან ბრძოლასა და თავისი მოქალაქეების დაცვაზე.

დაბოლოს: როცა კანონმდებლობის განმტკიცებაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტი არ გულისხმობს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიამ მისცა. კომისია კატეგორიულად ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, ცალკე გამოყოს ის დანაშაული, რომელიც ექსტრემიზმის ნიშნით არის ჩადენილი და ამით განასხვავოს იგი უბრალო ხულიგნობისაგან.
XS
SM
MD
LG